''დედის საფლავზე დაკარგული ძმა ვიპოვე''...

აღდგომის მეორე დღეს თითქმის ყველა წინაპართა საფლავების მოსანახულებლად და მათთვის პატივის მისაგებად სასაფლაოზე მიდის. რთულია ამ ადგილიდან ისე დაბრუნდე, რომ ერთხელ მაინც არ მოგადგეს თვალზე ცრემლი ან არ იტირო. სევდა თითქმის მთელი დღის განმავლობაში მიგყვება. თუმცა წელს სასაფლაოზე მისული ქალბატონი იზა უზომოდ გაბედნიერდა...

- დედა მამაზე რვა წლით უფროსი გახლდათ. წარმოიდგინეთ, შეუღლების დროს ძველად რამხელა წინააღმდეგობა შეხვდებოდათ. მაშინ კი არა, მშობლები ახლაც ვერ ეგუებიან ასეთ შემთხვევებს. თურმე მამაჩემს დედამისმა უთხრა, თუ მაგ ქალს ცოლად შეირთავ, ჩვენი სახელი აღარ ახსენო და სადაც გინდა იქ იცხოვრეთო. ნივთები ჩაულაგა და ჩემოდანი სადარბაზოში გადგა. მამა მშობლის ამგვარ საქციელს არ შეუშინდა. ბინა იქირავა და დედაჩემი იქ მიიყვანა. ორ წელიწადში მე გავჩნდი, შემდეგ ჩემი ძმა. სამწუხაროდ, ჩემი ძმა ოთხი წლის ასაკში დაიღუპა. რაღაც კუჭ-ნაწლავის დავადება შეხვედრია და ექიმებმა ვერაფერი უშველეს. ამ ამბავმა დედა ძალიან მოტეხა. ჩემს მიმართაც რაღაცნაირი აგრესია გაუჩნდა. იმ დროს უკვე იმ ასაკში ვიყავი, რომ ყველაფერს აღვიქვამდი. მახსოვს, როგორ მიყურებდა, თითქოს ზიზღით. არ მცემდა, მაგრამ მიყვიროდა და უხეშად მელაპარაკებოდა. 

