მკვლელობა, მკვლელობის მცდელობა, დაჭრა და ნარკოტიკები - მარგველაშვილის ოჯახის ისტორია

მკვლელობა, მკვლელობის მცდელობა, დაჭრა, ნარკოტიკები, ნეპოტიზმი - ეს არასრული ჩამონათვალია იმ საზარელი დანაშაულობებისა, რომელიც მარგველაშვილის ოჯახთან, კერძოდ კი, მაკა ჩიჩუასთან ასოცირდება. მიუხედავად იმისა რომ გიორგი მარგველაშვილი სულ რამდენიმე წელია რაც ივანიშვილის ხათრით პრეზიდენტად აირჩიეს, მან მძიმე დანაშაულობების დაფარვა, ხოლო მისი ოჯახის ახლობელი  კრიმინალების მფარველობა და ციხიდან გამოშვება მაინც შეძლო, რაც ფაქტებით და მხოლოდ ფაქტებით დასტურდება.  

რამდენიმე კვირის წინ, ჩვენ, სასამართლოს მიერ მოწოდებულ დოკუმენტებზე, კონკრეტული რესპონდენტების ჩვენებებსა და მოძიბულ ფაქტებზე დაყრდნობით ეს მასალა გამოვაქვეყნეთ, რომელიც ვფიქრობთ რომ კიდევ უფრო აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა მარგველაშვილი ღიად, ტელე-ეთერით გააკრიტიკა.

მასალები უკვე გადავუგზავნეთ საერთაშორისო ორგანიზაციებს და რამდენიმე დღეში, "მარგველაშვილისა და მისი ოჯახის საქმეს" მივაწვდით ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციას. 

კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი, თუ როგორი მძიმე, სისხლიანი და საზარელი დანაშაული ასოცირდება საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ოჯახთან. 

„პრესა.ჯი“-მ პრეზიდენტ მარგველაშვილის მეგობარი ქალის, მაკა ჩიჩუას ნახევარძმის, მიხეილ გრიგოლის ძე მგალობლიშვილის კრიმინალური წარსულის დამადასტურებელი უტყუარი დოკუმენტები - სასამართლოს განაჩენები მოიპოვა.

მაკა ჩიჩუას ძმა სამჯერაა გასამართლებული. მათ შორის დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის. ბოლო განაჩენის მიხედვით, მან და მისმა მეგობარმა, 2010 წლის 31 აგვისტოს, ახალგაზრდა მამაკაცი, მკვლელობის მიზნით დანებით დაჩეხეს. მაკა ჩიჩუას ძმა, ბოლოს 17 წლიან სასჯელს იხდიდა, თუმცა, დღეს მარგველაშვილის წყალობით გარეთაა. "ეპატია" 10 წელი.

მანამდე კი, თბილისიის საქალაქო სასამართლოდან ოფიციალურად გამოთხოვილი 2010 წლის 27 თებერვალს გამოტანილი განაჩენის მიხედვით ირკვევა, რომ მიხეილ მგალობლიშვილი, დაბადებული 1979 წელს, ქალაქ თბილისში, ნარკოტიკების მოხმარებისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით გასამართლებული იყო ჯერ კიდევ 2008 წლის 25 მარტს (სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე და სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით).

სასამართლოს ოფიციალური განაჩენიდან ვგებულობთ, რომ აღნიშნულ დანაშაულზე 2008 წელს მგალობლიშვილს სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით თავისუფალების აღკვეთა ჰქონდა განსაზღვრული.

თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ვკითხულობთ, რომ სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე დაკისრებული სასჯელიდან, მიხეილ მგალობლიშვილს 2 წლით პატიმრობა და 2 წლით პირობითი მსჯავრი მიუსაჯეს.

გარდა ამისა, ბრალდებულს დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმაც - 3 ათასი ლარის ოდენობით.

