უფალმა კაცი თავის ხატად და მსგავსად შექმნა, ამიტომ ცოდვის ჩამდენი საკუთარ თავში ღვთის ხატებას ბღალავს და შეურაცხყოფს. ბოროტმა თანდათან ისე დაიპყრო ჩვენი გული, რომ თანამედროვე ადამიანის თვისებებში ცოტას თუღა ნახავთ ღვთიურს, ზეციურს.
მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ქალის იდეალი დედა ღვთისმშობელია, ხოლო ერთ-ერთი უმთავრესი სათნოება, რომელიც ყოვლადწმიდა ქალწულმა გვასწავლა - დედობა, შვილის სიყვარული. მაგრამ სწორედ დღეს, როცა ქრისტიანობას თითქოს აღარაფერი ემუქრება და ყოველ ჩვენგანს შეუძლია, დაუბრკოლებლად მიეახლოს ჭეშმარიტებას, ისე, როგორც არასდროს, გახშირდა აბორტი. მართლმადიდებლური სწავლებით, აბორტი სხვა არაფერია, თუ არა შვილის მოკვლა. ადრე კაცს შვილს რომ მოუკლავდნენ, იარაღს იღებდა და სისხლის ასაღებად მიდიოდა, დღეს კი საკუთარი სისხლისა და ხორცის მოკვდინებისთვის მშობლები თვითონვე იხდიან ფულს...
აბორტის შესახებ გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის მსახური მღვდელი კონსტანტინე (გიორგაძე).
- მამაო, ბევრს მიაჩნია, რომ ორსულობის ადრეულ ეტაპზე აბორტი მკვლელობა არ არის, რადგან, მათი აზრით, არ შეიძლება, ერთი დღის, ერთი კვირის ან თუნდაც ერთი თვის ნაყოფს პიროვნება ვუწოდოთ.
- მართლმადიდებლობა საპირისპიროს გვასწავლის: როგორც კი განაყოფიერება მოხდება და ჩანასახი წარმოიქმნება, უფლისაგან მას უმალვე ენიჭება უკვდავი სული. ზოგი ნაყოფს დედის ნაწილად მიიჩნევს, მაგრამ ეს მცდარი შეხედულებაა. ის იზრდება დედის მუცელში, მაგრამ საკუთარი სული აქვს, ამიტომ დამოუკიდებელ ადამიანად ითვლება.
- ესე იგი, ეგრეთ წოდებულ მინი აბორტსა და დიდ აბორტს შორის განსხვავება არ არის?
- არავითარი. მნიშვნელობა არა აქვს, რა მეთოდით ჩატარდება აბორტი: გამოფხეკით თუ ვენაში სპეციალური პრეპარატის შეყვანით; ის ყველა შემთხვევაში მკვლელობაა და ამის ჩამდენმა წრფელად უნდა მოინანიოს.
- ამრიგად, ჩანასახის მოკვდინება იგივეა, რაც ზრდასრული ადამიანის მოკვლა?
- რასაკვირველია, ასეა. ორივე შემთხვევაში ვარღვევთ ათი მცნებიდან ერთ-ერთს - არა კაც ჰკლა. ამას გარდა, მშობლებმა, რომლებიც დაუბადებელ შვილს სასიკვდილოდ იმეტებენ, არც კი იციან, ვის კლავენ. იქნებ მისი სახით ქვეყანას მხსნელი ევლინებოდა, იქნებ წმინდანი უნდა შობილიყო, ჭეშმარიტი ქრისტიანი, მამულიშვილი, რომელიც, ვინ იცის, რას გააკეთებდა სამშობლოსთვის!
კიდევ ერთიც: აბორტი მხოლოდ სხვისი სიცოცხლის ხელყოფას არ ნიშნავს; ამ ცოდვის ჩადენით ადამიანი უფლის ნებას ეწინააღმდეგება, რადგან ხელს უშლის გამრავლების ბუნებრივ პროცესს.
- აბორტს ხშირად მიმართავენ გაუთხოვარი ქალები, რომელთაც მშობლებისა ეშინიათ ან უმამოდ ბავშვის გაზრდა არ სურთ...
