ნინო გაჩეჩილაძე: "არ მეგონა, "ორ ვარსკვლავში" ფული ამ დონეზე თუ წყვეტდა ყველაფერს"



მსახიობმა ნინო გაჩეჩილაძემ პროექტი "ორი ვარსკვლავი" გულნატკენმა და იმედგაცრუებულმა დატოვა. თვლის, რომ ის და მისი პარტნიორი, მომღერალი ნიკო ბერიძე, უსამართლოდ დაიჩაგრნენ. პროექტის ორგანიზატორების მიმართ პრეტენზია აქვს, რატომ არ გამოიყენეს ვეტოს უფლება, რომ მათი დუეტი პროექტში დაეტოვებინათ. არც ის კომენტარები ესიამოვნა, კონკურსიდან მისი წასვლის შემდეგ პროექტის პროდიუსერმა ნოე სულაბერიძემ რომ გააკეთა. ამიტომ გადაწყვიტა, ასეთ კონკურსებში მონაწილეობით დრო ფუჭად აღარ დაკარგოს და მთლიანად თავისი პროფესიით დაკავდეს. ახლა მარჯანიშვილის თეატრში პრემიერისთვის ემზადება, რომელიც ახლო მომავალში უნდა გაიმართოს. ამავე დროს შესაძლოა, იმავე ჯგუფთან განაგრძოს მუშაობა, რომელიც სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებს" იღებს და ეკრანზე ისევ გამოჩნდეს. 

– ნინო, მოდით, დავიწყოთ იმით, რომ სოციალურ ქსელში გავრცელდა სურათი, სადაც სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" მონაწილე მსახიობ მაკა ძაგანიასთან ერთად გადასაღებ მოედანზე ხართ. ვინც ეს ფოტო ნახა, უმრავლესობამ იფიქრა, რომ სერიალს უბრუნდებით. მართლა ასეა? 
– ასე არაა. კატოს პერსონაჟი წარსულს ჩაბარდა. ამ შემთხვევაში იმავე შემოქმედებითმა ჯგუფმა დამირეკა და სარეკლამო რგოლში გადაღება შემომთავაზა. მეც დავთანხმდი, რადგან ეს ხალხი ყველაფერს კარგად აკეთებს. თან ისეთი პარტნიორი მყავს დათო დარჩიას სახით, რომ უარს ვერ ვეტყოდი. ძალიან სახალისო და საინტერესო რეკლამა გამოვიდა, რომელიც მალე ეკრანებზეც გამოვა. ჩვენ შესაძლოა კიდევ გავაგრძელოთ ურთიერთობა, მაგრამ არ მინდა, გავამხილო, რა იქნება თანამშრომლობის მიზეზი და მაყურებლისთვის სიურპრიზად დავტოვებ. ახლა მოლაპარაკებები მიმდინარეობს. 
– ესე იგი, "ფორმულა კრეატივსა" და თქვენ შორის თუ რაიმე გაუგებრობა არსებობდა, ყველაფერი მოაგვარეთ. 
– გაურკვევლობა და შეუთანხმებლობა როცა გაჩნდა, იმ ეტაპზე დავშორდით ერთმანეთს, მაგრამ სამუდამოდ არ გაგვიწყვეტია ურთიერთობა. პირადული არაფერი ყოფილა, მხოლოდ საქმესთან დაკავშირებით მოხდა გაუგებრობა. მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ დამირეკონ და თუ შემოთავაზება საინტერესო იქნება, სიამოვნებით ვითანამშრომლებ. 
– გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა პროექტის "ცეკვავენ ვარსკვლავები" მეოთხე სეზონში გიხილოთ. ეს რამდენად შესაძლებელია? ალბათ ცეკვა გეხერხებათ, რადგან ბალეტზე დადიოდით. 
– მესამე სეზონში მქონდა შემოთავაზება. პირადად ნოე სულაბერიძემ დამირეკა და მთხოვა, მონაწილეობა მიმეღო, მაგრამ მე მქონდა ჩემი, საკმაოდ დამაჯერებელი არგუმენტები, თუ რატომ არ მინდოდა ამ პროექტში მონაწილეობა. მიმაჩნია, რომ როცა მსგავს პროექტში მონაწილეობ, შენს ძალებში დარწმუნებული და ფიზიკურად მომზადებული უნდა იყო. იმ დროს მზად არ ვიყავი ამ კონკურსისთვის, თანაც ცოტა მეზარებოდა. ამიტომ მტკიცე უარი ვუთხარი. მეოთხე სეზონზეც რომ შემოეთავაზებინათ, ასევე უარს ვიტყოდი. 
– მაგრამ "ორ ვარსკვლავში" მონაწილეობას დათანხმდით. 
– რაც შეეხება ამ კონკურსს, იმიტომ მივიღე მონაწილეობა, რომ განსხვავებული პროექტია, ვოკალზე კეთდება აქცენტი და ამ მხრივ საკუთარი თავის მჯეროდა, მაგრამ, სამწუხაროდ, დავრწმუნდი, რომ ეს არ იყო სიმღერის ან არტისტების კონკურსი. "ორი ვარსკვლავი" თავიდან ბოლომდე ესემესკონკურსია. ეს კი სრულიად მიუღებელია ჩემთვის. ოდესმე თუ კიდევ მექნება მსგავსი შემოთავაზება, არასდროს დავთანხმდები. მგონია, რომ ფული წყვეტს, ვინ უნდა დარჩეს კონკურსში. 
