"მზად ვარ, ვიშვილო ასურელი ქრისტიანი ბავშვები", როდესაც საქართველოში პატარები შიმშილით კვდებიან

ბოლო დღეების მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა ერაყში ქრისიტიანთა დახოცვაა. ბუნებრივია, არავინ დაობს, რომ ამაზე ამაზრზენი და საშინელი ქმედება იშვიათად მომხდარა მსოფლიოში. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები ხოცავენ ყველას, განურჩევლად ასაკისა. პატარებს წასასვლელი თითქმის არსად აქვთ და ისინი ფანატიკოსთა ქმედებას ეწირებიან. სირიასა და ერაყში მიმდინარე მოვლენების პარალელურად საქართველოში (უფრო მართებული იქნება, თუ დავწერთ სოციალურ ქსელში) გაჩნდა მოწოდებები: "მზად ვარ ვიშვილო ასურელი ქრისტიანი ბავშვები".


გაჭირვებულ ბავშვის აღზრდაზე დიდი მადლი რა შეიძლება იყოს, მაგრამ ამ მოწოდების პარალელურად ერთი კითხვა გამიჩნდა, აუცილებლად ვიღაც ფანატიკოსმა უნდა დახოცოს ბავშვები, რომ ვინმეს მათი ოჯახში მიყვანის და თანადგომის სურვილი გაუჩნდეს?! საუბედუროდ, საქართველოში უამრავი ოჯახია,  რომელთაც ელემენტარული პირობები არ გააჩნიათ და ხშირად ამ ოჯახების პატარებს ელემენტარული პირობებიც არ აქვთ, ასეთი ბავშვების შვილად აყვანის სურვილს რატომ არ გამოვთქვამთ?! მახსოვს დაახლოებით 3 წლის წინ აჭარაში პატარა ბავშვი შიმშილით ისე დასუსტდა, რომ გარდაიცვალა, მაშინ სად ვიყავით?! რატომ არავის გაგვიჩნდა სურვილი, ეს პატარა გვეშვილებინა და ნორმალურ პირობებში აღგვეზარდა. საუბედუროდ, კიდევ ბევრი პატარა განიცდის ასეთ გაჭირვებას და იქნებ მათთვისაც მიგვეხედა.

სამწუხარო რეალობაა, რომ სოციალური ქსელის მომხმარებელთა გარკვეულ რაოდენობას (ბუნებრივია, ყველას არ ეხება), საოცარი მისწრაფება აქვს "ლაიქებისადმი" და დღის მანძილზე ცდილობს, ისეთი სტატუსი დაწეროს, რაც ბევრ "ლაიქს" მიიღებს, ჰოდა ისინიც წერენ და დაწერეს კიდეც: "მზად ვარ ვიშვილო...", მერე დაჯდა და ითვალა, საღამოს სახლში მოსულ მეუღლეს ნიშნისმოგებით უთხრა, რომ დღეს ათასამდე "ლაიქი" ჰქონდა და თითქმის ამდენივე კომენტარი, ამავე დღის ბოლოს კი მშვიდად უყურა სერიალის მომდევნო სერიას, მერე დაწვა და დაიძინა, ხოლო ის ბავშვები კი, რომელთა შვილად აყავნისთვისაც მზად იყო, სიზმრადაც არ უნახავს.

ასირიელი ქრისტიანების დახოცვის შესახებ ინფორმაცია განსაკუთრებული აქტიურობით 2-3 დღე ვრცელდებოდა. ეს დღეებია, ახალი ინფორმაცია აღარ

გავრცელებულა, ანუ თემამ აქტუალობა დაკარგა, შესაბამისად, აღარსად ჩანს ზემოთაღნიშნული მოწოდებაც. რა, ამ ბავშვებს მფარველი გამოუჩნდათ, თუ ისლამური სახელმწიფოსაგან საფრთხე აღარ ემუქრებათ?!

კიდევ უფრო ამაზრზენი იყო მოწოდებაში დაკონკრეტება - "მზად ვარ ვიშვილო ასურელი ქრისტიანი ბავშვები". ვინც ამას წერდა, რით განსხვავდებოდა ისლამური სახელმწიფოს იმ მებრძოლისაგან, რომელიც სარწმუნოების გამო ხოცავდა პატარებს?! როგორ შეიძლება, უმწეო პატარას რწმენას ხაზი გაუსვა და ამის მიხედვით გადაწყვიტო, ვის გაუწვდი დახმარების ხელს და ვის არა.

როგორც ჩანს ასირიელი ქრისტიანები საქართველოში არ ჩამოდიან და ის ხუთასი ოჯახი, რომელიც მზად იყო, ასირიელთა ბავშვები მიეღო (სწორედ ეს რიცხვი გაავრცელა "ქართული ოცნების" ფეისბუქის ოფიციალურმა გვერდმა), კარგი იქნება, თუ საქართველოში მცხოვრებ გაჭირვებულ პატარებს მიხედავენ.

შეიძლება მათი ეს ქველმოქმედება "დაულაიქებელი" დარჩეს, მაგრამ კარგი საქმე ნამდვილად გაკეთდება.

P.S. ეჭვიც არ მეპარება, ბევრმა მართლაც წრფელი გულით დაწერა, რომ მზად იყო, ბავშვები მიეღო ოჯახში და ბუნებრივია, ეს წერილი მათ არ ეხებათ.

ლადო გოგოლაძე
AMBEBI.GE