ქუსლებით სირბილში მოდელებს ''სუხიშვილების'' მოცეკვავემ აჯობა

დღეს, რიყის პარკში მარათონი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით სირბილში გაიმართა. კონკურსში 18-დან 25 წლამდე გოგონები მონაწილეობდნენ. თერთმეტივე კონკურსანტი უსაფრთხოებისთვის ქუსლიან ფეხსაცმელზე სკოჩებს იკრავდა ზემოდან. მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასაცილებლად კი იქვე სასწრაფო დახმარების მანქანა იყო მობილიზებული. 
ბევრი რომ არ გავაგრძელო, გოგონებმა მართლაც გმირულად ''იბრძოლეს'' საინტერესო პრიზებისთვის. გამარჯვება კი მოცეკვავე ანი მგელიაშვლს ხვდა წილად. პირველ ადგილის მფლობელს სპონსორებმა ორკაციანი საგზური გადასცეს ანტალიაში, მეორე ადგილზე გასულ გოგონას - ფულადი ჯილდო, 500 ლარი. მესამე ადგილის მფლობელი კი 300 ლარით დასაჩუქრდა.
გადავწყვიტეთ, გამარჯვებული - მოცეკვავე ანი მგელიაშვილი გაგაცნოთ. 


- ანი, როგორ გაიგე ამ კონკურსის შესახებ?
- წინა დღეს დედამ მითხრა, ორიგინალური კონკურსი ტარდებაო. მაშინვე მონაწილეობა მომინდა. სირბილი ყოველთვის მიზიდავდა, ყოველ დილას ვვარჯიშობ. ეს ჩემი სტილია.
- როგორც ვიცი, 18 წლის ხარ, ჯერ კიდევ სკოლაში სწავლობ. თუ გაქვს ქუსლიან ფეხსაცმელზე სიარულის გამოცდილება მაინც?
- კი სკოლაში ვსწავლობ, დამამთავრებელ კლასში გადავედი. ქუსლიან ფეხსაცმელზე სიარული არასდროს მხიბლავდა, წელიწადში 1-2 ჯერ თუ ჩავიცვამ ხოლმე, ისიც წვეულებებზე, განსაკუთრებულ დღეებში. ზოგადად კედებს ვამჯობინებ. მაგრამ სირბილი იმდენად მიყვარს, ქუსლებმაც ვერ შემიშალა ხელი.
- ტრავმების არ გეშინოდა?
- არა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სახიფათო იყო. მომწონს ექსტრემალური და საშიში სპორტი.
- გამარჯვების იმედი თუ გქონდა?
- ზოგადად ხელს ისე არაფერს ვკიდებ, თუ დარწმუნებული არ ვარ, რომ ბოლომდე მივიყვან საქმეს. გამარჯვების იმედი, რა თქმა უნდა, მქონდა, ისევე როგორც კონკურსის ყველა მონაწილეს.
- როგორ გგონია, რით სჯობდი სხვებს, რამ განაპირობა შენი გამარჯვება?
- ალბათ იმით, რომ ყოველდღიურად ვვარჯიშობ, გარდა ამისა ღრმა ბავშვობიდან, ბაღის ასაკიდან ვცეკვავ სხვადასხვა ანსამბლებში, ახლა უკვე ''სუხიშვილებში''. იქ იმხელა დატვირთვა გვაქვს, ეს გარბენი ჩემთვის არაფერი იყო. ამხელა ქუსლზე ვცეკვავთ, უბრალოდ იმას წვრილი ქუსლი არ აქვს. გასხვავება მხოლოდ ეს იყო. 
- ვის წაიყვან ანტალიაში?
- დედასთან ერთად წავალ, რომელიც დიდი ემოციებით მგულშემატკივრობდა. ბოლოს დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამ კონკურსის სპონსორებსა და ორგანიზატორებს. ორიგინალური და ჯანსაღი წამოწყებაა, ვფიქრობ ყოველწლიურად უნდა ჩატარდეს.

სალომე დადიანი
სპეციალურად საიტისთვის