დოკუმენტიდან ირკვევა, რომ 2008 წლის 21 ნოემბერს, მიხეილ მგალობლიშვილს ამნისტია შეეხო და ბრალდებულს საბოლოოდ, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა ცხრა თვით.

აღსანიშნავია რომ მგალობლიშვილი სასჯელს ქსნის N 7- ე საერთო, მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში იხდიდა. მსჯავრდებულმა დაწესებულება 2009 წლის 29 ოქტომბერს დატოვა.

განაჩენის მიხედვით, ციხიდან გამოსულმა მგალობლიშვილმა, რომელიც იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ, მალევე ჩაიდინა ანალოგიური დანაშაული.

კერძოდ: 2009 წლის 12 დეკემბერს, პრეზიდენტ მარგველაშვილის მეგობარი ქალის ძმა დიღმის მასივში დააკავეს. ნარკოლოგიური შემოწმებისას მიხეილ მგალობლიშვილს დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალებების (ოპიუმის ჯგუფის, მეტანფეტამინის და ამფეტამინის) მოხმარების ფაქტი.

განაჩენში წერია რომ 2010 წლის 27 თებერვალს გამართულ სასამართლო პროცესზე, ბრალდებულის ადვოკატსა და პროკურორს შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება და მიხეილ მგალობლიშვილმა წარდგენილი დანაშაული სრულად აღიარა და თავი სცნო დამნაშავედ.

საბოლოო ჯამში, მაკა ჩიჩუას ძმა, ამ საქმეზეც დამნაშავედ სცნო სასამართლომ (ისევე როგორც 2008 წელს). მოსამართლე ზვიად ესებუამ, პრეზიდენტ მარგველაშვილის მეგობარი ქალის ძმას, ამჯერად სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა 2  წლითა და 9 თვის ვადით შეუფარდა, რაც საპროცესო შეთანხმებით, 3 წლიანი პირობითით შეუცვალა. ამასთან, დააკისრა ჯარიმაც - 2 ათასი ლარის ოდენობით.

მაშ ასე, როგორც დარწმუნდით, მაკა ჩიჩუას ძმა პირველად გასამართლებულია 2008 წლის 25 მარტს, ნარკოტიკების მოხმარებისა (273-ე მუხლი) და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევისათვის (353-ე მუხლის პირველი ნაწილი). მიუსაჯეს 2 წლით პატიმრობა, 2 წლით პირობითი და 3 ათასი ლარი ჯარიმა.

პრეზიდენტ მარგველაშვილის მეგობარი ქალის ძმა, მეორედ 2010 წლის 27 თებერვალს გაასამართლეს, კვლავ ნარკოტიკების მოხმარებისათვის (273-ე მუხლით). მიუსაჯეს 2 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საპროცესო შეთანხმებით, 3 წლიანი პირობითითა და 2 ათას ლარიანი ჯარიმით შეეცვალა.

მესამედ მაკა ჩიჩუას ძმა 2011 წლის 4 მაისს, ჯგუფურად, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის, სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109 მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გაასამართლეს. მიუსაჯეს 17 წლით პატიმრობა.

მოსამართლე ლელა შკუბულიანის მიერ გამოტანილ განაჩენში აღნიშნულია რომ მიხეილ მგალობლიშვილმა, მეგობართან ერთად, თბილისში, ლესელიძის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი ძირს დააგდო და მისი მოკვლა განიზრახა. კერძოდ, მან და მისმა მეგობარმა ის დანებით დაჩეხეს.

განაჩენის მიხედვით, პრეზიდენტის მეგობარი ქალის ძმამ და მისმა მეგობარმა, დაზარალებულს ჭრილობები მიაყენეს  ორივე კიდურის, მუცლის, მუცლის ღრუსა და გულ-მკერდის არეში.

დაჭრილი შემთხვევითმა გამვლელმა, უმძიმეს მდგომარეობაში მიიყვანა საავადმყოფოში. ეჭვმიტანილები მიიმალნენ. თუმცა, პოლიციამ მგალობლიშვილი იმავე დღეს, 2010 წლის 31 აგვისტოს დააკავა, მისი მეგობარი კი მეორე დღეს - 2010 წლის 1 სექტემბერს.

