''პირველი სტერეოს'' ყოფილი სახე მარგო ლუჩკო რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ ეთერს დაუბრუნდა, შალვა რამიშვილის თანაწამყვანი გახდა. მარგო ბოლო წლების განმავლობაში ხატვით დაინტერესდა და დღესაც ბევრ დროს ხატვის შესწავლას უთმობს.
- მომავალი მხატვარი ვარ. როცა ვხატავ, ვმშვიდდები. ამ საქმის სწავლა რამდენიმე წლის წინ დავიწყე. როდესაც ვხატავ, ვიკარგები. როგორც ჩემმა მასწავლებელმა მითხრა, ხატვის ნიჭი ყველა ადამიანშია. უბრალოდ, ზოგს ხატვის სწავლა სჭირდება, ზოგს - არა. იმედია, კარგი მხატვარი ვიქნები.
- გამოფენის გამართვას გეგმავ?
- გაზაფხულზე მქონდა შემოთავაზება, თუმცა არ მივიჩნევ, რომ გამოფენისთვის უკვე მზად ვარ. ჯერ ბევრი უნდა ვიმუშაო.
- რამდენიმე წლის წინ გაგიცანით, როგორც მუსიკალური წამყვანი, ეს სფერო აღარ გაინტერესებს?
- მარტო მუსიკალური წამყვანი არ ვყოფილვარ. ''პირველ სტერეოში'' მუშაობის შემდეგ მე და ვასიკო ოდიშვილს ''რუსთავი 2''-ზე მიგვყავდა გათამაშება. ახლა, საბედნიეროდ, ''იმედში'' შალვა რამიშვილის თანაწამყვანი ვარ. მუსიკა დღესაც ძალიან მაინტერესებს. დიდი ხნის განმავლობაში დავდიოდი ლალიკო ბერაძესთან და მისგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. და თუ მუსიკალურად სწორად ''ვდგავარ'', ეს ლალიკო ბერაძის დამსახურებაა. ოდესმე შეიძლება, მომღერალი გავხდე, ახლაც ჩემთვის სულ ვმღერი.
- უახლოეს მომავალში შეიძლება, საკუთარი მუსიკალური ნომერი შემოგვთავაზო? თუ ასეთი ამბიცია არ გაქვს?
- ზოგადად არ ვარ ამბიციური. ახლაც ძალიან მაწუხებს პოპულარობა, ქუჩაში ჩვეულებრივად ჩაცმული დავდივარ და ვცდილობ, ხალხმა ყურადღება არ მომაქციოს. თვრამეტი, ცხრამეტი და ოცი წლის რომ ვიყავი და ვმუშაობდი, სასტიკი ამბიცია მქონდა. მინდოდა, ყველას მოვწონებოდი და ეთქვა, რა კარგი და მშვენიერი ხარო. ახლა, რა თქმა უნდა, გავიზარდე. ბევრი რამ გავიგე და ბევრ რამეს მივხვდი. პოპულარობა ჩემთვის არაფერი აღარაა. უბრალოდ, ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ იმ საქმისგან, რასაც შალვას გადაცემაში ვაკეთებ.
- როდესაც შალვას გადაცემაში თანაწამყვანობა შემოგთავაზეს, როგორი რეაქცია გქონდა?
- გადაცემა გასულ წელს დაიგეგმა. შემოთავაზება რომ მივიღე, ძალიან გამიხარდა, რადგან ვიცოდი, შალვასგან ბევრ რამეს ვისწავლიდი და კარგ პრაქტიკას გავივლიდი. მითხრა, რომ ჩემი რუბრიკა მექნებოდა და რაც მომინდებოდა, იმას გავაკეთებდი. შალვა დიდი ხანი ფიქრობდა და თავის თავში ხარშავდა ამ გადაცემას. უნდოდა, რომ კარგი შოუ გაეკეთებინა. შალვა კარგი ადამიანი და კარგი წამყვანია. მასთან მუშაობით ძალიან კმაყოფილი ვარ.
- შალვა რამიშვილმა ჩვენთან ინტერვიუში აღნიშნა, მარგო პირველად კალენდრის ფურცელზე ვნახე და მაშინვე ძალიან მომეწონა, მივხვდი, კარგი წამყვანი იქნებოდაო.
- შალვას ძალიან დიდი ხანია ვიცნობ, ''202''-ზე რომ მუშაობდა, მაშინ გავიცანი. მის გადაცემებსა და საქმიანობას სულ ვადევნებდი თვალს და ძალიან მომწონდა. მართალია, არიან ადამიანები, რომელთაც შალვა არ მოსწონთ და ალბათ, არიან ისეთებიც, ვინც მე ვერ მიტანს, მაგრამ ეს ყველაფერი ხომ არაა იმის საზომი, როგორ უნდა იცხოვრო. მთავარია, რას გრძნობ და მთავარია, როგორ ადამიანებს მოსწონხარ.
- პირველ სიუჟეტში დაეცი. ეს შემთხვევით მოხდა თუ დადგმული იყო?
- მოდით, ეს საიდუმლოდ დავტოვოთ.
- კახი კალაძესთან ინტერვიუს ჩაწერა გაგიჭირდა?
- ჯერ ბევრი სიუჟეტი არ გამიკეთებია და არაფერი არ გამჭირვებია. უბრალოდ ყოველთვის, როდესაც სადმე მივდივარ, შალვას ვუთანხმებ, ის მაგულიანებს და მეუბნება, მიდი, მარგო, ასე გააგრძელეო. რა თქმა უნდა, წინასწარ ვგეგმავთ რაზე უნდა ვესაუბრო რესპონდენტებს, მაგრამ საუბრის დროსაც ბევრი კითხვა ჩნდება.
