პენტაგონმა ადამიანის ტვინზე ჩატარებული ექსპერიმენტების დეტალები გამოაქვეყნა

საშინელ ექსპერიმენტებს ადამიანის თავის ტვინზე ზემოქმედებისთვის ამერიკელები ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იანი წლების ბოლოდან ატარებდნენ, თუმცა ამ რთული პროცედურების შესახებ მეტ-ნაკლებად დეტალური ინფორმაცია პენტაგონმა მხოლოდ ახლაღა გაავრცელა...

17 გვერდიან დოკუმენტს საკმაოდ გრძელი სახელწოდება აქვს მიღებული: ''დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს მხარდაჭერით თავდაცვის სამინისტროს მიერ ჩატარებული ექსპერიმენტული პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ადამიანებს ტვინზე ზემოქმედებისთვის სპეციალურ პრეპარატებს აძლევდნენ''.



პროექტის განხორციელება 1977 წლიდან დაიწყო, თუმცა როდემდე გასტანა, აღარ კონკრეტდება...
პენტაგონის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტიდან ერთ-ერთი ყველაზე ყურადსაღები პროგრამა ''ემ კა-ულტრა'' გახლავთ, რომლის ფარგლებშიც ათასობით ადამიანს, რომლებმაც ექსპერიმენტის შესახებ საერთოდ არაფერი იცოდნენ, ჰალუცინოგენურ პრეპარატებს აძლევდნენ.


აღნიშნული პროექტის მიზანი, რომელსაც თავდაპირველად ამერიკის სამხედრო-საჰაერო ძალები აფინანსებდა, ტვინის შერყევის შედეგების შესწავლა გახლდათ. მისი დაწყებიდან უმოკლეს პერიოდში მეცნიერებმა დაადგინეს, რომ თავში ძლიერად ჩარტყმა ამნეზიას იწვევდა, რისი შედეგიც გახდა ის, რომ გადაწყდა ისეთი მედიკამენტოზური მეთოდის გამოყენება, რომელსაც ტვინის შერყევა... ფიზიკური ტრავმის გარეშე უნდა გამოეწვია.
შემდგომ ეტაპზე სამხედრო-საჰაერო ძალები პროცესს ჩამოსცილდა და მისი პატრონაჟი დაზვერვას გადაეცა – როგორც ჩანს, შედეგები საკმაოდ სერიოზული იყო და მას უფრო ძლიერი უწყება სჭირდებოდა.
ყოფილა კიდევ ერთი ასეთი პროექტი ''ემ კა-ნაომი'', რომლის მიზანიც პენტაგონის დოკუმენტში ძალიან მოკლედაა აღწერილი. კერძოდ, იგი მიმართული იყო პრეპარატების ქმედითუნარიანობის განადგურებისკენ...
ეჯვუდის ლაბორატორიებში, სადაც საიდუმლო პროგრამების უმეტესი ნაწილი ხორციელდებოდა, მიმდინარეობდა კვლევა პატიმრებზე ყოველგვარი ნებართვის გარეშე როგორც ციხის ადმინისტრაციისგან, ისე თავად მსჯავრდებულებისგან. ექსპერიმენტის ფარგლებში, პატიმრებს ეძლეოდათ პრეპარატი, რომელიც მათ ქმედითუნარიაბას ანადგურებდა და შეიძლება ითქვას, ზომბირებას უწევდა. აღნიშნულ ექსპერიმენტში ყველაზე მთავარი ის გახლავთ, რომ ერთი შეხედვით იგი ყოვლად უწყინარი ჩანდა - ციხეში გამომწყვდეულ დამნაშავეებს ხელზე ჩვეულებრივ ლენტს აკრავდნენ, რომელიც სინამდვილეში სპეციალური ნივთიერებით იყო გაჟღენთილი და მთელ ორგანიზმზე საშინელ რეაქციებს ახდენდა...


პენტაგონის დოკუმენტის დახმარებით დღის სინათლეზე გამოდის კიდევ ერთი პროგრამა, სახელწოდებით ''ემ კა-ოფნეტი'', რომელიც თავიდან დოპამინის (ნეირომედიატორი, ასევე, ჰორმონი, რომელსაც ადამიანის სხვადასხვა ქსოვილი გამოიმუშავებს. იგი ადრენალინის ერთგვარი წინამორბედია) შესწავლის მიზნით დაიწყო, თუმცა სულ მალე მასშტაბები გაფართოვდა და პროგრამის ხელმძღვანელები უკვე ისეთი ჰალუცინოგენური შენაერთების გამოყვანაზე გადავიდნენ, რომლებიც ადამიანის ცენტრალური ნერვული სისტემისა და ქცევების შეცვლისთვის საჭირო ფარმაკოლოგიურად აქტიური პრეპარატების შექმნაში დაეხმარებოდათ. შექმნეს თუ არა ასეთი ნივთიერება ამერიკელმა სწავლულებმა, დანამდვილებით ვერაფერს გეტყვით, მით უმეტეს, რომ თავდაცვის უწყება ამ საკითხს გვერდს უვლის.
დანამდვილებით ცნობილია მხოლოდ ის, რომ ექსპერიმენტების ფარგლებში ჰეროინისა და მარიხუანას კომპონენტების გამოყენებით შეიქმნა პრეპარატი, რომელიც უცხო ქვეყნების აგენტებისა და სამხედრო ტყვეების წინააღმდეგ გამოიყენებოდა და მათ სიმართლის თქმას აიძულებდა...
ძალიან საგულისხმოა სპეციალისტების აზრი, რომლებიც განმარტენ, რომ დაზვერვის უწყების დახმარების გარეშეც, პენტაგონს ფსიქოლოგიური იარაღის არსენალი ისედაც საკმაოდ ფართე აქვს. მაგალითად, ხშირი ყოფილა შემთხვევები, როცა ამერიკის თავდაცვის სამინისტრო საკუთარ სამხედროებს ''ელ ეს დე''-თი და ასევე, კანაფის ზეთით ჭყიპავდა, რათა მათ ენერგია მომატებოდათ და დავალებაზე წასულებს შიშის გრძნობა არ გასჩენოდათ...
საინტერესოა, დაისჯება თუ არა ვინმე ამ ყველაფრის გამო, ან საერთოდაც, რა მიზანი ჰქონდა პენტაგონს, როცა ეს ყველაფერი გამოამზეურა? ზუსტი პასუხის გაცემა, ცოტა არ იყოს, რთულია, თუმცა მაინც ძალიან დიდი ეჭვი გვაქვს, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ექსპერიმენტების ჩატარესთვის პასუხისგებაში არც არავინ მიეცემა.