– თქვენ ხომ იცოდით, რომ კონკურსანტის ბედს ესემესებ–ის რაოდენობა წყვეტდა, რატომ გაგიკვირდათ? 
– ეტყობა, სადღაც ღრუბლებში დავფრინავდი. ჩემი და, თაკო, პროექტში "ცეკვავენ ვარსკვლავები" მონაწილეობდა და არც ვიცი, როგორ გადადიოდა ტურიდან ტურში, რადგან ფაქტია, მას უჭირდა ცეკვა. ჩვენ – მე და ნიკო ბერიძე კი "ორ ვარსკვლავს" მესამე კონცერტიდანვე გამოვეთიშეთ. არ მეგონა, ფული ამ დონეზე თუ წყვეტდა ყველაფერს. ასი პროცენტით ესემესკონკურსია, მიუხედავად იმისა, რომ იქ ჟიური ზის და მონაწილეებს აფასებს. რეალურად მათ შეფასებას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. 
– თვლით, რომ თქვენ და ნიკო ბერიძე დაიჩაგრეთ? 
– ჩვენ მიმართ ძალიან დიდი უსამართლობა მოხდა. თუ იყო შანსი, ჟიურის ე.წ. ვეტო გამოეყენებინა და კონკურსი არ დაგვეტოვებინა, ეს უნდა გაეკეთებინა. "ფეისბუქის" მომხმარებლების 99 პროცენტი თვლიდა, რომ პროექტიდან ჩვენი გამოშვება დიდი უსამართლობა იყო. მე ამ კონკურსში არც მანქანის მოსაგებად მივსულვარ და არც ბინის, მით უმეტეს, რომ აღარ თამაშდება, როგორც გავიგე. 
მე და ნიკო ბერიძე დიდი ენთუზიაზმით ვიყავით, ჩემთვის კონკურსი სიახლე იყო. თავს მომღერალს არ ვუწოდებ, მაგრამ კონკურსის სტანდარტებს, სადაც სმენა და ხმაა საჭირო, ვაკმაყოფილებდი.კარგ დროს ვატარებდით, სიმღერ–სიმღერით გვინდოდა, სამი თვე გაგვევლო. მაგრამ ვინ გვაცალა?!.. ჟიურის წევრებიდან ნიკოს ვერავინ შეაფასებდა. ის უკვე ჩამოყალიბებული მომღერალია და ვფიქრობ, რომ საქართველოს საზღვრებგარეთ უნდა გავიდეს. 
– თქვენი მუსიკალური ოჯახის წევრები როგორ გაფასებდნენ ამ კონკურსში? 
– ჩემი და, თაკო, კმაყოფილი იყო, მითხრა, მნიშვნელობა არ აქვს, რომელ ტურამდე მიხვალ, სიმღერა შეგიძლია და სცენაზე გადიო. შედეგით კი გაოგნებული დარჩა. მამაჩემი თავიდან არასერიოზულად უყურებდა ამას, მაგრამ პირველივე ეთერის მერე მითხრა, ძალიან კარგად გამოგივიდაო. 
რას ვიზამთ, ეს არის კომერციული კონკურსი, სადაც ფინანსებია გადამწყვეტი. საკუთარი თავისთვის ერთი მესიჯიც კი არ გამიგზავნია. საკუთარ თავს დაუმესიჯო იმიტომ, რომ ტურიდან ტურში გადახვიდე, სასაცილოა! 
– ანუ კონკურსანტების საახლობლო წრე და მათი ფინანსები წყვეტს ყველაფერს? 
– რა თქმა უნდა, ხალხი უყურებს და მონაწილეებს უმესიჯებს, მაგრამ მათ შეუძლიათ გააგზავნონ ერთი ან ორი მესიჯი. თუ ახლობელია, ხუთ მესიჯს გამოგიგზავნის, მაგრამ მეტს მაყურებელს ვერ მოსთხოვ. ყველა იმ ადამიანს ვუხდი მადლობას, ვინც თითო მესიჯი მაინც გამოგვიგზავნა. როგორც ჩანს, კონკურსში რომ იღებ მონაწილეობას, პარალელურად უნდა იზრუნო იმაზე, სპონსორი გყავდეს და მესიჯების ფული ახდევინო. მე ეს არ ვიცოდი. ვინც იცოდა, ის კი დარჩა კონკურსში. რომ ვუყურებ, ვინ რჩება ამ კონკურსში და ვინ ტოვებს მას... კომედიაა. არ მიკვირს, ეს საქართველოა და აქ ყველაფერი "მოსულა". 
– პროექტის მთავარმა პროდიუსერმა ნოე სულაბერიძემ მედიასთან განაცხადა, რომ კონკურსანტი კონკურსს ისე აღარ დატოვებდა, როგორც თქვენ დატოვეთ. თქვენ შორის დაპირისპირებაა? 