საქმეში მოყვანილია ათამდე მოწმის ჩვენება, რომლებმაც ამოიცნეს მაკა ჩიჩუას ძმა და მისი მეგობარი და სასამართლოს დაუდასტურეს რომ სწორედ მათ დაჩეხეს ახალგაზრდა მამაკაცი, თბილისში, ლესელიძის ქუჩაზე, 2010 წლის 31 აგვისტოს.

მოსამართლე ლელა შკუბულიანმა, 2011 წლის 4 მაისს, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის, პრეზიდენტ მარგველაშვილის მეგობარი ქალის ძმას 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მის მეგობარს კი - 14 წლით აღუკვეთა თავისუფლება.

მაკა ჩიჩუას ძმის შემთხვევაში მოსამართლემ დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნია ის ფაქტორი, რომ ის ორჯერ იყო გასამართლებული და დანაშაულის ჩადენის მომენტში პირობითი სასჯელის ქვეშ იმყოფებოდა.

ვინ და რატომ გაათვისუფლა ციხიდან, ორჯერ ნასამართლევი, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდებული მაკა ჩიჩუას ძმა?

ჩვენი ინფორმაციით, 17 წლით პატიმრობამისჯილი მაკა ჩიჩუას ძმა დღეს თავისუფალია. ერთი ვერსიით ის პრეზიდენტმა მარგველაშვილმა შეიწყალა, მეორე ვერსიით კი - მარგველაშვილის თხოვნით ვადაზე ადრე გამოუშვეს ციხიდან.

სასჯელაღსრულება, პროკურატურა და შსს აცხადებს რომ ვინაიდან საკითხი პირადი ინფორმაციის ელემენტებს შეიცავს, ამიტომ ვერ გვეტყვის რატომ და როგორ გათავისუფლდა ციხიდან მრავალჯერ გასამართლებული მიხეილ მგალობლიშვილი. იგივეს გვეუბნებიან შეწყალების კომისიაშიც.

კომისიის თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი, წევრები ლია მუხაშავრია და ზვიად ქორიძე ჩვენთან საუბრისას აცხადებენ რომ პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ პატიმართა ვინაობა კონფიდენციალურია და მისი გასაჯაროვება არ შეუძლიათ. მუხაშავრიას მტკიცებით, ამიტომ ვერ გაგვცემენ პასუხს კითხვაზე - შეიწყალა თუ არა, მარგველაშვილმა თავისივე მეგობარი ქალის ძმა.

ჩვენ დავუკავშირდით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას. მათი წარმომადგენლის განცხადებით, თუ პირი სსკ-ის 19,109 მუხლით იყო მსჯავრდებული 2010 წლის 31 აგვისტოს ჩადენილი დანაშაულისათვის, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ განხორციელებული მასობრივი ამნისტიით ციხიდან ვერ გათავისუფლდებოდა.

„ეს ამნისტია 19,109 მუხლით გასამართლებულ პირებს სასჯელისგან სრულად არ ათავისუფლებდა. მას ამნისტიის შედეგად მაქსიმუმ სასჯელი შემცირებოდა“, - გვითხრეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში.

იგივე გვითხრა პარლამენტის წევრმა და თბილისის ყოფილმა პროკურორმა, გიორგი ღვინიაშვილმაც. მისი თქმით, ასეთი მძიმე დანაშაულის შემთხვევაში, მსჯავრდებული პირი, ამნისტიის შედეგად, სასჯელისგან სრულად ვერ გათავისუფლდებოდა. ანუ მხოლოდ ¼-ით შეუმცირდებოდა საჯელი. მარტივად რომ ვთქვათ,  ციხეს კიდევ 7 წელი (ისიც სასჯელის არა ¼-თ, არამედ განახევრების შემთხვევაში) ვერ დატოვებდა.

