რატომ ვერ იტანდა გიორგი ვარდოსანიძე ეკა აბშილავას


'კომედი შოუს'' მსახიობ ეკა აბშილავასძალიან მალე მხატვრულ ფილმში ვიხილავთ. ''ხუთი ნახვით შეყვარება'' ჰქვია ფილმს, რომელშიც ეკა მთავარ როლს ასრულებს და მისი პარტნიორი გიორგი ვარდოსანიძეა. ეკას მის ცხოვრებასა და ახალ ფილმზე ვესაუბრეთ.


როგორ შეურჩია დამ სახელი 


- დედა მოცეკვავეა, ამჟამადაც ცეკვას ასწავლის საბავშვო ბაღში. მამა ინჟინერი გახლავთ და ახლაც თავისი პროფესიით მუშაობს. 
- რომელ წელს დაიბადე? 
- 1988 წელს ვარ დაბადებული. 25 წლის გახლავართ. 
- ფოტოდან ჩანს, რომ ბავშვობიდან მხიარული ხარ. 
- (იცინის) ბავშვობაში ძალიან ქერა ვიყავი და გული მწყდება, რომ მერე თმა გამიმუქდა. მგონია, რომ ბევრი შეღებვით თმის ფერი გავიფუჭე და გული მწყდება. 



Rating



- როგორც შემდეგი ფოტოდან ირკვევა, გყავს უფროსი და. 

- ჩემზე ორი წლით უფროსი და მყავს, მეგი. სახელი მან შემირჩია. თურმე ოჯახში ბევრს ბჭობდნენ, რა დაერქმიათ ჩემთვის. პატარა ფურცლებზე სახელები დაწერეს, ჭიქაში ჩაყარეს და ჩემს დას ამოიღებინეს ერთი ფურცელი. ასე დამარქვეს ეკა. სინამდვილეში ეკატერინე მქვია, მაგრამ არავინ მეძახის. არადა, ძალიან მომწონს. ჩემს დასთან ერთად ფოტო მუშთაიდის ბაღში მაქვს გადაღებული. 
- ჩემი აზრით, დები ერთმანეთს ჰგავხართ. 
- ერთმანეთს საერთოდ არ ვგავდით. რადიკალურად განსხვავებულები ვიყავით. მეგი ჰგავდა მამაჩემს, მე - დედას. დაახლოებით ორი წელია, რაც ძალიან გვამსგავსებენ. ყოფილა შემთხვევა, რომ ჩემი და გაუჩერებიათ და უთქვამთ, შენ ეკას და არ ხარო? პირადად მე მსგავსებას ნაკლებად ვხედავ. 



Rating



- რა ასაკში გაქვს გადაღებული მომდევნო ფოტო? 

- ფოტო საბავშვო ბაღში სიარულის დროსაა გადაღებული. ეს ჩემი საყვარელი ფოტოა. აქტიური ბავშვი ვიყავი. ლექსების თქმაც მიყვარდა და თამაშიც. დღე და ღამე ეზოში ვიყავი. დედაჩემი სულ სახლში ასვლას მეხვეწებოდა. ვთამაშობდი მიწაში. სადილებს ვამზადებდი ხოლმე. მიწა იყო მარილი, ქვიშა - წიწაკა, ფოთლები მწვანილები და ძალიან მაგრად ვერთო-ბოდი. სპორტულ თამაშებზეც ვგიჟდებოდი. ლახტი და ბურთი ჩემი საუკეთესო გასართობი იყო. 


Rating



რატომ არ მოსწონდა ''კომედი შოუში'' მუშაობა 


- მომდევნო ფოტო სკოლის პერიოდში გაქვს გადაღებული. გართობისა და თამაშების მოყვარული სკოლაში როგორ სწავლობდი? 
- სამწუხაროდ, ფრიადოსანი არ ვყოფილვარ. საშუალოდ ვსწავლობდი. სანიმუშო დაფაზე გამოკრული მოსწავლე არ ვიყავი. 
- გინდოდა, ფრიადოსანი ყოფილიყავი? 
- არასდროს მნდომებია წარჩინებულების დაფაზე ყოფნა. სტუდენტი რომ გავხდი. მაშინ მივხვდი, რომ კარგად უნდა მესწავლა და სტუდენტობის პერიოდში მართლა კარგად ვსწავლობდი. 



Rating



- მაინცდამაინც მსახიობობა რატომ გადაწყვიტე? 

