''თინას გამო ცოტა მრცხვენია...''

მაკა ძაგანიას თეატრში სპექტაკლის დაწყების წინ შევხვდით. მას შემდეგ, რაც სერიალ ''ჩემი ცოლის დაქალებში'' ერთ-ერთი მთავარი როლი მიიღო, მისმა ცნობადობამ მოიმატა. ზოგიერთი ცნობილი სახე, პოპულარობის მოპოვების შემდეგ, ჟურნალისტებს გაურბის და საკუთარ ცხოვრებაზე საჯაროდ ლაპარაკი არ სიამოვნებს. ამ კატეგორიაში ნამდვილად არ შედის მაკა, რომელიც ყოველთვის სასურველი რესპონდენტია. 
მას იმაზე სასაუბროდ შევხვდით, რა გავლენა იქონია მასზე ცნობადობის ამაღლებამ, დადებითი თუ უარყოფითი. ჩვენდა გასაკვირად, მსახიობი პოპულარობას ძალიან ნორმალურად იღებს, არ წუწუნებს და ძირითადად, დადებითს ხედავს, ბევრი სხვა ცნობილი რესპონდენტისგან განსხვავებით... 

- გაიღვიძე და პოპულარული გახდი, თუ თანდათან მოხდა ეს ყველაფერი?
- სერიალი რომ გავიდა, ცოტა ხანშივე დაიწყო ხალხმა ნელ-ნელა ჩემი ცნობა, მაგრამ თვალი გავახილე და პოპულარული გავხდი-მეთქი, ასე ვერ ვიტყვი. მას შემდეგ, რაც სერიალის პოპულარობა გაიზარდა, ყველა მცნობს, ადრე კი ასე არ იყო. შემთხვევით შენ ხომ არ ხარ? აი, ასე გიყურებდნენ. ახლა ყველა გიღიმის, თუ ამისი შესაძლებლობა აქვთ, გეუბნებიან, როგორ უყვარხარ, უდიდეს სითბოსა და სიყვარულს გამოხატავენ, რაც ძალიან სასიამოვნოა. ეს პოპულარობის დადებითი მხარეა. 
- არიან მსახიობები, რომლებიც თავიდანვე უარს ამბობენ ინტერვიუებზე, შენ პრესასთან კარგი დამოკიდებულება გაქვს. 
- ამას წინათ მქონდა კონფლიქტი ერთ-ერთ ჟურნალთან, როდესაც ჩემი ნათქვამიდან რაღაცები ამოიღეს და გამოვიდა, რომ სულ სხვა რამ ვთქვი. ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩამაგდეს, ძალიან გავბრაზდი და რაც არასდროს გამიკეთებია, ის გავაკეთე - დავრეკე და ვიჩხუბე. ადამიანურად მეწყინა, თუმცა ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ იმ შემთხვევამ, რაზეც ახლა ვილაპარაკე, დამანგრია, დამაქცია და არასდროს არავის აღარ მივცემ ინტერვიუს. 
ზოგადად, ჟურნალისტებთან ურთიერთობას რაც შეეხება, ალბათ, გამიმართლა, თანაც არ მაქვს ხმაურიანი ცხოვრება, არ ვარ ხოლმე ისეთ ადგილებში, საიდანაც შეიძლება, ჭორები აგორდეს. სახლი, თეატრი, სერიალი, სამეგობრო წრე... 
- როდესაც მსახიობი ხარ და თან სერიალში შენს პერსონაჟს ბობოქარი პირადი ცხოვრება აქვს, ყველა ინტერესდება შენი პირადი ცხოვრებით. 
- რა თქმა უნდა, ვიგრძენი ინტერესი ჩემი პირადი ცხოვრების მიმართ. ეს გარდაუვალი იყო და ველოდი, რომ ასეც მოხდებოდა. სხვანაირად არ შეიძლება. ცუდად არ ვამბობ, მაგრამ საზოგადოებას უფრო მეტად აინტერესებს შენი პირადი, ვიდრე შენი შემოქმედება. აინტერესებთ, ვის ხვდები, სად დადიხარ, როგორ, რა გაცვია. ამისთვის მზად ვიყავი, რომ პოპულარობის შემდეგ ჩემი ცხოვრებით უფრო მეტად დაინტერესდებოდნენ. 
