უბინაო ცნობილი ქართველები და მათი გასაჭირი


უბინაო ცნობილი ქართველები და მათი გასაჭირი

საქართველოში მძიმე სოციალურმა პირობებმა, მატერიალურმა სიდუხჭირემ, უმუშევრობამ სერიოზული სირთულეები შექმნა, რაც სიახლე ნამდვილად არ არის. გაჭირვებამ არც ცნობილი ადამიანი იცის და არც უცნობი. ამის ნათელი მაგალითია ის, რომ ჩვეში საკმაოდ მოიძებნებიან ადამიანები (ცნობილ და დამსახურებულებშიც), რომელებსაც საკუთარი ჭერი, ბინა არ აქვთ და წლების განმავლობაში ქირით ცხოვრობენ... ამასთან, სამსახურის შოვნაც უჭირთ... მათ შორის ამჯერად მხოლოდ რამდენიმე ადამიანი ჩავწერეთ, თუმცა მათი რიცხვი, საკმაოდ დიდია...


მუსიკოსი, აკომპანიატორი - ნუცა ჯანელიძე, "ნუცას სკოლის" დამაარსებელი, ანსამბლ "ფორტეს" მუსიკალური ხელმძღვანელი და საერთოდ, საქართველოში არაერთი მუსიკოსის აღმზრდელი და აღმომჩენი, გინდა დაიჯერეთ და გინდა - არა, უკვე 15 წელიწადია, ქირით ცხოვრობს: 


- ის, რომ ბინა არ მაქვს, ამისთვის ობიექტური და სუბიეტური მიზეზები არსებობს. ბავშვობაში ვერაზე, პერტიაშვილზე ვცხოვრობდი. მერე მამას გარკვეული დამსახურების გამო სამსახურიდან ბინა "ავადსახსენებელმა" კომუნისტებმა მისცეს. უწინ ასე ხდებოდა, ადამიანებს, რომლებიც ქვეყნისთვის სასარგებლო საქმეს აკეთედნენ, აჯილდოებდნენ და საცხოვრებლად პეკინზე, არქივის პირდაპირ გადავედით... მერე 90-იან წლებში ჩვენში დიდი "ქართული ბიზნესი" რომ დაიწყო, ჩემმა ძმამ მეგობრის სახით, ერთი "ერთგული" ადამიანი იპოვა, რომელმაც რა თქმა უნდა, ვალი დაუტოვა და ამის გამო საქართველოდან გაიქცა კიდეც. იმ ვალის გამო მამაჩემის სახელზე საჩუქრად გაცემული ბინა გავყიდეთ და ნაქირავებში გადავედით...

- არანაირი პერსპექტივა არ არსებობს?
- მე ფული არ მაქვს საიმისოდ, რომ ბინა შევიძინო... 

- ნუთუ ამ წლების განმავლობაში იმდენი ვერ შეძელი, რომ რაღაც დანაზოგი გაგეკეთებინა და ბინა გეყიდა? 
- ქირით რომ ხარ, ფული უსასრულოდ გეხარჯება და ვერანაირ დანაზოგს ვერ აკეთებ... მოკლედ, პერსპექტივა არ არსებობს გარდა იმისა, რომ სახელმწიფომ აიღოს თავის თავზე, ჩემნაირი ადამიანებისთვის სადმე ერთი კორპუსი ააშენოს. მესმის, რომ კერძო საკუთრება წინა პლანზეა დღეს წამოწეული, მაგრამ რაღაცით ხომ უნდა დაეხმაროს ჩემნაირებს?.. არ მინდა, ეს სიტყვები ვინმემ წუწუნში ჩამითვალოს, მაგრამ ამ თემაზე ხმამაღლა არც არასდროს მილაპარაკია. ახლა რადგან შემეხმიანე, ჩემმა სატკივარმა თავი აღარ დამალა... ან ის მაინც გააკეთონ, რომ ბანკის ვალი გადაუხადონ, ან თეთრი კარკასები გადასცენ, რაღაც სითბო ხომ უნდა გამოხატონ, როგორი სითბოც ვთქვათ, ვიმეორებ, "ავადსახსენებლი" კომუნისტების დროს იყო?


აქვე მინდა ვთქვა, რომ საკმაოდ გაჭირვებულ მდგომარეობაში არიან "ფორტეს" გოგოები - ირინა კახნიაშვილი და მანანა მაისურაძე. ორივეს უბინაობა აწუხებს... მძიმე პირობებში არიან. მოკლეთ, სახლებთან დაკავშირებით აქვთ პრობლემები. 
შეიძლება ცუდად გამომდის, მაგრამ არჩევნების დროს, თავს ვიკლავდით და ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერ აქციებში გამოვდიოდით და ვმღეროდით ისე, რომ ხან ქვებს გვიშენდნენ და ხან პამიდვრებს... ვიღაცებს ჰგონიათ, რომ მის მიერ დაფინანსებულ ხელოვანთა შორის ვართ. ეს ასე არ არის. 

- "ფორტეს" წევრები ბიძინა ივანიშვილის ჰონორარს არ იღებთ?
- არა. არადა, ყველას ჰგონია, რომ მის მხარდასაჭერ კონცერტებსა და აქციებზე იმიტომ გამოვდიოდით, რომ მისგან რაიმეთი დავალებული ვიყავით. ნამდვილად - არა. უბრალოდ ერთია, თუ ადრე "შავ სიაში" ვიყავით შეყვანილები და კონცერტებსა და კლუბებში გვბლოკავდნენ, არსად გვეძახდნენ, ახლა ამ მხრივ თავისუფლებაა, გზა ყველგან ხსნილი გვაქვს... თორემ ბატონი ბიძინას ჰონორარი რომ გვქონდეს, ბანკებიდან კრედიტს გამოვიტანდით და სახლებს ვიყიდდით... 

