როგორ ვებრძოლოთ ჩაბრუნებულ თმას

თმა ბრუნდება კანში, როცა მას ვიცილებთ თმის ზრდის მიმართულების გაუთვალისწინებლად. ამიტომაც ის იწყებს არასწორი მიმართულებით ზრდას, რაც იწვევს თმის ჩაბრუნებას.  
კანის გაღიზიანებისა და სიმშრალის საწინააღმდეგოდ ეპილაციის შემდგომ კოსმეტოლები იყენებენ სპეციალურ ლოსიონებს. ეს საშუალებები კანზე დამამშვიდებლად და დამატენიანებლად მოქმედებს, ნაზად ადეზინფიცირებს მას.

სპეციალური ლოსიონები, რომლებიც შედის პროფესიონალურ სერიაში, არა მხოლოდ თმის ჩაბრუნების პროფილაქტიკაა, არამედ თმის ზრდის შესანელებელი საშუალებაც გახლავთ.

იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ თმის ჩაბრუნება, უნდა შეეცადოთ, ზედმეტი თმა ამოიღოთ მხოლოდ თმის ზრდის მიმართულებით. განსაკუთრებით ამას ყურადღება უნდა მიაქციოთ იღლიაში და ბიკინის ზონაში თმის მოცილებისას, სადაც ყველაზე ადვილად შეიძლება ჩაბრუნდეს თმა. 

ძალიან კარგია კანის რეგულარული, მსუბუქი პილინგი იმ ადგილებში, სადაც მოიცილეთ ზედმეტი თმა. 
პილინგი აცილებს ეპიდერმისის მკვდარ ფენას, რითაც თმას საშუალებას აძლევს, კანიდან თავისუფლად ამოყოს თავი და არ ჩაიზარდოს. 

გარდა პილინგისა, თმის ჩაბრუნების თავიდან ასაცილებლად კარგია, თუ გამოიყენებთ ბუნებრივი საშუალებისგან დამზადებულ უხეშ ტანის სახეხს ან ხელთათმანს. 

თუ ეპილაციის ადგილას სისტემატურად გიღიზიანდებათ კანი, უმჯობესია, თუ მაშინვე დაიმუშავებთ ამ ადგილებს ნებისმიერი ანტისეპტიკური საშუალებით. რა თქმა უნდა, იხელმძღვანელეთ თან დართული ინსტრუქციით. 

თმის სისტემატური ჩაბრუნება უკვე იმის ჩვენებაა, რომ აუცილებლად მიაკითხოთ პროფესიონალ კოსმეტოლოგ-დერმატოლოგს.