შალვა აბულაძეს არავინ მოუკლავს.

საერთო გაზეთი
არჩილ ჩუბინიძე:

შალვა აბულაძეს არავინ მოუკლავს.
სამი თვის განმავლობაში ის მამუკა ხაზარაძეს და მის დამქაშებს ემალებოდა

ინტერვიუ ადვოკატ
არჩილ ჩუბინიძესთან:

_ არჩილ, რა კავშირი აქვს `თიბისი~ ბანკის ხელმძღვანელს მამუკა ხაზარაძეს შალვა აბულაძის საქმესთან?
_ როგორც კი შალვა აბულაძემ განაცხადა, ჩემი პირველი მტერი მამუკა ხაზარაძეაო, მითხრეს, რომ რამდენიმე წუთში `თიბისი~ ბანკის ყველა თანამშრომელს მიუვიდა სატელეფონო შეტყობინება: მამუკა ხაზარაძეს აღარ აქვს აქციები ბორჯომის წყლის კომპანიებშიო.

გასაგებია, რომ ამ საქმიდან თავის დაძვრენა უნდა, მაგრამ პოლიციის შენობასთან დაკავშირებულ მოვლენებზე რას იტყვის, ესაა საინტერესო. ეს არის თემა, რომელსაც თავს ვერ დააღწევს. პოლიციის შენობის გარემონტებას ვგულისხმობ.
_ მკითხველისთვის გასაგები რომ იყოს, გთხოვთ მოგვიყევით ამ ფაქტის შესახებ.
_ ბორჯომის რაიკავშირის უნივერმაღის შენობა გაქირავებული იყო `თიბისი~ ბანკის ფილიალზე, თუმცა შენობა რაიკავშირის მეპაიეებს ეკუთვნოდათ. მათ არ გაყიდეს ქონება, მაგრამ მეპაიეები რიგრიგობით დაიჭირეს სხვადასხვა ბრალდებებით. ზოგს წამალი ჩაუდეს, ზოგს იარაღი და დააკავეეს, მეპაიეების ნაწილმა ქონება სახელმწიფოს გადასცა საჩუქრად, სახელმწიფომ კი მისცა ხაზარაძეს.
_ აჩუქა?
_ ნასყიდობის ხელშეკრულებაში წერია, რომ ხაზარაძემ 290 000 ლარი უნდა გადაიხადოს შენობის რემონტში და 60 000-ად უნდა შეიძინოს კომპიუტერული ტექნიკა და ავეჯი.
ანუ არსებობს ვარაუდი, რომ ხაზარაძემ განაცხადა, რომ ეს შენობა უნდოდა მას. მეპაიეები ჩამოიშორეს, სახელმწიფოსთვის გადააცემინეს ქონება, ხაზარაძემ იყიდა და დაასაჩუქრა სახელმწიფო სტრუქტურა _ პოლიცია გარემონტებული შენობით და ავეჯით. საქმე ის გახლავთ, რომ ახლაც იგივე პოლიცია მუშაობს იმ შენობაში იგივე შემადგენლობით. ერთადერთი, რაც შეიცვალა, ეს არის პოლიციის უფროსი მამუკა ხვედელიანი.
ის ცნობილი აქციები რომ მოეწყო ბორჯომში, აქციაზე მხოლოდ ბორჯომის წყალზე არ ყოფილა საუბარი. აქციას ესწრებოდა 150-200 ადამიანი. მოგეხსენებათ, რაიონისთვის არცთუ მცირე რაოდენობაა. აქციაზე დაისვა არა მხოლოდ ბორჯომის წყლის, არამედ ბორჯომში არსებული თითქმის ყველა პრობლემის გადაჭრის საკითხები.
_ ამ აქციის ფოტოსურათი ინტერნეტქსელში გავრცელდა. ფოტოზე ჩანს შალვა აბულაძეც. რა სტატუსით ესწრებოდა ის ამ აქციას?
_ აბულაძე აქციას ესწრებოდა, როგორც რიგითი ბორჯომელი. იგი ყოველთვის იყო საზოგადოებრივად აქტიური ადამიანი.
სხვათა შორის, შალვა აბულაძე პირველად მამუკა ხაზარაძის მეგობარმა, ბორჯომის პოლიციის უფროსმა ხვედელიანმა დაიჭირა.
მაშინ შალვას კონფლიქტი მოუვიდა ადამიანთან, რომელმაც ესროლა შალვა აბულაძის დეიდაშვილს. იგი შალვასთან ერთად იყო ინციდენტის დროს. მაშინ აბულაძის დეიდაშვილი და თვითონ შალვაც დაჭრეს. შალვამაც ესროლა და ისიც დაიჭრა. მაშინ მიუსაჯეს 20 წელი მკვლელობის მცდელობისთვის.
2014 ბორჯომში პოლიციელის მკვლელობის ინციდენტამდე, შალვა აბულაძემ ორგანიზება გაუკეთა ბორჯომში იმ საპროტესტო აქციას, ზემოთ რომ გითხარით. აქციაზე გაჟღერდა პროტესტი, რომ ბორჯომის მოსახლეობას არ აძლევდნენ მინერალური წყლით სარგებლობის საშუალებას. აქციაზე ითქვა, რომ დაჩაგრულები არიან კერძო მეწარმეები, გააპროტესტეს პოლიციის შენობის რემონტის სანაცვლოდ ხაზარაძისთვის უნივერმაღის შენობის გადაცემა და ა.შ.
ამ აქციის შემდეგ დაინახა მამუკა ხაზარაძემ საფრთხე შალვა აბულაძეში.
_ არჩილ, თქვენ ამბობთ, რომ აბულაძეს ბორჯომის ინციდენტის დროს პოლიციელი არ მოუკლავს?
_ შალვა აბულაძეს ბორჯომში პოლიციელი არ მოუკლავს. მაგრამ ზუსტად რა მოხდა იქ, ეს სამართალდამცავი სტრუქტურების კვლევის საგანია.
_ სად იმყოფებოდა იმ ინციდენტის დროს შალვა აბულაძე, იცით ეს თქვენ?
_ მე ის ვიცი, რომ აბულაძე სამი თვის განმავლობაში დევნილობაში იყო. ის იმალებოდა.
_ ვის ემალებოდა?
_ როგორც თვითონ აცხადებს მამუკა ხაზარაძეს და მის დამქაშებს.
ხაზარაძემ ჯერ მოქრთამვა მოუნდომა აბულაძეს, შემდეგ ხალხი მიუგზავნა მუქარით სავსე ულტიმატუმებით.
_ ფულს სთავაზობდა?
_ დიახ, სთავაზობდა ფულს, ბორჯომის წყლის ჭაბურღილებს და სხვადასხვა `სიკეთეებს~.
_ რამდენადაც ვიცი, შალვა აბულაძეს ბორჯომში პატარა ბიზნესიც ჰქონდა.
_ აბულაძეს ასევე ჰქონდა ბიზნესი ბორჯომში. დაკავების შემდეგ ეს საქმიანობა ოჯახის წევრებს გადააბარა. ასე ირჩენდა თავს ციხეში და ოჯახის წევრებიც ახერხებდნენ თავის გატანას.
ციხეში ყოფნის პერიოდშივე აბულაძემ ოფიციალურად დააფუძნა პატიმართა დახმარების ფონდი. ამ ფონდში ადამიანები ნებაყოფლობით შემოწირულობებს ახორციელებდნენ. ამ შემოწირულობებით ეხმარებოდა იგი გაჭირვებულ პატიმრებს და მათ ოჯახებს. მან პატიმრობის პერიოდში დაიწყო ბორჯომის რაიონის ნიჭიერი მოსწავლეებისთვის სკოლებში ე. წ.სტიპენდიების გაცემა. 50 ლარს უხდიდა ყოველ თვე ნიჭიერ და სწავლას მოწადინებულ ბავშვებს.
ციხიდან გამოსულმა სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით გამართა აქციები _ ბორჯომის ცენტრში დარგეს ნერგები, დაასუფთავეს ქალაქი, შეძლებისდაგვარად კეთილმოაწყვეს ქალაქის ცენტრი და ა.შ. მისი ინიციატივით ბორჯომში იკვრებოდა პლაკატები წარწერით: ბორჯომის წყალი გველეშაპის ხელშია! პლაკატზე გამოსახული იყო წყაროსთან გველეშაპი და ა.შ.
მოსახლეობა პროტესტს გამოხატავდა სააკაშვილის პერიოდში წართმეული ქონების დაბრუნების მოთხოვნით.
ერთ-ერთი ასეთი ქონება იყო ბორჯომის რაიკავშირის შენობა, სადაც `თიბისი~ ბანკის ფილიალი იყო განთავსებული.
მოკლედ, აქციაზე, რომლის კადრებიც გავრცელდა, მიიტანეს კუბო ყვავილების თაიგულებით. შალვა აბულაძე აქციის მსვლელობისას მედიასთან აცხადებს: ამ ჩასასვენებელში მოვათავსეთ ბორჯომის პრობლემები და ეს პრობლემები დავასაფლავეთო.
ისეთი ბანკისთვის, როგორიც არის `თიბისი~ და თვით მამუკა ხაზარაძე, ეს, ალბათ, შეურაცხმყოფელი იყო. მით უფრო, თუ ხაზარაძე დანაშაულებრივ გარიგებაშია ბორჯომის პოლიციასთან, ასეთ შემთხვევაში ამ ბანკთან ურთიერთობის გაბმა ნებისმიერი მესაკუთრისთვის სახიფათოა, სიცოცხლის, ქონების ან თავისუფლების დაკარგვის კუთხით.
ამ მოსაზრების გახმაურება ხაზარაძის ავტორიტეტს მნიშვნელოვნად არყევდა ბორჯომში.
აბულაძე ამბობს, რომ იმ დღიდან დაიწყო მასზე ზეწოლები.
ამ ზეწოლების შესახებ იცოდა ბორჯომის პოლიციამაც. აბულაძეს არაერთი განცხადება აქვს შეტანილი ბორჯომის პროკურატურაში, აძლევდა ინტერვიუებს მედიაგამოცემებს შექმნილ გაუსაძლის მდგომარეობასთან დაკავშირებით.
ამ პერიოდს ემთხვევა სწორედ მისი მოსყიდვის მცდელობები. სთავაზობდნენ _ დიდი მილით გამოგიყვანთ ბორჯომის წყალს, ოღონდ ხაზარაძის გვარს ნუ ახსენებო.
_ ხაზარაძე სთავაზობდა?
_ როგორც თვითონ აცხადებს, შუამავლები ხაზარაძის ხალხი იყვნენ.
მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ მას დიდი არმია ჰყავს, 6 000 კაცი და რომელი მათგანი იყო, ეს ღმერთმა იცის.
ამ წინადადებას რომ არ დასთანხმდა, მიუგზავნეს კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანი. _ ღამით ჩემი სახლის კართან იდგა და უშვერი სიტყვებით იგინებოდაო, _ ამბობს შალვა აბულაძე.
ამ ფაქტთან დაკავშირებითაც არაერთი საჩივარი აქვს შეტანილი აბულაძეს ბორჯომის პოლიციაში, შსს-ში, მთავრობის კანცელარიაში, სხვადასხვა უწყებაში. შსს-ს გენერალურ ინსპექციაში და ა.შ. თუმცა ამ განცხადებებზე, როგორც გითხარით, რეაგირება არ ყოფილა.
_ ყველა ინციდენტზე ხელს ხაზარაძისკენ რატომ იშვერს?
_ ბორჯომში როდესაც ღამით აბულაძის სახლთან კრიმინალური წრის წარმომადგენელი გინებით იკლებდა იქაურობას და როგორც აბულაძე ამბობს, გაიძახოდა: კაი ბიჭების საქმე არ არის აქციების მოწყობა! რა გინდა ხაზარაძისგან, თავი დაანებეო და ა.შ.
აქ კავშირებს ვერ ხედავთ?
ამის შემდეგ წავიდა სახლიდან აბულაძე და გაერიდა სიტუაციას.
რამდენადაც ვიცი, მას ქვეყნიდან წასვლა უნდოდა და თუმცა საბუთები წესრიგში ჰქონდა, არ გაუშვეს.
შალვა აბულაძე 2014 წლის დეკემბრიდან დევნილობაში იმყოფებოდა, რომ გარიდებოდა სიტუაციას და მოსალოდნელ კონფლიქტებს კრიმინალური წრის წარმომადგენლებთან, რომლებიც, როგორც არაერთხელ უთქვამს აბულაძეს, იყვნენ ხაზარაძის მიგზავნილები.
_ ანუ მამუკა ხაძარაძეს კრიმინალებთან აქვს ურთიერთობა?
_ ალბათ აქვს კავშირები პოლიციასთანაც და კრიმინალებთანაც.
პოლიცია და კრიმინალები ამ შემთხვევაში ერთად არიან. თუკი იარაღს უდებენ მოქალაქეებს, კრიმინალებისგან ასეთი პოლიციელები რით განსხვავდებიან?
შალვას ჰქონდა იარაღი, მაგრამ საქმეში ჩანს ორი იარაღი. მაგრამ თანმიმდევრობით მოვყვები.
მოკლედ, აბულაძე არის დევნილობაში და იგებს, რომ ბორჯომის ცენტრში ორი პოლიციელი დაუჭრიათ. რის გამოც დაიწყეს აბულაძის ძებნა დასაჭერად.
ამის შემდეგ მოხდა მეორე უბედურება _ პოლიციელის მკვლელობა თბილისში.
ორივე მკვლელობა მომხდარია `გლოკის~ სისტემის იარაღით.
_ ეს იარაღი შალვა აბულაძეს ჰქონდა?
_ შალვა აბულაძე აიყვანეს მიტოვებული სახლიდან ბორჯომის გარეუბანში. ის დააკავა ბორჯომის პოლიციამ და არა სპეცნაზმა, როგორც აცხადებენ.
უკვე გითხარით, შალვა აბულაძეს ჰქონდა იარაღი. ეს იარაღი `მაკაროვს~ ჰგავს, ოღონდ სხვა სისტემისაა. მას ჰქონდა ხელყუმბარაც.
როგორც კი მან პოლიციელები დაინახა, პისტოლეტი და ხელყუმბარა გადმოყარა ფანჯრიდან, შემდეგ ავიდნენ და დააკავეს შალვა აბულაძე. მერე ატყობინებენ თბილისს. თბილისიდან მოდიან ვერტმფრენებით, შეიარაღებით, დავიჭიროთ ორი პოლიციელის მკვლელიო. ეს ყველაფერი არის ფარსი და მტკნარი ტყუილი. მაგრამ მე დღეს მაინტერესებს _ საიდან გაჩნდა შალვა აბულაძის იარაღებთან `გლოკის~ სისტემის პისტოლეტი?! ვეჭვობ, რომ ეს შეიძლება იყოს რომელიმე პოლიციელის იარაღი, რომელიც სპეციალურად ჩადეს საქმეში.
_ არჩილ, თბილისის ინციდენტში ქალის პარიკიან მამაკაცზე იყო საუბარი...
_ ეს არის თითიდან გამოწოვილი ტყუილი, ამის მტკიცებულებანი არ არსებობს. ყოველივე ეს ჭეშმარიტებიდან ძალიან შორს დგას.
_ ანუ შესაძლებელია თბილისში მომხდარი ფაქტი სულ სხვა ვინმეს ჩადენილი იყოს და ბორჯომში მომხდარი სხვისი?
_ როგორც გამოძიება აცხადებს, ორივე მკვლელობა ერთი და იგივე იარაღით არის ჩადენილი. `გლოკის~ სისტემის იარაღი მაქვს მხედველობაში, რომელიც, საბოლოო ჯამში, თითქოსდა შალვა აბულაძის მფლობელობაში ყოფილიყოს.
ჩემი ვარაუდით, `გლოკის~ სისტემის პისტოლეტი რომელიმე პოლიციელის შეიძლებოდა ყოფილიყო, რადგან აბულაძე აღიარებს, რომ მას ჰქონდა `მაკაროვის~ ტიპის იარაღი და ხელყუმბარა, ხოლო `გლოკის~ მფლობელობას არ ადასტურებს.
_ თქვენ გინდათ თქვათ, რომ პოლიციელთა შორის ქილერია?
_ ყურადღება მიაქციეთ: პროკურატურამ ბრალი წაუყენა სოსანაშვილს, რომელიც იყო პოლიციის თანამშრომელი, რაც იმას ამტკიცებს, რომ პოლიციაში კრიმინალი გამორიცხული არ არის.
ბორჯომის პოლიციაში თითქმის იგივე თანამშრომლები მუშაობენ, რომლებიც ადრე მუშაობდნენ და, კონკრეტულად გეტყვით, ბორჯომის რაიკავშირის მეპაიეთა ქონების წართმევაში მონაწილეობდნენ.
მეტიც, როგორც ამბობენ, მამუკა ხვედელიანი, რომელიც დღეს მამუკა ხაზარაძის დაცვის უფროსია, ნაციონალების დროს ბორჯომის პოლიციის უფროსი იყო.
რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მამუკა ხაზარაძე ფიგურირებს რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში და ეს საქმეები დღემდე თაროებზეა შემოდებული სწორედ მამუკა ხაზარაძის ფაქტორის გამო. არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ როგორც წინა, ისე დღევანდელი ხელისუფლების პირობებში არ ხდება ხაზარაძის წინააღმდეგ არსებული საქმეების ჩამოღება და განხილვა.
_ ეს სერიოზული ბრალდებაა.
_ დიახ, ხაზარაძე მხილებულია ადამიანების სულიერ და ფიზიკურ განადგურებაში.
მეტიც, ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში არსებობს საქმე, რომელიც 90-იან წლებში ხაზარაძის მიერ მოსახლეობისთვის ანაბრების მიტაცების ფაქტს ადასტურებს. ამ თანხებით დააფუძნა ხაზარაძემ `თიბისი~ ბანკი და არა საკუთარი დანაზოგებით.
მისი ბრალეულობა ნათლად იკვეთება ცეკავშირის შენობის მითვისება-გაფლანგვის საქმეში.
_ რაც შეეხება შალვა აბულაძეს...
_ რაც შეეხება შალვა აბულაძეს, ჩვენ შევეცდებით, დავამტკიცოთ მისი უდანაშაულობა.
როგორც ცნობილია, საქართველოდან ძალიან ცოტა საქმეები იგზავნება სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციაში, მაგრამ შალვა აბულაძის საქმე, გარწმუნებთ, ერთ-ერთი იქნება, რომელიც სტრასბურგში გაიგზავნება.

ირანდა კალანდაძე