- არ მახსოვს ის პერიოდი, როდესაც მსახიობობა გადავწყვიტე. ღრმა ბავშვობიდან მინდოდა მსახიობობა. დედაჩემს ვეხვეწებოდი, პიონერთა სასახლეში თეატრალურ წრეზე ვეტარებინე. მახსოვს პირველი დღე, როდესაც პიონერთა სასახლეში მივედი. მუხრან მაჭავარიანის ლექსი მომცეს, წაიკითხეო. იმ დღის ყველა წვრილმანი დამამახსოვრდა...… მსახიობობის იმდენად დიდი სურვილი მქონდა, სხვა პროფესიაზე არასდროს მიფიქრია. მინდოდა თეატრალურში სწავლა, ავიხდინე ოცნება და დღესაც ჩემი საყვარელი საქმით ვარ დაკავებული. 
- ჯგუფელებიდან რამდენიმე ''კომედი შოუში'' მუშაობთ. 
- პირველი ვახო ბიჭიკაშვილი მოვიდა, მერე გოგონებს გვითხრა, კასტინგი ტარდებაო. მე, მაშო მელქაძე და ხატია მარშანია მოვედით. 
- მაშო მელქაძე მოგვიანებით ინტერვიუებში ამბობდა, რომ მაინცდამაინც არ მოსწონს ის პერიოდი, როდესაც ''ქლაბ შოუში'' იყო. მაშო აღარაა ''კომედი შოუში''. მასთან ერთად ბევრ ფოტოზე ხარ. მომდევნო ფოტოც ერთ-ერთი მოგზაურობისას გაქვთ გადაღებული. 
- თავიდან მე და მაშო ძალიან განვიცდიდით ''კომედი შოუში'' მუშაობას. ხომ გესმის, ''კავეენი'' სხვა რამეა და თეატრი - სხვა. განვიცდიდით იმას, რომ თეატრში არ ვიყავით. ჩემთვის ძალიან წარმატებულად გაგრძელდა ''კომედი შოუში'' მუშაობა. შეიძლება ითქვას, გამიმართლა. 



Rating



- გაქვს საყვარელი სკეტჩი, სადაც, ფიქრობ, ყველაზე კარგად გამოავლინე საკუთარი თავი? 

- ჯერჯერობით ვერ მივაღწიე იმ დონეს, რომ ჩემი ნამუშევარი ძალიან მომწონებოდა. ყოველთვის უკმაყოფილო ვარ ჩემი თამაშით. როდესაც ჩემს როლებს ვუყურებ, ვამბობ, ხომ შეიძლებოდა, უკეთესად გამეკეთებინა-მეთქი. 


რატომ დაშორდა შეყვარებულს 


- სპორტი რომ დღემდე გიყვარს, ეს შემდეგი ფოტოდანაც ჩანს. 
- ფეხბურთის მოყვარულთა გუნდები შეიკრიბა, ქობულეთსა და რუსთავში გავმართეთ შეხვედრები. გოგონებიდან მე ამირჩიეს ''რუსთავი 2''-ის გუნდში. სპორტული შეჯიბრებები დღემდე ძალიან მიყვარს. ჯომარდობაშიც სულ ვმონაწილეობ. 



Rating



- ბოლო დროს მხატვრულ ფილმში გადაგიღეს. 

- რამდენიმე ფილმში მაქვს ეპიზოდური როლები შესრულებული, მაგრამ ახლა მთავარი როლი მაქვს. 
- როგორც ვიცი, გიორგი ვარდოსანიძეს ხუთი ნახვით უყვარდები. როდის ვიხილავთ ფილმს? 
- ფილმის პრემიერა ხუთ ივნისს გაიმართება. 
- გადაღებების პერიოდი როგორ გახსენდება? 
- ღამე ვიღებდით, რადგან დღე ყველას სხვა საქმე გვქონდა. გადაღებები ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მიმდინარეობდა, როდესაც ის იკეტებოდა. არ ვწუწუნებ, მაგრამ საკმაოდ შრომატევადი და დამღლელი პროცესი იყო. ცოტა გამიჭირდა. 
- შენს გმირზე რას გვეტყვი? 
- ბიზნესვუმენს ვთამაშობ, რომელმაც საკუთარ თავს დააკისრა ვალდებულება და თუ არ შეასრულა, მისი საქმე წასულია. მთელი ფილმი იმაზეა, თუ როგორ მიაღწევს თავის მიზანს. 
- ხუთი ნახვით შეყვარება როგორ მთავრდება? 
- კომედიაა და შესაბამისად, ჰეფი ენდი აქვს. 
- არ გიფიქრია, რომ ფილმის შემდეგ შეიძლება, ჭორები აგორდეს? 
- ჭორებზე რომ მელაპარაკებიან, მეცინება ხოლმე. ზუსტად ვიცი, რა მაქვს გაკეთებული და რა არ მაქვს გაკეთებული. არაფრის მტკიცებას არ ვიწყებ და არ განვიცდი. მე ვიცი, რომ არასწორი ინფორმაციაა და ვის რა ვუმტკიცო. ჭორების გამო განცდებში არასდროს ვიქნები. 
- გიორგის გადასაღებ მოედანზე როგორ შეეგუე? 
- ძალიან კარგი პარტნიორია. კარგად შევეწყვეთ ერთმანეთს, რასაც ფილმზე მუშაობის დროს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. სულ ჩემი და გიორგის სცენებია ფილმში, ბოლოს მეძახდა, ვეღარ გიტანო, მაგრამ რაღაცნაირად გავედით ფინალში (იცინის). ფოტო ''ხუთი ნახვით შეყვარების'' გადაღების დროსაა გადაღებული. 



