ვარდკაჭაჭა ღვიძლისა და დიაბეტის სამკურნალოდ

ვარდკაჭაჭა მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა გრძელი, ხორციანი, თითისტარისებრი ფესვით. ღერო სწორმდგომია, სიმაღლით 30-120 სმ, ზედა ნაწილში დატოტვილი. ფესვთანური ფოთლები ქმნიან როზეტს, მოკლეყუნწებიანებია, შებრუნებულ-ლანცეტისებრი. ღეროს ფოთლები კი _ მჯდომარეა, მორიგეობითი, ნახევრადღერომხვევი. ყვავილები მარტოული ან შეკრებილია კონებად. ისინი ისეთი მოკლე ყუნწებიანია, რომ იქმნება შთაბეჭდილება თითქოს სხედან ფოთლების უბეებში. ყვავილები ენისებრია, ცისფერი (იშვიათად თეთრი ან ვარდისფერი). ნაყოფი - თესლურაა სიფრიფანა საფრენით, ყვავილობს ივნის-ოქტომბერში.
ქართლ-კახეთში მას ულეწელას ეძახიან, რაჭა-ლეჩხუმში - ულეწავას, სამეგრელოში - ტატალს, ერწოში - ღორთკაჭაჭას.
ვარდკაჭაჭა გვხვდება მდელოებში, ბალახოვან, მიტოვებულ, დაუმუშავებელ ადგილებში, გზის პირებსა და დასახლებულ ადგილებში. 
ნედლეულად იყენებენ ფესვებს, იშვიათად მიწისზედა ნაწილს.

ფესვებს ამზადებენ სექტემბერ-ოქტომბერში, ან ადრე გაზაფხულზე. უმჯობესია წვიმის შემდეგ, რადგან ნიადაგი სველია და მცენარე მიწიდან ადვილად ამოდის. ნედლეულს აშრობენ საშრობებში ან ღუმელებში. გამომშრალი ფესვი გადაღუნვისას ტყდება. მცენარის მიწისზედა ნაწილებს აგროვებენ ივნის-აგვისტოში და მზეზე აშრობენ.
ვარდკაჭაჭას ფესვის შემადგენლობაში შედის ინულინი და მწარე ნივთიერებების კვალი. ფოთლებში - ლაქტონები, ტრიტერპენები, ყვავილებში - კუმარინის გლიკოზიდი.
ვარდკაჭაჭა ერთ-ერთი ყველაზე კარგი სამკურნალო მცენარეა ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებების სამკურნალოდ, იგი აძლიერებს ნაღვლის სეკრეციას. განსაკუთრებით კარგ შედეგს იძლევა პორტალური სისხლის მიმოქცევის არეში შეგუბების დროს, რადგან მას არამარტო შარდმდენი მოქმედება აქვს, არამედ აუმჯობესებს გულის მუშაობასაც. ასეთ შემთხვევებში ნახარშს შემდეგნაირად ამზადებენ: 1 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ნედლეულს (ფესვები და მიწისზედა ნაწილები) ათავსებენ მომინანქრებულ ჭურჭელში, ასხამენ 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) ცხელ წყალს, ახურავენ თავსახურს, ათავსებენ მდუღარე წყლის აბაზანაში 20-30 წთ-ით. შემდეგ აცივებენ ოთახის ტემპერატურაზე 10-15 წთ, გადაწურავენ, ავსებენ ანადუღარი წყლით საწყისი მოცულობის (200 მლ) მიღებამდე. იღებენ 1/3 ჭიქას 3-ჯერ დღეში.
ვარდკაჭაჭა გამოიყენება როგორც ნაღვლმდენი, საჭმლის მონელების მარეგულირებელი და სისხლში შაქრის რაოდენობის შემამცირებელი საშუალება. იგი აძლიერებს კუჭ-ნაწლავის წვენის სეკრეციას და პერისტალტიკას, მადის აღმძვრელია. ზოგიერთი მკვლევარის მონაცემების მიხედვით 200-300 გ ნედლეულის მიღების შემედგ სისხლში შაქრის რაოდენობა იკლებს 18-44%-ით. ვარდკაჭაჭას ფესვი მდიდარია ინულინით და ამიტომ აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას ორგანიზმში.