- კახი კალაძეს ''ნოკიას'' დამტენი რომ სთხოვე, ეს წინასწარ იყო დაგეგმილი?
- დასამალი არაფერია. მართლა დავდივარ ძველი ''ნოკიით'', რომელიც დამიჯდა და მას დამტენი ვთხოვე. ბატონი კახი კალაძე ძალიან კარგი ადამიანია და მინდა მას დიდი მადლობა გადავუხადო, რომ ბევრ სულელურ კითხვაზე გამცა პასუხი.Mმიხარია, ადამიანების დიდი ნაწილი ხვდება, რომ ეს ყველაფერი კარგი შოუსთვის კეთდება. გვინდა, ადამიანები ისეთი კუთხით წარმოვაჩინოთ, რომელიც არავის უნახავს. გვსურს, ვაჩვენოთ პოზიტივი, რომელიც მათგან მოდის.
- როგორ ფიქრობ, ვინ იქნება ყველაზე კარგი რესპონდენტი შენი რუბრიკისთვის?
- რომ გითხრათ, რომელიმე მინისტრის ჩაწერაზე ვოცნებობ-მეთქი, მოგატყუებთ, შემიძლია, გითხრათ, რომ ყველა ჩემი რესპონდენტი იქნება მაგარი და ერთმანეთისგან განსხვავებული.
- შალვა რამიშვილის პირველ შოუს უარყოფითი შეფასებები მოჰყვა.
- ჩემი აზრით, მას ცუდი არაფერი გაუკეთებია. ეს გასართობი შოუა, ყველაფერი ხუმრობად უნდა მივიღოთ და გავიცინოთ. მე პირდაპირ ეთერში წავიქეცი.Aამაზე სასაცილო რა უნდა იყოს?! მთელმა საქართველომ ნახა, რომ დავეცი. სულ ვეცემი და გაუთვალისწინებელ სიტუაციაში ვხვდები. ეს, უბრალოდ, სასაცილოა.
- ანუ ყველას ხუმრობად უნდა მიეღო, რაც შალვა რამიშვილმა გიორგი გაბუნიასთან დაკავშირებით გააკეთა?
- ამ ფაქტის კომენტირება არანაირად არ მინდა, თუმცა მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ უფრო მარტივად და იუმორით მიუდგნენ ყველაფერს. ცხოვრება იმდენად ხანმოკლეა, რომ უკანასკნელ წუთს გაგვახსენდება ყველაზე ნათელი მომენტები Dდა არა ჭორები და ცუდი ამბები. ყველაზე მთავარი კი რწმენაა, რომელიც ადამიანს ცხოვრების აზრს აძლევს.
- მეუღლეს, ირაკლი ჭყოიძეს, და ახლობლებს მოეწონათ შოუ?
- ყველას ძალიან მოეწონა.
- მეუღლეს არ ჰქონია შენიშვნები?
- ცუდი არავის არაფერი უთქვამს, არც მეგობრებს და არც მეუღლეს. წესით, ყველაზე მეტი კრიტიკა უნდა მივიღო ჩემი უფროსისგან, შალვასგან და ჩემი პროდიუსერისგან. თუ ისინი კმაყოფილნი იქნებიან, ე.ი. ყველაფერი ნორმალურადაა. ხალხის ცუდ კომენტარებს კი არ ვკითხულობ. ზოგს მოსწონს და ზოგს არ მოსწონს ეს შოუ, ეს ნორმალურია. მთავარია, ჩემი სიუჟეტი სახალისო იყოს, ბევრს მოეწონოს და თუ შალვა იტყვის, შენი სამუშაო მაგრად გააკეთეო, ე.ი. მართლა კარგად ვიმუშავე. შალვას აქვს იუმორის კარგი გრძნობა. როცა ადამიანი სადმე მუშაობს, ის ყველაფერში კარგად უნდა ერკვეოდეს და შალვა ზუსტად ის ადამიანია, რომელიც ჩემს სიუჟეტებში ერკვევა.
- ''შალვა რამიშვილის შოუს'' ამსგავსებენ ''ივან ურგანტის შოუს''. შენ ხედავ ამ ორ შოუს შორის მსგავსებას?
- რაც მთავარია, საქართველოში ასეთი შოუ არაა. კარგია, რომ მაყურებელს კარგ შოუსთან გაუჩნდა ასოციაცია. მე ძალიან ვერთობი და მინდა გითხრათ, რომ ბევრი კადრი შოუს მიღმა რჩება. გადაღების დროს ბევრი თავგადასავალი მაქვს ხოლმე.
- რომელიმეს ვერ გაიხსენებ?
- სულ საღამოს კაბით დავდივარ. როგორც კი დამინახავენ, მაშინვე ამბობენ, მარგო მოვიდაო და ყველა გაქრება ხოლმე მომენტალურად.
- საღამოს კაბაში თავს კომფორტულად გრძნობ? არ გირჩევნია, გადაღებებზე ჯინსითა და კედებით იარო?
- ჩემთვის კლასიკური სტილი ავირჩიეთ. ვფიქრობთ, რომ ლამაზი და ჟურნალისტისთვის არასტანდარტულია საღამოს კაბაში სიუჟეტის გაკეთება. მომწონს, ასეთი არჩევანი რომ გავაკეთეთ. ჩვეულებრივ ჩაცმული რომ დავდივარ, ვერ მცნობენ. მიხარია, რომ თავისუფლად დავდივარ ქუჩაში, სასწავლებელში, ვხატავ და ვსეირნობ შვილთან ერთად და ყველა არ აღნიშნავს, რომ მარგო ვარ.
მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''