ალასანიას საფრანგეთში იარღი დააყრევინეს

"ეს მაძლევს ვარაუდის საშუალებას, რომ რუსულმა ინტერესებმა შეაღწია მინისტრთა კაბინეტში"

საფრანგეთში იარაღის შესყიდვის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა კომენტარი არ გააკეთა. ალასანიამ განაცხადა, რომ ასეთ საკითხებზე ღიად საუბარი არ შეიძლება.


ჟურნალისტებს ხელშეკრულების გაფორმება ალასანიას თანაგუნდელმა ზურაბ აბაშიძემ დაუდასტურა. მისი განცხადებით, სწორედ ამ ხელშეკრულების გაფორმების დროს გაიგო თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თანამშრომლების დაკავების შესახებ.

"მან გააფორმა ეს ხელშეკრულება საფრანგეთში და სწორედ მაშინ გაიგო, როცა ამ ხელშეკრულებას აფორმებდა, მისი თანამშრომლების დაკავებაზე. ასეთ მნიშვნელოან თემაზე რომ ჰქონდა შეხვედრა თავდაცვის მინისტრს და შემდეგ, ასევე მნიშვნელოვანი ვიზიტი ჰქონდა გერმანიაში დაგეგმილი, ამ დროს დააკავეს მისი თანამშრომლები, რაც იყო ჩვენთვის გარკვეულწილად მიუღებელი და ახლაც ასეა" - განაცხადა აბაშიძემ და აღნიშნა, რომ ხელშეკრულებაზე მეტს ვერაფერს იტყვის.

ექსპერტმა გიორგი რუხაძემ ტელეკომპანია „ტაბულას“ გადაცემა „თეორემაში“ვარაუდი გამოთქვა, რომ ალასანიამ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრთან თავდაცვითი იარაღის შესყიდვაზე ისაუბრა. მისი თქმით, ერთადერთი ქვეყანა რეგიონში, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს თავდაცვითი პოტენციალის გაძლიერებას, არის რუსეთი.

"ირაკლი ალასანიამ დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი განცხადების გაკეთება და შემდეგ გაჩერდა. მან თქვა ასეთი რამე, რომ მას საფრანგეთის თავდაცვის მინისტრთან ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა. იქ კონკრეტულად განიხილებოდა საქართველოს თავდაცვის გაძლიერებისთვის გადასადგმელი ნაბიჯები, თუმცა, ამას ვერ იტყვის, რადგან ეს არის სახელმწიფო საიდუმლოება და საქართველოს ხელისუფლების ნაწილი ამ ნაბიჯებს ეწინააღმდეგებოდა. მას ეს არ უუარყვია, ყოველ შემთხვევაში. მე მიჩნდება საფუძვლიანი აჭვი, რომ საფრანგეთი არის ევროპაში ყველაზე წარმატებული ქვეყანა იარაღის გაყიდვის თვალსაზრისით. სავარაუდოდ, აქ ლაპარაკი იყო თავდაცვით იარაღზე, რომელიც საქართველოს სჭირდებოდა თავდაცვისთვის. მე ვიცი ერთადერთი ქვეყანა რეგიონში, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს თავდაცვითი პოტენციალის გაძლიერებას, ეს არის რუსეთი და თუ საქართველოს მთავრობაში იყო ძალა, რომელიც ალასანიას ამ გარიგებას ეწინააღმდეგებოდა, ეს მაძლევს ვარაუდის საშუალებას, რომ რუსულმა ინტერესებმა შეაღწია მინისტრთა კაბინეტში", - განაცხადა რუხაძემ.
http://www.newposts.ge/