ვარდკაჭაჭას პრეპარატებს ხშირად იყენებენ როგორც მადის აღმძვრელ კუჭ-ნაწლავის მოქმედების მოსაწესრიგებელ საშუალებას. განსაკუთრებით გასტრიტების, კოლიტების, ენტერიტების დროს; ამისათვის ნაყენს შემდეგნაირად ამზადებენ: 2 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ფესვებს ათავსებენ მომინანქრებულ ჭურჭელში, ასხამენ 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) ცხელ წყალს, ახურავენ თავსახურს, ათავსებენ წყლის აბაზანში 15 წუთით. აცივებენ ოთახის ტემპერატურაზე 45 წთ-ის განმავლობაში, გადაწურავენ. იღებენ 1/3-1/2 ჭიქას ჭამის წინ.
ვარდკაჭაჭას ხშირად ხმარობენ როგორც საერთო გამამაგრებელ, სისუსტის საწინააღმდეგო საშუალებას. ამ დროს ნაყენებსა და ნახარშებს იღებენ რეგულარულად ჭამის წინ.
სისხლნაკლებობის დროს სვამენ მცენარის ახალ წვენს რძესთან ერთად (1 სუფრის კოვზი წვენი, 1/2 ჭიქა რძე) 3-4-ჯერ დღეში ერთი თვის განმავლობაში.
ბევრგან ვარდკაჭაჭას სპეციალურად აშენებენ სალათების მოსამზადებლად შაქრიანი დიაბეტის დროს დიეტური მკურნალობისათვის.
ხალხურ მედიცინაში ცნობილია მისი დამამშვიდებელი მოქმედება, ამიტომ, ვარდკაჭაჭას გამოყენებას ურჩევენ ნერვული აღგზნების, ისტერიკის, იპოქონდრიის დროს, თუმცა მისი მოქმედების ეფექტი კატაბალახასა და შავბალახას მოქმედებას ვერ უტოლდება.
ვარდკაჭაჭას ნაყენებს იყენებენ კანზე გამონაყარის, ფერიმჭამელების, ძირმაგარების დროს. ძლიერი ნაყენები და ნახარშები გამოიყენება ძველი ჩირქოვანი ჭრილობების, წყლულებისა და ეგზემის სამკურნალოდ. დიათეზის დროს ბავშვებს უკეთებენ მის აბაზანებს.
ვარდკაჭაჭას ფესვებისაგან იღებენ ფრუქტოზას და სპირტს. მისგან შესაძლებელია ნატურალური ყავის შემცველის მიღება. ამისთვის ნაჭრებად დაჭრილ ფესვებს ხალავენ და შემდეგ ფქვავენ. ფესვებისაგან მიღებულ ფხვნილს ურევენ ნატურალურ ყავას. საუკეთესო თანაფარდობაა 3:1 (3 წილი ყავა, 1 წილი ვარდკაჭაჭა). შეიძლება მომზადდეს ვარდკაჭაჭას სასმელი შემდეგნაირად: 1 სუფრის კოვზი ფხვნილი 0,5 ლ წყალზე. ადუღებენ 2-3 წთ და შემდეგ ფილტრავენ.
შუა აზიაში უძველესი დროიდან კანის ჩირქოვან დაავადებებს, ძველ წყლულებს, სირსველს მკურნალობენ ვარდკაჭაჭას ნაცრით.
ავიცენას მიხედვით ვარდკაჭაჭას საფენები კარგი საშუალებაა ქვეწარმავლების, მორიელის, კრაზანებისა და ხვლიკების ნაკბენის დროს.