- მამათქვენს მშობლები არ შერიგებიან?
- ისინი რძალს არ აღიარებდნენ, თუმცა მე ბებია-ბაბუასთან კვირაში რამდენჯერმე ვრჩებოდი. ჩემი ძმა რომ დაიღუპა, იმ დროს მოვიდნენ ჩვენს ბინაში და შვილს გვერდით დაუდგნენ.
- მამა როგორ გექცეოდათ?
- მშვენივრად. რასაკვირველია, ჩემი ძმის დაღუპვა მანაც მძიმედ გადაიტანა, თუმცა ჩემ მიმართ არ შეცვლილა. ძველებურად ვუყვარდი და მანებივრებდა. რამდენჯერმე ჩემი ყურით მოვისმინე, დედას საყვედურობდა და ჩემზე ეუბნებოდა, ასე უხეშად ნუ ექცევი. პატარაა, მის ფსიქიკას გაუფრთხილდიო. ნელ-ნელა მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა. თუ ადრე ერთმანეთისთვის ერთი ხმამაღალი სიტყვაც არ უთქვამთ, ახლა ისე ჩხუბობდნენ, რომ მეც კი არ მერიდებოდნენ. ერთხელ მამას სამსახურში შეაგვიანდა. დარეკა და დედაჩემი გააფრთხილა. ოთახიდან ოთახში დადიოდა და რაღაცას ბურტყუნებდა. ბოლოს თქვა, სახლში ვეღარ გავჩერდები, მარტო უნდა დაგტოვო, ჭკვიანად იყავიო და კარი გაიხურა. ერთ საათში სადარბაზოდან მათი ჩხუბის ხმა შემომესმა. მერე დერეფანში შემოვიდნენ და დავინახე, დედამ მამას სილა როგორ გააწნა. მამა გაშეშდა, სულ მთლად აჭარხლდა, ხელი შემართა, მაგრამ დროზე მოეგო გონს. არ მეგონა აქამდე თუ დაეცემოდი, - უთხრა დედას და აბაზანაში შევიდა. დედა იქვე ჩაიკეცა და ხმამაღლა ატირდა. მერე აბაზანის კართან მიხოხდა და ქმარს ეხვეწებოდა, ვიეჭვიანე, ძალიან გთხოვ მაპატიე, მეორედ მსგავსი რამ არ განმეორდებაო.
- თქვენ არ მოგერიდნენ?
- არა, ისე იქცეოდნენ, თითქოს მე იქ არ ვიყავი. დედაჩემი ასეთ მდგომარეობაში რომ დავინახე, ტირილი ვეღარ შევიკავე. მასთან მივედი და ჩავეხუტე. ორივე მთელი ხმით ვტიროდით. მამამ ჩემი ხმა რომ გაიგო, სააბაზანოს კარი გააღო და გამოვიდა. იმ ღამეს საერთოდ არ მიძინია, მომდევნო დღეების განმავლობაში ბებიასთან დავრჩი. სახლში რომ დავბრუნდი, დედა შეცვლილი მომეჩვენა. რაღაცნაირად დამშვიდებულის სახე ჰქონდა. გულში თბილად ჩამიკრა. იმ საღამოს მშობლებთან ერთად პარკში ვისეირნე. სამწუხაროდ, ოჯახური იდილია მხოლოდ ერთ კვირას გაგრძელდა. ერთხელ სკოლიდან დაბრუნებულს დედა საშინლად გაღიზიანებული დამხვდა. გარეთ ყინავს და ქუდი რატომ არ გეფარაო. მართალია, ზამთარი იყო, მაგრამ გარეთ საკმაოდ თბილოდა, მზე ანათებდა და არ თოვდა. ეს რომ დედას ვუთხარი, კიდევ უფრო გაბრაზდა, შეპასუხებას როგორ მიბედავო და ქვაბის თავსახური მესროლა. ეს უკვე ვეღარ ავიტანე და სახლიდან გავვარდი. გადავწყვიტე, ბებია-ბაბუასთან მეცხოვრა. მეორე დღეს იქ მამამ მომაკითხა, სახლში დაბრუნებას მთხოვდა, მაგრამ არ გავყევი. დედა არც კი მირეკავდა. ერთი თვის თავზე მამა მოვიდა და მითხრა, რომ ქალაქგარეთ სამუშაოდ გადაჰყავდათ. დედაჩემი არ მიჰყვებოდა. არ მინდა მარტო დავტოვო და იქნებ მასთან გადახვიდეო. მამაჩემის გარეშე დედასთან დარჩენას არ ვაპირებდი და მიუხედავად მისი დიდი თხოვნისა, უარით გავისტუმრე. ახლა კი ვნანობ ჩემს საქციელს, ახალგაზრდული სიჯიუტით მომივიდა. შეიძლება, მე რომ დედის გვერდით ვყოფილიყავი, ყველაფერი კარგად ყოფილიყო.
- რას გულისხმობთ?
- მამაჩემი თბილისში შაბათ-კვირას ჩამოდიოდა, მაგრამ დედა იმდენად ეჭვიანობდა, რომ ის ორი დღე მამასთვის ჯოჯოხეთად იქცა. ის ძალიან მომთმენი და გაწონასწორებული კაცი იყო, მაგრამ ეტყობა ყელში ამოუვიდა. ბარგი ჩააალაგა და იმ რაიონში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მუშაობდა. თბილისში ჩემ სანახავად ჩამოდიოდა ხოლმე და ერთხელაც მითხრა, რომ ახალი ოჯახი შექმნა. მერე თავისი მეორე ცოლის გასაცნობად წამიყვანა. მისი მეორე ცოლი მშვენიერი თბილი ქალია. მათ გოგონა შეეძინათ, პატარა დაიკო მყავს (იღიმის).
- დედას არც თქვენ კითხულობდით და არც ის?
- არა. ის რამდენიმე წელი მარტო ცხოვრობდა. სამსახურს თავი დაანება. მამა მისი სიცოცხლის ბოლო წუთებამდე კომუნალურ გადასახადებს უხდიდა. საკვების ფულს საიდან შოულობდა, არ ვიცი.
- გასაკვირია, მშობელი ასეთი ცხოვრებისთვის რომ გაიმეტეთ...…
- ახლა მეც ვნანობ, მაგრამ გვიანია. მან სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე მიხმო. მივედი. ლაპარაკი უჭირდა, მაგრამ მაინც მიამბო, რომ სანამ ის მამას შეხვდებოდა და ცოლად გაჰყვებოდა, ერთი კაცი ჰყვარებია, რომლისგანაც დაორსულებულა. მშობლებმა სოფლიდან გამოაგდეს. დედა თბილისში დეიდამისთან ჩამოსულა და ბავშვი გაუჩენია. იმ ქალს დედაჩემისთვის ურჩევია, რომ ბავშვი ერთი უშვილო ოჯახისთვის მიეყიდათ. ამანაც დაუჯერა და შვილი დათმო. ეს ამბავი სხვა არავინ იცოდა. დედა მამაჩემს ცოლად რომ გაჰყვა, მისთვისაც კი არ უთქვამს სიმართლე. მხოლოდ ჩემი ძმის ასაკი გავიგე და ის, რომ ბავშვი თბილისში გაყიდეს. რამდენიმე დღეში დედა გარდაიცვალა. მამასთვის ამის შესახებ არაფერი მითქვამს, ახლაც კი, როცა ჩემი ძმა ვიპოვე. აღდგომას სასაფლაოზე გასულს დედაჩემის საფლავთან ვიღაც დამხვდა. ზურგით იჯდა და როგორც კი მობრუნდა, ადგილზე გავიყინე. კაცს დედაჩემის ნაკვთები ჰქონდა. იმდენად დიდი მსგავსებაა, რომ საფეთქელთან ხალი ზუსტად იმ ადგილას აქვს, სადაც დედას. აღმზრდელ მშობლებს მისთვის რამდენიმე წლის წინ გაუმხელიათ სიმართლე. ამას კი მათგან უჩუმრად დედის ძებნა დაუწყია. გაუმართლა და იპოვა, მაგრამ არც მისი გაცნობა ნდომებია და არც ჩემი, რადგან არ უნდოდა ჩვენი ცხოვრება აერია. ისიც იცოდა, რომ მისი არსებობის შესახებ არაფერი ვიცოდი და ამიტომ დუმილი არჩია. იმ დღეს ერთმანეთს სასაფლაოზე რომ არ შევხვედროდით, ალბათ ძმას ვერასოდეს ვიპოვიდი. ამ რამდენიმე დღეში მასთან სტუმრობა და მისი ცოლ-შვილის გაცნობა მოვასწარი. ჩემმა ძმამ რამდენჯერმე მითხრა, კარგია, რომ ერთმანეთს სასაფლაოზე შევხვდით, თორემ მე ვერასოდეს გავბედავდი შენთან მოსვლასო (იღიმის)... 

მკითხველის ისტორია