გიორგი უძილაური: ვითხოვ, სამაგალითოდ დაისაჯოს ღუდუშაურის კლინიკა

„ქართული ოცნების" სოციალური მედიის კოორდინატორი, ჟურნალისტი გიორგი უძილაური ღუდუშაურის კლინიკის დასჯის მოთხოვნით გამოდის. უძილაურის განცხადებით, აღნიშნული კლინიკა სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს დანაშაულებრივი  გულგრილობისთვის. ჟურნალისტმა ამის მიზეზი facebook-ში გაასაჯაროვა. მის განცხადებას „რეპორტიორი" უცვლელად გთავაზობთ:

„მეგობრებო ყურადღება! გახსოვთ დედის ამბავი, რომელმაც ფეისბუკს მიმართა _ სჭირდებოდა იშვიათი წამლები ახალშობილის გადასარჩენად. გახსოვთ, რომ ის თხოვნა ნახა ჯანდაცვის მინისტრმა და გაუგზავნა წამლები დედას ღუდუშაურში. ყველას გაგვიხარდა ეს ამბავი. ახლა გავიგე, რომ ჯანდაცვის რეგულირების სააგენტომ დაიწყო ღუდუშაურის შემოწმება. მიზეზიც გავიგე: ღუდუშაურის კლინიკას უკან გაუბრუნებია ჯანდაცვის მინისტრის გაგზავნილი წამლები იმ მიზეზით რომ წამალი ჰქონიათ! (მათ არ იცოდნენ, რომ დედამ თხოვნა ფეისბუკზე დადო) ამის მიუხედავად, წამალი ბავშვისთვის არ გაუკეთებიათ. რომ არა გარემოებების დამთხვევა, ჯანდაცვის სამინისტრო ვერ გაიგებდა, რომ ღუდუშაურს წამალი არ გაუკეთებია ბავშვისთვის.
ამ დროისთვის ჯანდაცვამ წამალი გადასცა უშუალოდ დედას! და ღუდუშაურში კი შემოწმება დაიწყო. მივმართავ ღუდუშაურის კლინიკას: _ იმ დედას და ბავშვს ერთი თმის ღერიც რომ გაურხიოს, ბოლომდე ჩაგყვებით და გაიძულებთ, პასუხი აგოთ სასამართლოში, ჯანდაცვის სამინისტროს კი ვთხოვ, სამაგალითოდ დასაჯოს კლინიკა, იმისთვის, რომ ხვალ ამგვარი ვერ გაბედოს ვერავინ.
დედას არ უნდა ეშინოდეს ექიმების. მოგმართავთ ყველას, მაქსიმალურ კონტროლზე აიყვანეთ არა მარტო ღუდუშაური, არამედ ნებისმიერი კლინიკა, რომელიც დანაშაულებრივ გულგრილობას გამოიჩენს თქვენი ან თუნდაც თქვენთვის უცნობი ადამიანის მიმართ, რომელიც დაგიმალავთ საყოველთაო ჯანდაცვის პირობებს, რომელიც დაგიწყებთ საუბარს რაღაც დამატებით ხარჯებზე. ყველა შემთხვევა გადაამოწმეთ.
ყველას გვსურს ჯანდაცვის სისტემის გამოსწორება. ამას მხოლოდ ჯანდაცვის რეგულირების სააგენტო ვერ გაწვდება, თუ მოსახლეობაც არ დაეხმარა უკანონობის და გულგრილობის გამომზეურებაში. ნებისმიერი დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, კლინიკებთან ნებისმიერი კონტაქტის შემთხვევაში მობილურზე აკრიფეთ 1505. ეს ზარები იწერება, კლინიკებს ამის ეშინიათ. მაგრამ ყველაზე მეტად კლინიკებს ეშინიათ იმ პაციენტების, რომლებიც ცხვრებივით არ ეთანხმებიან კლინიკის ნათქვამს და ამოწმებენ ამას ჯანდაცვაში. ვიცი, ბევრს არ მოეწონება ეს პოსტი, მაგრამ ერთხელ და სამუდამოდ ასეთ ფაქტებს ბოლო უნდა მოეღოს. დარწმუნებული ვარ, სერგეენკოს რეფორმატორობა და საზოგადოების მხარდაჭერა საბოლოოდ ბოლოს მოუღებს ზოგიერთი თავსგასული კლინიკის თავნებობას.
p.s. როგორც გავიგე, ღუდუშაურის ექიმებს შენიშვნა მიუციათ დედისთვის _ ქვეყანას რატომ გააგებინე და ფეისბუკზე რატომ დადე თხოვნაო. ბავშვს რამე არ დაუშავდეს, თორემ ყველა დამნაშავე ექიმს გამოვფენთ ფეისბუკზე!"- წერს გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში.


ავტორი: ნინი მოდრეკილი