- და არც დაგიმალავს შენი პირადული ამბები. ლაპარაკობდი პრესასთან. 
- ვლაპარაკობდი და დამალვა ნამდვილად არ შემიძლია. კი ვლაპარაკობდი, მაგრამ ბოლოს ვიკითხე, აღარ დამთავრდა ამაზე შეკითხვები-მეთქი? ერთ კონკრეტულ საკითხს ვგულისხმობდი, რომ მაკა ძაგანია შეყვარებულს დაშორდა და შემდეგი ერთი წელიწადი სულ ამ თემაზე მეკითხებოდნენ. ხომ შეიძლებოდა, რომ ოდესმე დამთავრებულიყო ეს თემა?! ალბათ, მაინც მაყურებელს, მკითხველს ეს აინტერესებს.
- რასაკვირველია, უნდა გკითხო, რაიმე საინტერესო თუ ხდება შენს პირადულში? 
- არა, არაფერი განსაკუთრებული. 
- მას შემდეგ, რაც პოპულარობა მოიპოვე, ალბათ, ბევრი გწერს სოციალურ ქსელებში. თუ გამოთქვამენ შენი გაცნობის სურვილს? 
- ზოგადად, სოციალური ქსელების იშვიათი მომხმარებელი ვარ. არც მცალია ამისთვის და თანაც, ვირტუალური ურთიერთობები არ მიზიდავს, პირადი კონტაქტი მირჩევნია. იშვიათად ვსტუმრობ ჩემს გვერდს, მაგრამ თუკი მხვდება მეგობრობის თხოვნა, აუცილებლად ყველას ვიმატებ. ძირითადად, ბავშვები მწერენ, გამოხატავენ სიყვარულს და მეკითხებიან, შესაძლებელია თუ არა გადაღებაზე დასწრება. 
რაც შეეხება გაცნობის მსურველებს, არიან ასეთებიც (იღიმის). თუმცა მგონია, რომ ჩვეულებრივ ადამიანებსაც სწერენ გაცნობის მსურველები. მაგრამ ვინაიდან არ ვარ ''ფეისბუქის'' აქტიური მომხმარებელი, ეს ყველაფერი არ მაწუხებს. 
- მას შემდეგ, რაც ხალხი სახეზე გცნობს, თუ აქცევ ყურადღებას, როგორ გადიხარ სახლიდან? 
- (იღიმის) რა თქმა უნდა. ვერაფრით შევეჩვიე დილას ადრე ადგომას. ნუცი რომ პატარა მყავდა და სკოლაში დამყავდა, დილას თუ ვხვდებოდი, რომ ძალიან უგონო მდგომარეობაში ვიყავი, ''ხუნცულა'' ზამთრის ხალათზე პალტოს ვიცვამდი, ქუდს ვიფარებდი და მანქანაში ასე ვჯდებოდი. ერთხელ ჩემმა მეგობარმა დამინახა და მკითხა, არ გრცხვენია, რას აკეთებო? ახლა ასე ვეღარ ვიქცევი. ყველა გცნობს და უყვარხარ და არ უნდა დაანახვო, რომ წყალწაღებული ხარ და დღეს თმის დავარცხნა დაგეზარა. 
- უგონო მდგომარეობაზე გამახსენდა, თუ ყოფილხარ ასეთი მთვრალი? 
- ვსვამ, ეს უკვე მითქვამს, და საკმაოდაც, ცნობილი ლოთი ვარ-მეთქი, ერთხელ ვაღიარე. დალევა შემიძლია, მაგრამ უგონო მდგომარეობაში არ ვყოფილვარ. ვხვდები ხოლმე, რომ ძალიან მთვრალი ვარ, მაგრამ იშვიათად თუ დამვიწყებია რაიმე. არავის არ ვაწუხებ ჩემი სიმთვრალით, ვარ კარგ ხასიათზე და ბედნიერი. დავთვერი და სახლს ვეღარ მივაგენი - ასეთი შემთხვევა არ მქონია. 