Rating



- პირადზე რას გვეტყვი? 

- ამ მხრივ ძალიან ცუდი რესპონდენტი ვარ. პირადზე საუბარი არ მიყვარს, მაგრამ ორი სიტყვით შემიძლია გითხრა. კონკრეტულად რა გაინტერესებს? 
- გყავს შეყვარებული? 
- ამ ეტაპზე არ ვარ შეყვარებული. 
- ყოფილხარ შეყვარებული? 
- ვყოფილვარ. სიყვარულს ცოტა სხვანაირად ვუყურებ. გაფანატება არ ვიცი არც ქალვაჟურ სიყვარულში და არც მეგობრულში. თუ მიყვარს ვინმე, არის ჩემ გვერდით, თუ არ მიყვარს, მასთან ყველაფერს ვამთავრებ. რა თქმა უნდა, განვიცდი და შეიძლება, ამ დროს ცოტა დეპრესიაც მქონდეს, მაგრამ თავს ყოველთვის შთავაგონებ, რომ დეპრესიაში არ უნდა ვიყო. თუ მყავს გვერდით საყვარელი ადამიანი, ბედნიერი ვარ, თუ არ მყავს, მაინც ბედნიერი ვარ. 
- როგორი ადამიანი გინდა, რომ შენ გვერდით იყოს? 
- რომ გითხრა, ცისფერთვალებას, ქერათმიანს, მაღალსა და ახმახს ვეძებ-მეთქი, ასე ნამდვილად არაა, თუმცა გარეგნობას ჩემთვის აქვს მნიშვნელობა. მგონია, რომ ყველა ადამიანი ასე ფიქრობს, უბრალოდ, ზოგი ამტკიცებს, რომ მთავარი შინაგანი ბუნებაა. ადამიანის შინაგანი ბუნება ურთიერთობის შემდეგ გიყვარდება. ერთი ნახვით შეყვარების არ მჯერა. 
- შეგიძლია გვითხრა, შეყვარებულს რატომ დაშორდი? იქნებ მას არ მოსწონდა, რომ პოპულარული ხარ და სულ ეკრანზე ჩანხარ? ან იქნებ ის არ მოსწონდა, რომ მხიარულ სასიყვარულო სცენებში ხარ ხოლმე სკეტჩებში? 
- ჩემთვის პროფესია არაა მთავარი, ყოველთვის არც იმას გავაკეთებ, რასაც საყვარელი ადამიანი მეტყვის. რასაც შეყვარებული მეტყვის, ვეცდები, მაქსიმალურად გავითვალისწინო. რაც ჩემი გასაკეთებელია სკეტჩებში, ავუხსნი და თუ ვერ გაიგო, ე.ი. მე მასთან არ უნდა ვიყო. მაქსიმალურად მივდივარ დათმობებზე და მოვითხოვ, რომ ჩემთვისაც დათმონ რაღაცები. როგორც უნდა მიყვარდეს, იმ ადამიანის მიმართ ინტერესს ვკარგავ, როცა ერთი და იმავე რამის თხოვნა ხშირად მიწევს. მირჩევნია, მასთან ყველაფერი დავამთავრო. როგორც ამბობენ, დრო ყველაფრის მკურნალია და აუცილებლად ვნახავ ისეთ ადამიანს, რომელიც გამიგებს. 



მერი კობიაშვილი 

ჟურნალი ''რეიტინგი''