„ღმერთს ვეუბნები, რატომ ხელი არ მომტყდა 41 რომ შემოვხაზე" - ინციდენტი გორში

დღეს გორში ქალაქის ცენტრში ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა.

დღეს გორში ქალაქის ცენტრში ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. მიზეზი უცვლელია, ბაზრის მოვაჭრეები რომლებიც გურამიშვილის ქუჩაზე მდებარე ძველი ბაზრის ტერიტორიაზე შეიჭრნენ და ამ დრომდე იქ უნებართვოთ ვაჭრობენ, დაუპატიჟებელ სტუმრებს ელოდებიან.


დაუპატიჟებელი სტუმრები მოვაჭრეების თქმით, ტერიტორიის მეპატრონეების (ებრაელი და არაბი ინვესტორების) წარმომადგენლები არიან, რომლებიც ბაზრის ტერიტორიაზე არსებული შენობების დემონტაჟს გეგმავენ. მოვაჭრეები ხელისუფლებას უუნარობაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ მთავრობა მათი ინტერესების დასაცავად არაფერს არ აკეთებს. ისინი იმასაც ამბობენ, რომ ირაკლი ოქრუაშვილი გორის მერად არჩევის შემთხვევაში მათ ბაზრის დაბრუნებას დაჰპირდა, „ნიუპოსტის“ კითხვაზე, სჯერათ თუ არა იმის, რომ ოქრუაშვილი დანაპირებს შეასრულებს, მოვაჭრეები ასე პასუხობენ: „დიახ გვჯერა, ჩვენ იმას მივცემთ ხმას არჩევნებზე, ვინც ჩვენს ბაზარს დაგვიბრუნებს, აბა ხელისუფლება არაფერს არ გვპირდება და როგორ მოვიქცეთ?“ - აცხადებს ერთ-ერთი მოვაჭრე.

გორის ბაზარში ჩვენს მიერ გამოკითხული მოვაჭრეთა ნაწილი სინანულს გამოთქვამს, იმის გამო, რომ არჩევნებზე ხმა "ქართულ ოცნებას" მისცა.

„ხანდახან ღმერთს ვეუბნები, რატომ ხელი არ მომტყდა 41 რომ შემოვხაზე, ჩვენ იმედი გვქონდა რაღაცა მაინც შეიცვლებოდა ჩვენთვის, თუმცა ამ მთავრობამ სულ დაგვაქცია. ხალხზე არავინ არ ფიქრობს ამ ბაზარში 1500 მოვაჭრე იყო ბანკის ვალებით, ლუკმა-პურს ვშოულობდით და ისიც წაგვართვეს“, - აცხადებს „ნიუპოსტთან“ საუბრისას ერთ-ერთი მოვაჭრე გურამ ჭიღლაძე, რომელიც ოჯახს უკვე 15 წელია აღნიშნული საქმიანობით არჩენს.

გორის აგრარული ბაზრის იურიდიულმა მფლობელებმა უცხოელმა ინვესტორებმა დღეს საგანგებო განცხადება გააკეთეს და მოვაჭრეებს კიდევ ერთხელ მოუწოდეს დატოვონ ტერიტორია, ინვესტორები ამბობენ რომ მოვაჭრეები კერძო საკუთრებაში არიან შეჭრილები, რაც მათთვის დაუშვებელია. ინვესტორები მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში სამართლებრივი ზომების მიღებას გეგმავენ.

გიორგი ახალკაცი „ნიუპოსტი“ გორი