– მეცინება ნოეს ამ კომენტარზე. მან რა იცის, ვინ როგორი სახით დატოვებს კონკურსს. პირველ საკონკურსო ტურში ვთქვი, რომ ხმა არ მესმოდა სცენაზე და ტექნიკური ხარვეზი იყო. ამაზე მარტო მე კი არა, ყველა საუბრობდა. იმდენად შემაწუხა ამ პრობლემამ, ვერ მოვითმინე და სცენაზე, პირდაპირ ეთერში ვთქვი. შეიძლება ეს იყო მისთვის მიუღებელი. მითხრეს, რომ ეს რეპლიკა ნოეს არ ესიამოვნა. 
– შანსი რომ გაჩნდეს, მასთან კიდევ ითანამშრომლებთ? 
– მეეჭვება, რომ ჩვენი გზები ოდესმე კიდევ გადაიკვეთოს. შეიძლება ნოე სულაბერიძე კარგ პროდიუსერად მიიჩნევა, მაგრამ რატომ დავმალო – გაცილებით კარგ პროდიუსერებს ვიცნობ, თუნდაც გიორგი ხაბურზანიას და დემნა ჯაფარიძეს. 
– ლამაზი და წარმატებული ქალი ხართ, მაგრამ მეორე ნახევარი ჯერ ვერ იპოვეთ. პრეტენზიული ხართ მამაკაცების მიმართ? 
– მადლობა კომპლიმენტისთვის! რაც შეეხება კითხვას, ვერ ვიტყვი, რომ პრეტენზიული ვარ. ძალიან მარტივი მოთხოვნები მაქვს. ჩემთვის იდეაფიქსი არ არის მილიონერი ქმარი ან ძალიან კარგი გარეგნობის მქონე და ა.შ. ჩემთვის მთავარია განათლებული, ერთგული და კეთილშობილი ადამიანი იყოს. საერთო ინტერესები უნდა გვქონდეს, ერთ ენაზე უნდა ვსაუბრობდეთ. მსახიობი არ უნდა იყოს, რადგან ჩემი პროფესიის წარმომადგენელ მამაკაცებთან ურთიერთობას სერიოზულად ვერ აღვიქვამ. ვერ წარმომიდგენია, რომ რომელიმე ჩემი ცხოვრების თანაგზავრი შეიძლება გახდეს. მაგრამ მას, ვისაც ჩემთან ერთად ყოფნა უნდა, ჩემი პროფესია უნდა აინტერესებდეს. 
დღეს ჩემი გარემოცვიდან ხელს ვერავის დავადებ, ვისაც ჩემ გვერდით წარმოვიდგენდი. რა ვქნა, შეიძლება ეს ძალიან ცუდია, მაგრამ რეალობაა, რომელსაც, სამწუხაროდ, ვერ შევცვლი. შეიძლება ბევრ ჩემს ნაცნობს ან მეგობარს გარკვეული სიმპათიები აქვს ჩემ მიმართ, მაგრამ ვერასდროს გავაკეთებ იმას, რაც არ მინდა. ამიტომ პირდაპირ ვამბობ ხოლმე, რომ არაფერი გამოვა იმ კონკრეტულ ადამიანთან. მერე კი ურთიერთობები სრულდება. 
– თქვენს თეატრალურ შემოქმედებაში რა სიახლეებია? 
– მარჯანიშვილის თეატრში ახლა კობო აბეს ცნობილ ნაწარმოებზე, "ქალი ქვიშაში" ვმუშაობთ, რომელსაც ახალგაზრდა რეჟისორი დათო დანელია დგამს. ჩემს პერსონაჟს უბრალოდ ქალი ჰქვია, რომელიც ქვიშის ორმოში ცხოვრობს. როლი ძალიან რთულია, მაგრამ ყველანაირად ვეცდები, დამაჯერებელი ვიყო. 
– 11 წელია მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე დგახართ. გიყვართ ეს სივრცე? 
– თეატრი ჩემთვის მეორე სახლია, სადაც გავიზარდე. მოგეხსენებათ, მამაჩემი, გივი გაჩეჩილაძე, წლების განმავლობაში მარჯანიშვილის თეატრის მუსიკალური ნაწილის გამგე და მთავარი კომპოზიტორი იყო. რეპეტიციებსა და პრემიერებზე ყოველთვის დავყავდი. ბავშვობიდან შევეჩვიე ამ ატმოსფეროს და ისე გამიჯდა სისხლში, რომ ვერც წარმომედგინა თეატრის გარეშე არსებობა. თავიდან არ ვაპირებდი, თეატრისთვის დამეკავშირებინა ცხოვრება, მაგრამ გარდატეხის ასაკში მივხვდი, რომ ეს პროფესია მაინტერესებდა. მიუხედავად იმისა, რომ მაყურებელმა ტელევიზიის წყალობით გამიცნო, ჩემთვის უმთავრეს შემოქმედებით სივრცედ მაინც თეატრი რჩება. 

მანანა ნოდია, ჟურნალი სარკე  

წყარო: sana.ge