- თუკი ადამიანმა შესცოდა, ვალდებულია, ამ ცოდვის გამო პასუხიც აგოს. მშობლების შიშის გამო არ შეიძლება ღვთის შიში დავივიწყოთ. ასეთი ქალები, ნაცვლად იმისა, რომ შეინანონ და ჭეშმარიტების გზას დაადგნენ, ცოდვას ცოდვაზე უმატებენ და ხორციელი მშობლების შიშით ზეციერი მამის ნებას არღვევენ. უნდა დაითმინონ დამცირება და შეურაცხყოფა, სულ მარტოს რომ მოუხდეთ ბავშვის გაზრდა, მაინც არ შეშინდნენ. მხოლოდ ასე თუ გამოისყიდიან ცოდვას და მოიხვეჭენ უფლის შემწეობას.
- ზოგი შვილზე სიდუხჭირის გამო ამბობს უარს...
- ასეთ შემთხვევაშიც ცოდვისკენ ღვთისადმი უნდობლობა გვიბიძგებს. უფალი არასდროს დაგვაკისრებს იმაზე მეტს, ვიდრე შეგვიძლია ვზიდოთ; რაკი შვილს ღმერთი გვაძლევს, მისი რჩენის სახსარსაც თვითონვე მოგვცემს.
- რას იტყვით ექიმებზე, რომლებიც აბორტს აკეთებენ?
- მე მათ ექიმებს ვერ ვუწოდებ. ისინი უმძიმესი ცოდვის მონები არიან და მხოლოდ და მხოლოდ დიდი სინანული თუ იხსნით საუკუნო სატანჯველისგან. უდიდეს დანაშაულს სჩადიან ისინიც, ვინც სხვებს ასეთი საქციელისკენ უბიძგებს.
- რა შეუძლია ხელისუფლებას ასეთ დროს?
- მას უდიდესი როლის შესრულება ძალუძს. პირველ რიგში, აბორტის კეთება კანონით უნდა აიკრძალოს. ამით ის დემოგრაფიული პრობლემაც მოგვარდება, რომლის წინაშეც ვდგავართ.
- ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა დედის ჯანმრთელობასაც უქმნის საფრთხეს...
- რაღა თქმა უნდა! აბორტს უამრავი დაავადება შეიძლება მოჰყვეს: ენდომეტრიოზი, სიმსივნე, ფსიქიკური დარღვევები... პირველი ორსულობის აბორტით შეწყვეტა კი, თავადაც გაგეგონებათ, უმეტესად უშვილობას იწვევს.
- გახშირდა შემთხვევები, როცა ახალშობილებს სანაგვეზე ტოვებენ...
- ესეც, ფაქტობრივად, მკვლელობაა; თუ ბავშვი გადარჩა, ეს მხოლოდ ღვთის სასწაული იქნება და არავითარ შემთხვევაში - დედის დამსახურება. თუმცა ასეთ ქალებს ხშირად ისინი განიკითხავენ, ვინც თავადვე სჩადის (აბორტის სახით) უმძიმეს ცოდვას.
- თუ ქალს მაინც უჭირს შვილის გაზრდა, ალბათ, ნაკლები ბოროტება იქნება, ბავშვთა სახლს მიაბაროს ან უშვილო ოჯახს გადასცეს...
- რაღა თქმა უნდა, სავსებით მისაღები არც ასეთი საქციელია, ვინაიდან ამით უფლის მიერ ბოძებულ ჯვარზე და წყალობაზე ვამბობთ უარს, მაგრამ აბორტთან შედარებაც არ შეიძლება! ის კი არა, ეგებ მრავალი ოჯახი გაბედნიერდეს კიდევაც.
მე, როგორც ექიმსა და მართლმადიდებელ მოძღვარს, მინდა მივმართო მათ, ვინც აბორტისთვის ემზადება და ვუთხრა: შეჩერდით! რამდენჯერ გამოსცხადებია დედა ღვთისა მორწმუნეებს და უთქვამს, რომ ჩვენს გამო წუხილითა და ლოცვით დაიღალა, რომ აღარ შეუძლია იმ უსჯულოების ატანა, რაც ჩვენს შორის ტრიალებს... მერე გვიკვირს, რატომ გვემართება ამდენი უბედურებაო...
ნუ იქნებით ამ საშინელი ცოდვის თანამდებნი, რამეთუ უფალს მოსაკლავი შვილები არა ჰყავს!