სააბაზანოში დამწყვდეული საყვარლები და შოკი სექსის ნაცვლად


ალბათ ბევრ ქალს ერთხელ მაინც გაუვლია აზრად, როგორ დასჯიდა მოღალატე მეუღლეს, მაგრამ უმრავლესობას მხოლოდ იმის სითამამე ჰყოფნის, რომ ასეთ შემთხვევაში შინიდან გაიქცეს ან ცრემლთა ფრქვევით შემოიფარგლოს. ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი თავად გიამბობთ, როგორ ცდილობდა ცოლის გასულელებას და რა შოკი მიიღო ღალატის სანაცვლოდ.


თამაზი, 32 წლის:
- როცა ქართველი კაცი ცოლს მოიყვანს, მაშინ ახსენდება, რომ გარშემო უამრავი ლამაზი ქალია. ვერ ვიტყვი, რომ ჩემი ცოლი არ მიყვარდა, მაგრამ მის გამო თავისუფლების დაკარგვა არ შემეძლო. მერი ამის გამო ძალიან ნერვიულობდა. როცა პირველად გაიგო, რომ საყვარელი მყავდა, თავისი ნივთები ჩააწყო და დედასთან გაიქცა. რა აღარ გავაკეთე მის შესარიგებლად და როგორც იქნა, დავაბრუნე.
- თუ ოჯახის შექმნას ნანობდით და თავისუფლება გინდოდათ, რატომღა შეეხვეწეთ დაბრუნებულიყო?
- არც ისეთი ნაძირალა ვარ, რომ ცოლისა და შვილის წინაშე პასუხისმგებლობა არ მეგრძნო. ვიცოდი, რომ მოვალე ვიყავი მათზე მეზრუნა. მერის პირობა მივეცი, სხვა ქალისკენ აღარ გავიხედავ-მეთქი, მაგრამ ორ თვეზე მეტი ვერ გავუძელი ცდუნებას. ერთ დღესაც უგონოდ დავთვერი და მეორე დილით ჩემი ერთ-ერთი საყვარლის სახლში გამომეღვიძა. რა დიდი მიხვედრა სჭირდებოდა იმას, რომ მერი ან ისევ გაიქცა, ან მთელი ღამე ფანჯარასთან გაატარა. პირველი, რაც გამახსენდა, ჩემი მეგობრის ტელეფონის ნომერი იყო. დათო საავადმყოფოში მუშაობდა. დავურეკე, შენთან მოვდივარ-მეთქი. 
ორ საათში მე და დათო უკვე ჩემს ბინაში ვიყავით. მერის ტირილისგან დაწითლებული თვალებით დაგვხვდა, მაგრამ ხელზე თითებამდე წამოცმული თაბაშირი რომ დამინახა, ეჭვიანობა დაავიწყდა და შეშინებულმა იკივლა, რა მოხდაო. დათომ უთხრა, ერთად ვიქეიფეთ, ისე დავთვერი, შინ დარეკვა დაგვავიწყდა, როცა უკან ვბრუნდებოდით, შენი ქმარი სიბნელეში რაღაცას დაეჯახა და წაიქცა, მკლავზე ღია მოტეხილობა აქვს, ჩემი მეგობრები აქამდე უმუშავებდნენ ჭრილობასო, - სინანულით ამბობდა დათო და მეც შეწუხებული სახითა და თავის დაკვრით ვეთანხმებოდი. 
დედაჩემმა ფერი დაკარგა, მერიც გულშეწუხებული იქვე სკამზე დაეშვა. დათო ისე შეიჭრა როლში, ახლა თავისი ცოლი გაახსენდა! - მაპატიეთ, უნდა დაგტოვოთ, ალბათ ჩემი მეუღლეც ნერვიულობს, შინ უნდა წავიდეო. მერი ფეხზე წამოხტა, ახლავე დავურეკავ, ვინ იცის, რა არ იფიქრა საბრალო ქალმაო. თვალებში დამიბნელდა, დათოს ცოლი რომ ეტყოდა, რას ამბობ, ჩემი ქმარი სამსახურში ამ დილით გავისტუმრეო, თაბაშირიანი ხელი ხომ თავში უნდა მერტყა. - არა, გენაცვალე, ჯობს ყველაფერი თავად ვუთხრა, - მკაცრი ხმით მიუგო დათომ მერის და სკამზე დაჯდომაში მიეხმარა.
- ერთი თვე თაბაშირით იარე?
- მეგობარი რისთვისაა, ისეთი მოწყობილობა გამიკეთა, დილით რომ გამოვდიოდი, ვიხსნიდი, მანქანაში ვინახავდი, შინ კი ისევ თაბაშირით ვბრუნდებოდი. სიმართლე გითხრათ, უსიამოვნო პროცედურა იყო. ბოლოს, ძალიან რომ შევწუხდი, გადავწყვიტე მართლა შემეცვალა ცხოვრების წესი, მაგრამ ერთ დღეს ჩემი ძველი ნაცნობი გადამეყარა. ოთხი წელი სკოლაში ერთი გოგო მიყვარდა, მეთერთმეტე კლასში რომ ვიყავით, ვიღაცამ ფუკასავით ამაცალა, მოიტაცეს. სიცოცხლე აღარ მინდოდა, მაგრამ ხომ იცით, დრო ტკივილებს აშუშებს. 
