რა დაინახა ეკა ბესელიამ, როცა ბიძინა ივანიშვილის პასპორტს ჩახედა

„როცა მე ბატონ ბიძინას პირველად შევხვდი და მის პასპორტს ჩავხედე, გაოცებული დავრჩი, რადგან ის 5 წლის განმავლობაში გასული არ იყო ქვეყნიდან და როცა ვკითხე, დასასვენებლად მაინც არ წასულხართ, ბატონო ბიძინა-მეთქი, მიპასუხა, არსად არ მინდა, ჩემი ქვეყნის გარდაო“. - გაიხსენა ეკა ბესელიამ „რეაქციაში“.

ამით მან ივანიშვილის მისამართით გიორგი გუგავას მიერ გამოთქმულ პრეტენზიას უპასუხა იმის შესახებ, თითქოს ბიძინა ივანიშვილმა ხალხს დაპირებები არ შეუსრულა და საყდრისში ოქროს მომპოვებელი კომპანია მისი საკუთრებაა.


„ბატონი ბიძინა არის ადამიანი, რომლის ერთი სურათიც კი არ ჰქონდა ნანახი არავის და მან ერის ელიტარული ნაწილი, ის 500 ადამიანი, რომელიც შიმშილობდა და ჩარეცხილი იყო, გადაარჩინა. ის არის უდიდესი ქველმოქმედი...“, - განაცხადა ეკა ბესელიამ და რამდენჯერმე დაამატა, რომ ის ქვეყნიდანაც კი არ გასულა, რასაც გადაცემის სხვა სტუმრის ფიქრია ჩიხრაძის რეპლიკა მოჰყვა:

„რა ვქნათ, ქალბატონო ეკა, არც ახლა გამოდის სასახლიდან... არსებით პრობლემებზე ვილაპარაკოთ, თორემ ივანიშვილის ხოტბა ბევრი მოგვისმენია...“, - რასაც ეკა ბესელიას პასუხი მოჰყვა:

„ის არ არის ამჟამად თანამდებობაზე და არანაირი ვალდებულება არ მაქვს მის მიმართ, გარდა ელემენტარული მადლიერების გრძნობისა, როგორც ერთი რიგითი ქართველი, რომელიც მიიჩნევს, რომ რომ არა ბიძინა ივანიშვილი, ეს ქვეყანა ვერ გადარჩებოდა“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.