- საინტერესოა, სერიალის სხვა მონაწილე გოგონებს თუ აღიქვამ კონკურენტებად? იყოფ მათთან ხალხის სიყვარულს?
- მათ კონკურენტებად არ აღვიქვამ. როცა ადამიანს ვიღაცები უყვარს, ყველას თავისი ადგილი აქვს. მაყურებელს უყვარს ნინაც, თინაც, კატოც... 
- სოციალურ ქსელებს იშვიათად, მაგრამ მაინც სტუმრობ. საკუთარ თავზე რა წაგიკითხავს ისეთი, რაც არ გესიამოვნა?
- როგორ არ წამიკითხავს ასეთი რამ, მაგალითად, მოაშორეთ ეს თინა, რა საშინელი ქალიაო. რაღაცებში ვეთანხმები. ამ ბოლო დროს თინა ისე იქცეოდა, ვთქვი, რა სჭირს ამ ქალს-მეთქი. ამდენი სეზონი ვამბობდი, თინა ძალიან ჭკვიანია და მეც მინდა მისნაირი ვიყო-მეთქი, მაგრამ ამ ბოლო პერიოდში ძალიან გაუტია და ცოტა მრცხვენია (იცინის). ამიტომაც ზოგისთვის ის მისაღებია, ზოგისთვის - მიუღებელი. ყველას არ შეიძლება მოსწონდეს ერთი და იგივე ადამიანი. 
შეიძლება, სასიამოვნო არ არის ასეთი კომენტარები, მაგრამ თუ შეურაცხყოფაში არ გადადის, არ მწყინს. ყოფილა ბილწსიტყვაობაც კომენტარებში და ვფიქრობ, ეს მდაბიო საქციელია. ჯანმრთელ კრიტიკას მივესალმები და აუცილებლად უნდა იყოს. კრიტიკიდან გამომდინარე შე-გიძლია ბევრი რამის შეცვლა, გამოსწორება. 
- ყველაზე კომფორტულად სად გრძნობ თავს? 
- სადმე დახურულ სივრცეში, სადაც მხოლოდ ჩემი მეგობრები არიან. ვერ ვიტყვი, რომ აქამდე გიჟი და გადარეული ვიყავი და არც მიწევს ჩემი თავის შეზღუდვა პოპულარობის გამო, მაგრამ მაინც, ყველაფრის უფლებას ვერ მისცემ თავს. 
- თინას ჩაცმულობას ძალიან აკრიტიკებენ. 
- ამ ბოლო დროს, ბარტერის ფარგლებში, მაღაზიასთან ვთანამშრომლობთ. ადრე გვიჭირდა, ძონძებშიც ვარჩევდით, ახლა კი გვაწვდიან კაბებს, პერანგებს, ქვედაბოლოებს, რომლებსაც ჩვეულებრივად იცვამს ხალხი. ტანისამოსს ჩვენ არ ვარჩევთ, სერიალს თავისი მხატვარი ჰყავს. მგონია, რომ ეს არ არის ჯანმრთელი კრიტიკა. რაც ქართულ ბაზარზე შემოდის, იმას გვაცმევენ ჩვენც. მე საქმიანი ქალის შესაბამისად მაცვია. შარვლებს ვერიდებით, რადგან რთული მოსარგებია. 
- თუმცა თინას იმიჯში არ ჩანს შენი გარეგნობის კარგი მხარეები, გრძელი ფეხები და დიდი მკერდი. 
- მერე რა, ამ გმირს ასე სჭირდება. 
- გქონია როლი, სადაც შენი გარეგნული მხარე კარგად წარმოჩენილა? როლისთვის სიშიშვლეზე წაჰყვებოდი რეჟისორს?