გვიან გავიგე, რომ ნათია რამდენჯერმე გათხოვილა და ახლა ისევ თავისუფალი იყო. ერთ დღეს სამსახურიდან ვბრუნდებოდი და გაჩერებაზე დავინახე. დაუფიქრებლად გავაჩერე მანქანა. არც ცოლი მახსოვდა და არც თაბაშირი. მეგონა, ნათიას გარდა აღარავინ არსებობდა. რესტორანში დავპატიჟე. ღამის ოთხ საათამდე ვსაუბრობდით, მერე ქალაქგარეთ გავისეირნეთ. სამი დღე შინ აღარ მივსულვარ. თუ რამე დანაზოგი, დრო და ენერგია მქონდა, მას დავახარჯე. ბოლოს კი იცით, რა მითხრა?
- ძნელი მისახვედრი არ არის...
- ჰო, ის ჩვეულებრივი მეძავი გამხდარიყო. - მე თავისუფლება მჭირდება, როცა დამჭირდები, დაგირეკავო. არ ვიცი, იქნებ გულის სიღრმეში მეც მინდოდა, რომ ყველაფერი ასე დამთავრებულიყო. ჩვენს ურთიერთობას ხომ მომავალი არ ჰქონდა. ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, შინ როგორ დავბრუნებულიყავი. ისევ დათოს დავურეკე. ორი წუთი მის უწმაწურ გინებას ვისმენდი, შემდეგ ცოტა დაწყნარდა და თავის მეგობარს პოლიციაში გადაურეკა. განყოფილებიდან ჩემს ბინაში დარეკეს. მერის პოლიციის კაპიტანმა ბოდიში მოუხადა, რაღაც გაუგებრობა მოხდა, თქვენი მეუღლე სამი დღე და ღამე დაკავებული გვყავდა, ახლა სიმართლე გავარკვიეთ და გავათავისუფლებთო. დედაჩემმა ისევ თავში წაიშინა ხელები, მერი იჯდა ფერდაკარგული და დაბნეული. როცა ბოლოს და ბოლოს ოჯახში დავბრუნდი, შინაგანად ისეთი გამოფიტული ვიყავი, მართლა პატიმრობაში ნამყოფს ვგავდი, მხოლოდ განმარტოება და ძილი მინდოდა. მერი ისე მივლიდა, საკუთარი თავის შემრცხვა, მაგრამ მის თვალებში ისევ ეჭვს ვხედავდი. რამდენიმე კვირის შემდეგ მითხრა, მინდა ვიცოდე, თუ არ გიყვარვარ, სკანდალების გარეშე წავალ, თუ ჩემი დარჩენა გინდა, არასოდეს მომატყუოო. რა სისულელეებზე მელაპარაკები-მეთქი, - სიტყვა ბანზე ავუგდე მეუღლეს და მალე ახალი გატაცების მორევში გადავეშვი. 
ერთ დღესაც ჩემი ახალი პარტნიორი აგარაკზე გავაქანე. აბაზანის რემონტი ახალი დამთავრებული მქონდა. ტანსაცმელი გარეთ დავყარეთ და თბილ წყალში შევცურეთ. თითქმის ერთი საათი გარეთ არ გამოგვიხედია. სასმელი შეტანილი გვქონდა, ვწრუპავდით და ვნებივრობდით. როცა ბოლოს და ბოლოს სააბაზანოდან გამოსვლა დავაპირე, სახელური ჩამოვწიე და კარი არ გაიღო. მე და ჩემს ახალ პარტნიორს სიმშვიდე რამდენიმე წუთი გვეყო. ეზოში ერთადერთი გასასვლელი იყო, რომელიც გარედან ჩაეკეტა ვიღაცას. არც ტელეფონი, არც მშველელი, უახლოესი მეზობელი 100 მეტრის დაშორებით ცხოვრობდა და რა ხმაზე უნდა მეყვირა, რომ აბაზანიდან მისთვის გამეგებინებინა. კარის გატეხვა ვცადეთ, მაგრამ არაფერი გამოვიდა. პატარა ფანჯარაც იყო საჰაეროდ კედელში დაყოლებული, მაგრამ გარედან გისოსები ჰქონდა შემოვლებული. ოთხი დღე და ღამე, შიშვლები, მშივრები სააბაზანოში ვიყავით გამომწყვდეული. ეს ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო. ოთხი დღის შემდეგ ოთახში ნაბიჯების ხმა გაისმა და საკეტიც გადატრიალდა. როცა კარი გაიღო, დათო დავინახე. მითხრა, - ვიღაც ქალმა დამირეკა, შენი ადგილსამყოფელი შემატყობინა და ისიც მისგან გავიგე, გასაღები სად უნდა მეპოვაო.
- კარი მერიმ ჩაკეტა?
- დარწმუნებული ვარ, რომ ის იყო. ქალი, რომელიც აგარაკზე მყავდა, შოკში ჩავარდა, კარგა ხანს ძლიერ დამაწყნარებლებს უკეთებდნენ, მე კი გადასხმები დამჭირდა. რაც შეეხება მერის, დედაჩემმა მითხრა, რაიონში წავიდა, ბებია ცუდად არის და უნდა მოინახულოსო. მეგონა, უკან აღარ დაბრუნდებოდა, მაგრამ იმ დღეს ჩამოვიდა, როცა საავადმყოფოდან გამომწერეს. თავიდან არაფერი უკითხავს, ვითომ არაფერი იცოდა, მეც ვერ გავბედე რამე მეთქვა, იქნებ მერი არაფერ შუაშია... თუმცა ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ეს შოკი ჩემმა ცოლმა მოგვიწყო.