საქართველოში, ოლიმპიადაზე ჩამოსულ სტუმრებს სასაფლაოს ხედი დახვდებათ

ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ჩამოსულ მონაწილეებს სპორტის სასახლიდან საბურთალოს სასაფლაოების ხედი დახვდებათ. 

ახალ სპორტის სასახლეს, რომელიც სასაფლაოებით არის გარშემორტყმული, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო 2015 წლის სპორტული ახალგაზრდული ოლიმპიადისთვის აშენებს, თუმცა ობიექტი სამომავლოდ გათვლილია სხვადასხვა მსოფლიო მასშტაბის ღონისძიებებისათვის.

ახალი სპორტის სასახლის ადგილმდებარეობაზე "აიპრესი" პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ერთ-ერთ წევრს, ლუკა კურტანიძეს ესაუბრა.
"მე როგორც პროფესიონალი და გამოცდილი სპორტსმენი, პირდაპირ ვიტყვი, რომ ჯერ ადგილმდებარეობით არის შეუფერებელი, რამეთუ სასაფლაოს ტერიტორიაზე შენდება და ირგვლივ, სამივე მხრივ სასაფლაოებია. ეს არ არის სპორტული ღონისძიების, სპორტული ობიექტისთვის მიზანშეწონილი ადგილი" - განაცხადა ლუკა კურტანიძემ.
ლუკა კურტანიძემ "აიპრესთან", ახალ სპორტის სასახლესთან დაკავშირებულ სხვა პრობლემებზეც ისაუბრა.
"გარდა შეუსაბამო ტერიტორიისა, არ იყო გათვლილი რისკები, რომელმაც სპორტული ობიექტების დაქსაქსვა გამოიწვია.  შენიშვნაც გვქონდა კომიტეტს თავისდროზე, რომ ეს სპორტის სასახლე აშენებულიყო იმ 5 ობიექტთან, რომელიც ამერიკის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზეა და შემდეგ არამხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში ერთ-ერთი მძლავრი ოლიმპიური სოფელი იქნებოდა.
ადგილი დღესაც არის ამერიკის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მაგრამ უკვე სპორტის სამინსიტრომ და მინისტრმა თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა.  ამ ნებსით თუ უნებლიედ დაშვებულ შეცდომებზე უნდა აგოს პასუხი იმ ადამიანმა, ვინც აიღო ამის პასუხისმგებლობა" - განაცხადა ჩვენთან საუბრისას სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრმა.
პარლამენტის წევრმა ასევე განაცხადა, რომ ახალი სპორტის სასახლე, ფესტივალის დაწყებამდე ვერ მოესწრება და სახელმწიფოს მოუწევს, დამატებითი თანხების გამოყოფა და ობიექტების მოძიება.
"ვერანაირად ვერ მოესწრება ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშებისთვის ეს ობიექტი და მოუწევს ქვეყანას კიდევ ერთხელ სხვა ობიექტის მოძიება და კიდევ რამდენიმე მილიონი იქნება დასახარჯი.
ბევრი კითხვა ჩნდება, რომელზეც პასუხია გასაცემი. მინისტრმა თქვა, რომ ყველა სპორტული ობიექტი, მათ შორის ხელბურთის სპორტის სასახლე, მოესწრება ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშებისთვის. თქვენ თვითონ შეგიძლიათ ნახოთ რა მდგომარეობაშია ეს ობიექტი და თუ ის ორ თვეში მოესწრება, მე ბოდიშს მოვიხდი მთელი ქვეყნის წინაშე".
ჩვენს კითხვაზე, "აირჩია თუ არა სამინისტრომ, მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია, თანხების დაზოგვის მიზნით", კურტანიძემ განგვიცხადა, რომ ამერიკის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე ბევრად უფრო ნაკლები თანხა დაიხარჯებოდა, ვიდრე დღეს ჯდება. საცურაო აუზისა და ხელბურთის (სპორტის) სასახლის დაჩქარებული წესით აშენებისთვის "ქართუ ჯგუფმა" დამატებით 10 მილიონი ლარი გამოყო.
"თქვენ თუ გადახედავთ გრუნტს, რომელიც იმ ტრიტორიაზეა და შემდეგ ნახავთ გრუნტს, რომელიც ამერიკის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზეა, დამერწმუნეთ, არაპროფესიონალიც იტყვის, რომ 10-ჯერ ნაკლები დაჯდებოდა ამ გრუნტის ჯერ დამუშავება და შემდეგ მისი ხარჯთაღრიცხვა მთლიანობაში. იქ არის ქვის ქანები, რომელიც სულ სხვა რესურსს მოითხოვს, ამერიკის საელჩოსთან, სადაც 5 ობიექტი აშენდა, იქ სხვა დატვირთვა აქვს, ასე რომ პროფესიონალსაც შეგიძლიათ ჰკითხოთ, მაგრამ არაპროფესიონალიც გეტყვით ზოგად ინფორმაციას, რომ 5-ჯერ მეტი დაჯდა ეს ორი ობიექტი, მილიონობით მეტი დაჯდა, ვიდრე გათვალისწინებული იყო ეს თავის დროზე".
შეგახსენებთ, რომ თბილისში 2015 წლის ივლისში სპორტული ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი იმართება. სახელმწიფოდან გამოიყო თანხები, რის შედეგადაც შენდება ოლიმპიური სოფელი დიღომში, ამერიკის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც იცხოვრებენ მრავალი ქვეყნიდან ჩამოსული სპორტსმენები და ასევე ჩატარდება შეჯიბრებები სპორტის სხვადასხვა სახეობაში. ოლიმპიური სოფლის ტერიტორიაზე არსებული საცხოვრებელი კორპუსების ნაწილი, ფესტივალის დასრულები შემდეგ დევნილებს გადაეცემათ. ასევე უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან შენდება სპორტის სასახლე, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაში დარჩება და დაგეგმილია არაერთი მსოფლიო მასშტაბის ღონისძიების ჩატარება.
ალეკო შარვაძის ფოტოები.