ვისთვის არ შეიძლება სირბილი

ამ კითხვაზე პასუხი ასეთია: სირბილი თითქმის ყველასთვის არის რეკომენდებული. ვის გულისხმობს ეს "თითქმის"? როგორც მედიკოსები ამტკიცებენ, სირბილი არასასურველია მხოლოდ მათთვის, ვისაც მოსვენების დროსაც კი აწუხებს ქოშინი, ესე იგი, ვის ჯანმრთელობასაც სერიოზული პრობლემები აქვს და გარკვეული საფრთხეც ემუქრება. უფრო კონკრეტულად, სირბილი ეკრძალებათ მათ, ვისაც აქვს:
გულის თანდაყოლილი მანკი;

სისხლის მიმოქცევის უკმარისობა;
გულის რიტმის მნიშვნელოვანი დარღვევა;
ქვედა კიდურების თრომბოფლებიტი.
სირბილი არ შეიძლება ამა თუ იმ დაავადების გამწვავების პერიოდში (ცხადია, იგულისხმება ქრონიკული პათოლოგიები). დაბოლოს, მცდარია შეხედულება, თითქოს ჰიპერტონიული დაავადების მქონეთათვის სირბილი, საზოგადოდ, მავნებელია. სინამდვილეში ეს მეტად ინდივიდუალური გახლავთ და ადამიანის ორგანიზმის შესაძლებლობებსა და თავისებურებებზეა დამოკიდებული. სირბილის ნებას ექიმები ზოგჯერ ჰიპერტონიული დაავადების მეორე სტადიის დროსაც კი რთავენ. ასე რომ, თუ რამე გაწუხებთ, ჯერ თქვენს მკურნალს გაესაუბრეთ და მერეღა შეუდექით სირბილს, ხოლო თუ არაფერს უჩივით, ნუ იზარმაცებთ, მოიკრიბეთ ნებისყოფა, მიიღეთ გადაწყვეტილება და სირბილს ხვალიდანვე შეუდექით.