ვინ არის მაკა ჩიჩუას სიძე?

მარგველაშვილის ოჯახის ირგვლივ ნარკოტიკებისა და კრიმინალის თემა საკმაოდ აქტუალურია. კერძოდ: პრეზიდენტის მეგობარი ქალის, მაკა ჩიჩუას შვილის, მაშო ჩიჩუას ქმარი, მინდია გოგოჭური, რამდენიმე თვის წინ „კოკაინის“ „პერედოზოროვკით“ რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციის განყოფილებაში მოხვდა. მაშინ, ეს ფაქტი ოფიციალურადაც დადასტურდა.

გარდა ამისა, მინდია გოგოჭურს ადანაშაულებენ 23 წლის ზურაბ ტარყაშვილის მკვლელობაშიც. მოკლულის მშობლები აცხადებენ რომ ზურა ტარყაშვილი მათ შორის მინდია გოგოჭურმა მოკლა.

მოკლულის ოჯახმა პროკურატურაში წარადგინა ფოტო და ვიდეო მტკიცებულებაც, თუმცა, მათი თქმით, იმის გამო რომ „მკვლელ მინდია გოგოჭურს პრეზიდენტი მარგველაშვილი მფარველობს, პროკურატურა მას მკვლელობის ბრალდებას არ უყენებს“.

„ჩვენ მოგვიანებით შევიტყვეთ ზურას მკვლელობაში მინდია გოგოჭურის მონაწილეობის შესახებ. მანამდე გვქონდა გარკვეული ინფორმაციები, მაგრამ ვიდრე არ გადავამოწმეთ და არ მოვიპოვეთ მტკიცებულებები, ამის შესახებ ხმამაღლა არ გვითქვამს.

ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მოვიძიეთ ვიდეო-კადრების დამატებითი ნაწილი, საბოლოოდ დავრწმუნდით იმაში რომ ზურა, რუსიშვილის, გოგბერაშვილის, აგლაძისა და ჯოხაძის გარდა, მინდია გოგოჭურმა მოკლა. მტკიცებულებების დიდი ნაწილი გადავეცით პროკურატურას.

პროკურატურაში გამომძიებელმა პირდაპირ გვითხრა რომ ზურას ერთ-ერთი მკვლელი ნამდვილად მინდია გოგოჭურია. გამომძიებლები ამ ფაქტს ადასტურებენ, მაგრამ აცხადებენ რომ მკვლელობის ბრალდებას ვერ წაუყენებენ.

ამის მიზეზი ისაა, რომ თუ ადრე ჩვენი შვილის ერთ-ერთ მკვლელს, მინდია გოგოჭურსა და მის კრიმინალურ ბანდას „კუდი“ მფარველობდა, ახლა პრეზიდენტი მარგველაშვილი მფარველობს.

გოგოჭური მაკა ჩიჩუას სიძე და მარგველაშვილის შვილობილის, მაშო ჩიჩუას ქმარია“, - აცხადებენ ზურაბ ტარყაშვილის მშობლები და დახმარებას საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს სთხოვენ.

 „ვთხოვთ ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს რომ დაგვეხმაროს, რათა კანონის მიხედვით დაისაჯოს ჩვენი შვილის ერთ-ერთი მკვლელი, მინდია გოგოჭური, რომელმაც ზურას მკვლელობის შემდეგაც არაერთი დანაშაული ჩაიდინა.

მაგალითად, ახალი ხელისუფლების დროს, გოგოჭურმა, პრეზიდენტის შვილის, ანა მარგველაშვილის გამო, ცეცხლსასროლი იარაღით  ფეხში  დაჭრა ბაჩო სირაძე. დაჭრა მოხდა სოლოლაკში, გერგეთის ქუჩაზე.

თუმცა, ის არც მაშინ დაუსჯია ვინმეს. გოგოჭური ადრე მკვლელობის მცდელობის ბრალდებითაც იძებნებოდა. ცოტა ხნის წინ კი, ნარკოტიკების გამო საავადმყოფოშიც იყო, მაგრამ ისევ არავის მოუთხოვია მისთვის პასუხი.

კიდევ ვინმე უნდა მოკლას გიორგი მარგველაშვილის მეგობარი ქალის სიძემ, მინდია გოგოჭურმა რომ პოლიცია მისით დაინტერესდეს?“.

"მე ზუსტად და დეტალებში ვიცი რა და როგორ მოხდა. ვინ მოკლა ზუკა. ვინ როდის და საიდან ესროლა. რამდენი ადამიანი მონაწილეობდა ზუკას მკვლელობაში, ვინ იღებდა მონაწილეობას ზუკას მკვლელობის მომზადებაში. ვის მიუძღვის წვლილი, პირდაპირი თუ ირიბი მნიშვნელობით ამ საქმეში. ვინ როგორ დაეხმარა იმ "ტურებს", რომლებმაც ზუკა მოკლეს და ა.შ... 

ჩემთის არანაირი მნიშვნელობა აქ აქვს რას იტყვის ვინმეს ადვოკატი, ოჯახის წევრი. ეს ვერ შეცვლის ვერაფერს, რადგან უკვე ყველაფერი გარკვეულია - ზუკა, რომელსაც არანაირი დანაშაული არ მიუძღოდა, დღეს ჩვენთან აღარ არის. ის მოკლეს, არასწორად, არასამართლიანად. უიარაღო ზუკას ტურებივით დაესიენ და ყველა მხრიდან ესროლეს".

ცნობისათვის: ზურა ტარყაშვილი 2011 წლის 17 ოქტომბერს მოკლეს. მისი მკვლელობისთვის მსჯავრდებულია ივერი გოგბერაშვილი და დავით რუსიშვილი, ხოლო ირაკლი აგლაძეს დაუსწრებლად აქვს სასჯელი შეფარდებული.

მოკლულის ოჯახი, მტკიცებულებებსა და მოწმეების ჩვენებებზე დაყრდნობით აცხადებს რომ ტარყაშვილი გოგბერაშვილის, რუსიშვილისა და აგლაძის გარდა, მინდია გოგოჭურმა და დავით ჯოხაძემ მოკლეს.

მათი თქმით, გოგოჭურმა, ზურას ერთ-ერთმა პირველმა ესროლა, მკვლელობის იარაღი გზაზე დააგდო და „თბილისი მარიოტისკენ“ გაიქცა.

რაც შეეხება ჯოხაძეს, მან ტარყაშვილს ზურგიდან ესროლა, მკვლელობის იარაღი ურნაში ჩააგდო და პარლამენტისკენ გაიქცა. ამის შემდეგ ტარყაშვილს ესროლეს აგლაძემ, გოგბერაშვილმა და რუსიშვილმა.

დავით ჯოხაძე იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის მეგობრების, „პლეხანოველი“ ძმების, სოსო და გიორგი ჯოხაძეების ბიძაშვილია.

პროკურატურაში აცხადებენ რომ მას, უახლოეს მომავალში წაუყენებენ ტარყაშვილის მკვლელობის ბრალდებას. თუმცა, დაზარალებულის თქმით, „ეს უახლოესი მომავალი უკვე წელიწადნახევარია გრძელდება“.

გოგოჭურის მეგობარი ჯოხაძე ამჟამად ტარყაშვილის მკვლელობის საქმეში დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით იძებნება. ოფიციალური მონაცემებით, ტარყაშვილის მკვლელობის გამოძიება, მკვლელობაში მონაწილე სხვა პირთა დადგენის მიზნით, ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია, გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა კომენტარს არ აკეთებენ

პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და გიორგი მარგველაშვილი, მაკა ჩიჩუას ძმის, მიხეილ მგალობლიშვილისა და სიძის, მინდია გოგოჭურის კრიმინალურ წარსულზე დუმილს ამჯობინებენ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პიარისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, შალვა რამიშვილი მაკა ჩიჩუას ძმაზე საუბარს გაურბის, მარგველაშვილის პრესსამსახურის უფროსი, თიკო მჟავანაძე გვემალება, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, სოფო ჯაჯანაშვილი კი აცხადებს რომ „კომპეტენტური არ არის“. 

