იყო თუ არა ამალია ჯიბლაძის შემთხვევა "რუსთავი 2"-ს მანიპულაცია - "ეს თემა აუცილებლად გაირკვევა"

მეგაშოუ "ნიჭიერის" კონკურსანტის - ამალია ჯიბლაძის გარშემო კვირაზე მეტია, ვნებათაღელვა არ ცხრება... თავად ქალბატონი ამალია მედიასთან აღარ კონტაქტობს, მათ შორის არც "რუსთავის 2"-ის წარმომადგენლებთან. როგორც ჩანს, არსებობს რისკიც, რომ ეს კონკურსანტი შოუდან წავიდეს. ამიტომ მის მიმართ "ფეისბუქმიმართვები" ვრცელდება თხოვნით, რომ შოუში მონაწილეობა აუცილებლად უნდა განაგრძოს. ამალიას მიმართეს ნანი ბრეგვაძემ და გოგა ხაჩიძემაც.



ფაქტია, ამ ქალბატონმა საზოგადოების სერიოზული დაინტერესება გამოიწვია და მის მიმართ ინტერესი კვლავაც არ ცხრება.
ხოლო, თუ რატომ გახდა ეს თემა ასეთი ცხარე განხილვის საგანი, ამაზე მედიაექსპერტს, ია ანთაძეს გავესაუბრეთ:

- თვითონ ქალბატონ ამალიასთან დაკავშირებულ ამბავში რა არის სიმართლე და რა არა, ამაზე არაფრის თქმა არ შემიძლია. უბრალოდ ჩემს აზრს იმაზე მოგახსენებთ, რატომ გახდა ეს თემა პოპულარული. აქ ინტერესს ის იწვევს, რომ ჰქონდა, თუ არა ადგილი "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობის მხრიდან მანიპულირებას და სწორედ ამის გასარკვევად გაჩნდა ასეთი ინტერესი ქალბატონი ამალიას მიმართ. ეს ადამიანი ამ შემთხვევაში, შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ მანიპულაციის იარაღი იყოს, მაგრამ მისი ავტორი (თუკი ასეთი მოხდა), "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობაა. ამ ყველაფრის მიმართ ინტერესი კონცენტრირებულია იმაზე, თუ რა ტელევიზიაა დღეს "რუსთავი 2" და პრობლემა მხოლოდ ირიბად ეხება ქალბატონ ამალიას.

როგორც ვნახეთ, ეჭვი იმაზეა, რამდენად გულწრფელი იყო ამ ადამიანის გამოსვლა ამ შოუში? რამდენად იყო დადგმული ის, რაც მაყურებელმა ნახა? ეს ქალბატონი ნამდვილად არის თუ არა იმ სოციალური ფენიდან, რაზეც შოუში იყო მინიშნება გაკეთებული, თუ ეს ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ხელოვნურად შექმნილიყო სახე ადამიანისა, რომელიც ამ ტელევიზიამ აღმოაჩინა. სანამ არ გაირკვევა, სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე, სულ იარსებებს ეჭვი იმის შესახებ, რომ იყო მანიპულაცია და ამ ამბის გარშემო ინტერესიც იქნება მაღალი.

- როგორ ფიქრობთ, გაირკვევა?
- ალბათ ეს ამბავი დიდხანს გაურკვევლობაში არ დარჩება, თან, ამ საკითხის

გარკვევას დიდი გამოძიებაც არ სჭირდება. ალბათ, კიდევ იქნება მიმოწერა სხვადასხვა ადამიანის და "ფეისბუქის" მომხმარებლებიც ჩაერთვებიან ამაში. მაგრამ ამ მიმოწერის მთავარი ღერძი "რუსთავი 2" და მისი ხელმძღვანელობა, კონკრეტულად, ნიკა გვარამია და ის კითხვა იქნება - ჰქონდა თუ არა ადგილი მანიპულაციას? თუ ეს დადგინდა, მაშინ შეფასებები იქნება ერთგვარი, თუ არ დადასტურდა, მაშინ შეფასებები სრულიად განსხვავებული იქნება.

მოკლედ, ვიდრე არ გაირკვევა სიმართლე, ეს თემა იქნება ცხელი და აქტუალური... რეიტინგების მიხედვით, დღეს ტელეკომპანია "რუსთავი 2" არის ყველაზე პოპულარული ტელევიზია და ადამიანებს აინტერესებთ, თვალნათლივ დაინახონ, გასართობ გადაცემაში აქვს თუ არა ზოგადად მანიპულაციას ადგილი, თუ ეს დადასტურდება, მერე, რა თქმა უნდა, გაჩნდება გონივრული ეჭვი, რომ მსგავსი რამ დასაშვებია საინფორმაციო და პოლიტიკურ შოუებშიც. თუმცა ესეც სპეკულაციაა, რასაც ახლა ვამბობ, რადგან სინამდვილეში არ ვიცი, რა მოხდა. ვიმეორებ, თუ "რუსთავი 2" საზოგადოებას დაუდასტურებს, რომ ეს არ ყოფილა მანიპულაცია და ეს ქალბატონი იმ ჩანთით მართლაც იმიტომ იყო მისული იქ, რომ ის ცხოვრებაშიც იმ ჩანთით დადის და ეს მისი ბუნებრივი მდგომარეობაა, მაშინ ეჭვები გაქრება. მაგრამ ეს მაშინ მოხდება, თუ ამ თემას ნიკა გვარამია გაჰყვება და ეცდება, დაასაბუთოს, რეალურად რა მოხდა.

ლალი ფაცია
სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის