რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი: კახა ბენდუქიძემ ნამდვილად ისარგებლა საყოველთაო ჯანდაცვით




"ავიღოთ ჯანდაცვის სფერო. ივანიშვილი ამბობს, რომ ჯანდაცვა იქნება უფასო. მთავრობა ამბობს, რომ   იქნება საყოველთაო და ხელმისაწვდომი დაზღვევა. ხომ არის განსხვავება? ერთ შემთხვევაში, მე, კახა ბენდუქიძე, საავადმყოფოში რომ მივალ, უფასოდ უნდა მიმკურნალონ; მეორე შემთხვევაში მექნება ჩემი ფულის დამატებით შეძენილი ძალიან კარგი, როგორიც მომეწონება ისეთი, სადაზღვევო პაკეტი. როგორ, ამაში განსხვავება არ არის? შევხედოთ რიცხვებს – საქმე ისაა, რომ საშემოსავლო გადასახადიდან შემოსავლის 8%-ის ექვივალენტი (ანუ რამაც „ქართული ოცნების“ მიხედვით უნდა დააფინანსოს უფასო ჯანდაცვა) არ არის საკმარისი, ვინაიდან ეს თანხა 700 მილიონს გაუტოლდება მომავალ წელს, ხოლო ჩვენი ჯამური ხარჯები ჯანმრთელობის დაცვაზე 1 მილიარდ 500 მილიონზე მეტი იქნება. " _ ეს კომენტარი ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, თავისუფალი უნივერსიტეტის დამფუძნებელმა, კახა ბენდუქიძეს გაზეთ "პრაიმტაიმთან" გააკეთა.

"გურია ნიუსისთვის" ცნობილი გახდა, რომკახა ბენდუქიძემ სწორედ იმ საყოველთაო ჯანდაცვით ისარგებლა, რომელიც მას არაერთხელ გაუკრიტიკებია.
"გურია ნიუსმა" ამ ინფორმაციის გადამოწმება რამდენჯერმე  სცადა, მათ შორის ჯანდაცვის მინისტრთან დავით სერგეენკოსთან.
"ამ ინფორმაციას არც უარვყოფ და არც ვადასტურებ" _ განაცხადა დავით სერგეენკომ რამდენიმე დღის წინ გურია ნიუსთან.
რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა  ავთანდილ იმედაძემ კი დღეს "გურია ნიუსთან" დაადასტურა, რომ კახა ბენდუქიძემ ნამდვილად ისარგებლა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით და პროგრამის ფარგლებში  აუნაზღაურა სახელმწიფომ მომსახურება.
"ბატონმა ბენდუქიძემ ნამდვილად ისარგებლა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით და 1200 ლარიან ოპერაციაში სახელმწიფომ მას 840 ლარი აუნაზღაურა."  _ განაცხადა ავთანდილ იმედაძემ ჩვენთან საუბრისას.
თავად კახა ბენდუქიძესთან დაკავშირება, იმის საკითხავად, კმაყოფილია თუ არა ის მომსახურებით, ამ ეტაპზე ვერ მოვახერხეთ.

 წყარო: GuriaNews.Ge