კირა ნაიტლი ესთეტიკური ფაშიზმის წინააღმდეგ

ცნობილი მსახიობი თანამედროვე შოუბიზნესში ფოტოების დამუშავებისას რეტუშის საყოველთაო გამოყენების წინააღმდეგ ილაშქრებს. მისი აზრით, ამგვარი ტენდენცია მნახველში რეალობის აღქმას სპობს და სუროგატულ, არარსებულ იმიჯებს ქმნის.

„მიმაჩნია, რომ ქალის სხეული ამ ყველაფერში ბრძოლის ველია, და ნაწილობრივ ეს ფოტოგრაფიის ბრალიცაა“, – განაცხადა კირამ ჟურნალ Interview-სთან საუბრისას.


ფოტოგრაფ პატრიკ დემარშალიეს ობიექტივის წინ გაშიშვლება მსახიობმა ერთი პირობით დათქვა: თუ მისი ფოტოები რეტუშის სასტიკ იარაღებს გადაურჩებოდა. კირას განსაკუთრებული პრეტენზია მკერდის გადიდებაზე ჰქონდა, რადგან Chanel-ის სარეკლამო კამპანიისას, ფილმ „მეფე არტურის“ პრომოპოსტერებში, რეტუშის ოსტატებმა მისი მკერდი შეუბრალებლად დაბერეს. „ამის გაცხადება მართლაც მნიშვნელოვანია – რეალურად, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, როგორი ფიგურა გაქვთ, რადგან მას თავის ნებაზე ძერწავენ“. კირა ამბობს, რომ თანამედროვე სამყაროში ფოტოგრაფიის წყალობით კულტივირებულია ირეალური, მიუწვდომელი იდეალები, რომლებიც ერთი შაბლონითაა მოჭრილი. ამის ფონზე კი, სულ უფრო და უფრო რთული ხდება ადამიანის სხეულის ფიგურისა და ფორმების მრავალფეროვნების აღქმა.