ხოლო პრეზიდენტ მარგველაშვილის საყვარელი ქალის უახლოესი მეგობარი, თინა ალექსიშვილი გვიცხადებს რომ „მაკა ჩიჩუა და მისი ძმა უბრწყინვალესი ადამიანები არიან“. „მოხდა შეცდომა და ყველაფერი გაირკვევა“, - ამბობს თინა ალექსიშვილი კითხვაზე: იცით თუ არა, რატომ გაასამართლეს მაკა ჩიჩუას ძმა?

ცხადია, შეცდომა თითოეულ ჩვენგანს შეიძლება მოუვიდეს.თუმცა, როგორც ერთ-ერთ პოპულარულ სერიალში იყო: ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ, ხუთჯერ, ექვსჯერ, შვიდჯერ, მაგრამ რვაჯერ?

თინა ალექსიშვილი სატელეფონო საუბრის დროს, ძალიან გაღიზიანდა, როდესაც მაკა ჩიჩუა მარგველაშვილის მეგობარ ქალბატონად მოვიხსენიეთ. „ის გიორგი მარგველაშვილის მეგობარი ქალი კი არა, მისი ცოლია“, - გვითხრა მან.

თუმცა, პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (president.gov.ge), მარგველაშვილის ბიოგრაფიაში მითითებულია რომ პრეზიდენტს ჰყავს არა მეუღლე, არამედ მეგობარი ქალი - მაკა ჩიჩუა.

P.S: ვიმედოვნებთ რომ მაკა ჩიჩუას ძმის, სიძის კრიმინალური წარსულითა და პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ კრიმინალების მფარველობით, სხვა მედია-საშუალებები და ქართული ტელეკომპანიები აქტიურად  დაინტერესდებიან.

ვიმედოვნებთ იმასაც რომ ამ საკითხებს შეისწავლიან არასამთავრობოები და პოლიტიკოსები, მათ შორის ქვეყნის მთავარი ოპოზივიური პარტია, რომელიც პრეზიდენტ მარგველაშვილის კრიმინალური კლანით, მასთან დაკავშირებული მკვლელობის საქმითა თუ მაკა ჩიჩუას სამჯერ გასამართლებული ძმით აქამდე არ დაინტერესებულა.

ვიდრე გიორგი მარგველაშვილის „დაკრიშულ“ კრიმინალებსა თუ მეგობარი ქალის ძმასა და სიძეს, კიდევ არ ჩაუდენიათ სხვა მძიმე დანაშაული, იქნებ სამართალდამცველებმა თავიანთი ფუნქცია შეასრულონ.

და ბოლოს, კატეგორიულად ვაცხადებთ რომ თუ ჩვენი კომპანიის რომელიმე თანამშრომელს, სტატიის ავტორს, ამ თემების გამოძიებაში ჩართული ჯგუფების წევრებსა და რომელიმე წარმომადგენელს რამე დაემართება, განხორციელდება მასზე ზეწოლა, მუქარა, ძალადობა, პასუხისმგებლობა პირადად დაეკისრება საქართველოს პრეზიდენტს,  გიორგი მარგველაშვილსა და მის ოჯახს.

შენიშვნა: სტატიის გამოყენების შემთხვევაში, გთხოვთ მიუთითოთ წყარო (ბმული). სტატიაში მოყვანილი ინფორმაციები, მაკა ჩიჩუას ძმის კრიმინალური წარსულის შესახებ, ეფუძნება მხოლოდ მხოლოდ ოფიციალურ დოკუმენტებს - სასამართლოს განაჩენებს, გამოძიების მასალებ

[ეკა იაშვილი, დავით ჯაბაშვილი]

http://presa.ge/