- შორტს ისედაც ვხმარობ, ქალაქშიც. ტოპი არასდროს ჩამიცვამს, მუცლის კომპლექსი მაქვს, არ მომწონს საკუთარი მუცელი და არც გამოვაჩენ არასდროს. დეკოლტეც მაცვია და მეტი რა გავაკეთო. რაც შეეხება როლს, ალბათ, ყველანაირ ჩაცმულობას მოვირგებდი, მაგრამ მთლიანად არ გავშიშვლდებოდი, თუკი დედიშობილა გამოჩენაზე მეკითხები, ამას არ გავაკეთებდი. 
- როგორ ფიქრობ, პოპულარულ ქალებს უფრო არ უჭირთ პირადი ცხოვრების აწყობა?
- უი, იცი, რომ ამაზე არ მიფიქრია?!. 
- მამაკაცებს თურმე აკომპლექსებთ მეორე ნახევრების წარმატება და ამის გამო ოჯახებიც კი დანგრეულაო, ამბობენ. 
- არ არის გამორიცხული, რადგან რეალურად კაცები ხომ ძალიან ეგოისტები არიან. ამიტომაც შესაძლოა, კომპლექსები უჩნდებათ ძლიერ ქალებთან ურთიერთობისას. 
- შენ როგორ მამაკაცს ისურვებდი გვერდით?
- ყველა ადამიანში შეიძლება, სხვადასხვა თვისება მოგეწონოს. პატარაობაში რომ მეკითხებოდნენ, ვპასუხობდი, შავგვრემანი და მწვანეთვალება ბიჭები მომწონს-მეთქი, მაგრამ ჩემ გვერდით სულ ქერა და ცისფერთვალება იყო (იცინის). ალბათ, ის თვისება, რომელიც ჩემ გვერდით მდგომ მამაკაცს უნდა ჰქონდეს, სიძლიერეა. რაც უნდა ვილაპარაკო, რომ ძლიერი ვარ, ასე არ არის. სუსტი ვარ. უსუსური არ ვარ, თორემ სიძლიერე კიდევ სხვა თვისებაა. 
- პოპულარულ მამაკაცს დაუკავშირებდი ცხოვრებას?
- ალბათ, არა. ამას წინათ ერთ-ერთ მაღაზიაში ვიყავი, რაღაც ნივთის შესაძენად შევედი და ვერ ვიყიდე. მართლა ძალიან ძნელია და ამას ჩემგან დიდი ენერგია მიაქვს. მაღაზიაში ყველა მეკონტაქტებოდა და ვერაფერი შევარჩიე. იმდენად დავშტერდი, გაღიმებული ვიყავი და ყველას ველაპარაკებოდი. მეუბნებოდნენ ერთსა და იმავე ტექსტს, რა ეშველება თინასო. მე ვპასუხობდი, ჯერ მეც არ ვიცი-მეთქი. მოკლედ, ვერ მოვახერხე იმ ნივთის შეძენა (იცინის). ორი ასეთი ადამიანი ვერასდროს მიაღწევს სახლამდე. 
- შენს შვილზე როგორ იმოქმედა შენმა პოპულარობამ?
- თავიდან, ცოტა პატარა რომ იყო, ამ თემაზე ვლაპარაკობდით და ამბობდა, რომ ძალიან უხაროდა, რომ მე მისი დედა ვარ. მერე, როცა ცოტა გაიზარდა, თითქოს სულ ერთი გახდა. ახლა ალბათ ჩვეულებრივად აღიქვამს. 
- როგორ ფიქრობ, თინას როლი მოგეკერება? 
- იმედი მაქვს, არა. უკვე დიდი პერიოდია, თინა ვარ. ალბათ, მომიწევს იმიჯის შეცვლა. თავიდან თინა რომ ვყოფილიყავი, თმა შავად შევიღებე და თითქოს ნაკვთებიც კი შემეცვალა. ჩემს თმის ფერს რომ დავიბრუნებ, ალბათ, სხვა როლის მორგებაც უფრო ადვილი იქნება. 

ნინო მურღულია 
ჟურნალი ''რეიტინგი''