"ღვედი რომ ჰქონოდა შეკრული, შეიძლება გადარჩენილიყო..." – დაუდევრობის 17 წლის, დედისერთა მსხვერპლი

ზოგი ამბობს, მამას რომ არ ეყიდა 17 წლის ბიჭისთვის მანქანა, ეს ხომ არ მოხდებოდაო..." 

"შუაღამისას ეკლესიაში რა უნდოდათ, ამ დროს ეკლესია დაკეტილია. ყველანი ვყოფილვართ ახალგაზრდები და რა არის იმაში გასაკვირი, რომ გოგო და ბიჭი ღამით სეირნობს..."

10 ივნისის დაახლოებით ღამის 1-ელ საათზე, ამბროლაურის რაიონის სოფელი წესი ძლიერი დარტყმის ხმამ გამოაღვიძა. ძილგამფრთხალი სოფლელები საზარელი სურათის მოწმენი გახდნენ: სოფელში მდებარე თამარ მეფის წყაროსთან მთლიანად დაშლილ-დალეწილი "მერსედესის" მარკის ავტომობილი ეგდო, რომელშიც უგონოდ მყოფი გოგონა იყო გაჩხერილი; ავტომობილიდან რამდენიმე მეტრში კი ასევე უგონოდ ეგდო ვაჟი, რომელსაც თავიდან და სხვა ჭრილობებიდან სისხლი სდიოდა... სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადამ დაშავებულები ოპერატიულად გადაიყვანა საავადმყოფოში; საუბედუროდ, ექიმების მაქსიმალური მცდელობის მიუხედავად მხოლოდ გოგონა გადარჩა.... მეთორმეტეკლასელი ვ. მ ქუთაისის სამედიცინო ცენტრში მიყვანამდე გარდაიცვალა... 


... ასე დასრულდა მორიგი ტრაგედია, რომელიც სიჩქარის გადაჭარბებით იყო გამოწვეული და რომელმაც ოჯახის ერთადერთი, 17 წლის ვაჟის სიცოცხლე შეიწირა, ... 

რ. გ. სოფელ წესის მკვიდრი: 

- რაც ეს ამბავი მოხდა, ორი სოფელს არ გვძინავს, - ეს ჩვენთვის ენითაუწერელი უბედურებაა. ამ ბავშვის დავიწყება შეუძლებელია, - ჩვენთან არავინ მოიძებნება, ვისაც მისგან თუნდაც პატარა უხეშობა ახსოვდეს. რამდენიმე დღის წინ ჰქონდა სკოლის გამოსაშვები საღამო და ისეთი ლამაზი იყო, თვალს ვერ მოსაწყვეტდი. მამამისი ახალგაზრდა კაცია, მაგრამ ისეთი ინფარქტი აქვს გადატანილი, ექიმებმა ძლივს მოაბრუნეს სააქაოს. ახლა კიდევ ამ ტკივილს უნდა გაუძლოს მისმა გულმა! 

- გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი გოგონასთან ერთად იყო ბარაკონის ეკლესიაში...

- მერე რა, რა მოხდა?! ამითრა დასკვნის გამოტანა სეიძლება?! ახალგაზრდა წავა სასეირნოდ შუაღამისას, თორემ მოხუცს თვითმფრინავი, რომ მიუყვანო, არც კი შეხედავს, დაღლილი ვარო... ალბათ გაისეირნეს და ეკლესიასთან მივიდნენ. მერე წამოვიდნენ; თორემ, შუაღამისას ეკლესიაში რა უნდოდათ, ამ დროს ეკლესია დაკეტილია. ყველანი ვყოფილვართ ახალგაზრდები და რა არის იმაში გასაკვირი, რომ გოგო და ბიჭი ღამით სეირნობს... ამბობენ, რომ ერთმანეთი მოსწონდათ... ეს გოგოც არანაკლებ გვეცოდება, საწყალი გაიძახის, მე რომ არ გავყოლოდი, იქნებ არც არაფერი მომხდარიყოო. ისე გაშტერებული და შეშინებული იჯდა ავარიის შემდეგ მანქანაში, გონზე ვერ მოდიოდა. არც იცოდა, რომ ბიჭი კვდებოდა... წყაროს კედელს შეეჯახენ; მანქანის წინა ფანჯარა ჩამტვრეულა და ბიჭი იმ ფანჯრიდან იყო გადავარდნილი. უბედურ ბავშვს დაცემისას თავის ისე ჰქონდა დარტყმული, ტვინი ჰქონდა დაზიანებული. გარშემო ყველგან მისი სისხლი იყო... ექსპერტიზაზე მოსულებმა, ღვედები რომ ჰქონოდა შეკრული, შეიძლება გადარჩენილიყო...

- მანქანა ვისი იყო?

- ბიჭის. 17 წლის რომ გახდა, მაშინ უყიდა საბრალო მამამისმა. ამბობდა, - ისეთი ინფარქტი მაქვს გადატანილი, არ ვიცი, რამდენხანს ვიცოცხლებ და მინდა შვილი გავახაროოო. უბედური დედამისი იმას ტირის, - შვილო, წინათგრძნობა მაინც მქონოდა, სიზმარი რატომ არ დამესიზმრა, მარტო ხომ არ გაგიშვებდიო... ზოგი ამბობს, მამას რომ არ ეყიდა 17 წლის ბიჭისთვის მანქანა, ეს ხომ არ მოხდებოდაო... არავინ იცის, ვის რა ელის წინ. მამას რომ სცოდნოდა ასე მოხდებოდა, ალბათ პირველად თვითონ მოიკლავდა თავს...

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის) http://www.kvirispalitra.ge/