რუსეთაველის გამზირზე წარმოშობით 4 აფრიკელს ფიზიკურად გაუსწორდნენ,-ამის შესახებ „ექსპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება.
სიტყვიერი შელაპარაკება ქართველებსა და აფრიკელებს შორის, სავარაუდოდ, მათი წარმოშობის გამო მოხდა. კორესპონდენტის ინფორმაციით, აფრიკელებს თან 4 ქართველი ქალბატონი ახლდა.
„საქართველოში რა გინდათ თქვენი … მოშორდით აქედან, აქ თქვენი ადგილი არ არის“,-მიმართავდნენ ეთნიკურად ქართველები აფრიკელებს.
აღნიშნულ გამონათქვამებს აფრიკელების მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფა მოჰყვა, რის შემდეგადაც ინციდენტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ინციდენტში მხარეებს შორის დაპირისპირების განმუხტვას რამდენიმე მოქალაქე შეეცადა და ადგილიდან აფრიკელების გაყვანა მოხერხდა.
ადგილზე პოლიცია მომხდარიდან რამდენიმე წუთში გამოცხადდა და ინციდენტში მონაწილე პირები ადგილიდან გაარიდა.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურში განუცხადეს, პოლიციამ 3 ადამიანი დააკავა. გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 166-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.