თბილისში ბინა არც მსახიობ მაკა შალიკაშვილს აქვს, მართალია, წარმოშობით კასპის რაიონიდან არის და წლებია თბილისში ცხოვრობს, საკუთარი შემოსავლით მაინც ვერ შეძლო საკუთარი ჭერის შეძენა. დღეს ის ვაჟა-ფშაველაზე, მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს... როგორც ამბობს, 17 წლიდან, მსახიობ გივი ბერიკაშვილის ოჯახში იფარებდნენ, რადგანაც ბატონი გივი მისი ნათლიაა და თან, თეატრალური ინსტიტუტისთვის იქვე ამზადებდნენ, მათთან თავისი ოთახიც კი ჰქონდა. იმის მერე მამიდასთან გადავიდა, მოგვიანებით, მეგობარ - ქეთი რამიშვილთან იყო, რისთვისაც მისი მადლიერია. თქვენ წარმოიდგინეთ, ერთი პერიოდი რეჟისორ ლევან წულაძისა და მანანა კოზაკოვას ოჯახშიც ყოფილა დაბინავებული... მერე დეიდასთან ვარკეთილში გადაინაცვლა. ქირით ცხოვრობდა დიდუბესა და მთაწმინდაზე. მერე გათხოვდა, მაგრამ ქმარს რომ დაშორდა, ახლა ისევ მდგმურად ცხოვრობს...

მაკა შალიკაშვილი:
- ვისაც ქირით ცხოვრება გამოუცდია, საშინელება და ტანჯვაა, თან, ისეთ არასტაბილურ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. ადამიანი ვერ აუდიხარ ყოფით პრობლემებს და ამას ემატება კიდევ ბინის ქირა, რომელიც გახრჩობს. კიდევ კარგი, ხალხი მცნობს და ხან ქირას საფასურს ცოტას მიკლებენ კიდეც, მაგრამ ცოტა მიჭირს იმ მხრივ, რომ ზოგიერთს არ ჰგონია და არ იჯერებს, რომ არ მაქვს სტაბილური შემოსავალი და მუდმივად შემოსავლის პრობლემა მაქვს. უჭირთ იმის გაგება, რომ რადგან პოპულარული ვარ და ქუჩაში მცნობენ, არ შეიძლება, რომ ფული არ მქონდეს, მაგრამ პოპულარობა ადამიანის მატერიალურ კეთიდრეობას არ განსაზღვრავს. ნამდვილად სასაცილოა ასეთი პოპულარულობა და თუ ვიღაც ვარსკვლავადაც მოგიხსენიებს, ეს ხომ უკვე შეურაცხყოფა..

- ე.ი. ქირის თანხასაც ვერ იხდი?

- არ ვწუწუნებ, არ ვტირი, მაგრამ ვერ ვიხდი, ძალიან მიჭირს. ჰოდა, ასეთ ქვეყანაში მითხარით, რა ვარსკვლავობაზეა ლაპარაკი?! საერთოდ, რეალისტი ვარ და არასდროს ვთვალთმაქცობ... უბრალოდ, მართლა სირცხვილია, რომ მსახობს ქირის ფულის გადახდა არ შემიძლია და შემთხვევიდან შემთხვევამდე მაქვს რაღაც შემოსავალი, რითაც თავი მე და ჩემს შვილს გაგვაქვს... გასაოცარია კიდევ, როგორ ვცხოვრობ და ფინანსებს როგორ ვაკოწიწებ... 

- სამომავლოდ არანაირი პერსპექტივა არ გაქვს? იქნებ ბანკიდან ვალი აიღო და შენთვის მცირე ბინა მაინც შეიძინო? 
- არანაირი პერსპექტივა არ არსებობს, ამას წინათ ერთ-ერთ ექსტრემალურ გადაცემაში მიმიწვიეს, ჭიაყელები უნდა შემეჭამა და 50.000 უნდა მომეგო, მაგრამ რა ვქნა, ვერ შევჭამე... ადრე "იმედის ტალღაში" ვმონაწილეობდი, გამარჯვებული ბინას იგებდა, მეგონა, ყველანაირი ლოგიკით მე უნდა მომეგო, ჩემზე გაჭირვებული იქ არავინ ყოფილა, მაგრამ არც იქ მომცეს ბინა. ამიტომ სრულად უპერსპექტივოდ ვარ. ჩემი შემოსავლებით თუ რაიმე სასწაული არ მოხდა, ბინას ვერ ვიყიდი, ბანკიდან ვალს ვერ ავიღებ. ბანკს რომ ვერ გადავუხადო, რა გავაკეთო? მიუხედავად იმისა, რომ ფული არ მაქვს, ქირას არასდროს ვაგვიანებ. მძულს ასეთი რაღაცები... 

- გარეგნულად არ ტოვებ დეპრესიული ადამიანის შთაბეჭდილებას...
- კი, ჩემს გაჭირვებას სხვას თავს არასდროს მოვახვევ. დეპრესიაში რომ ჩავვარდე, დამთავრდა ცხოვრება... იმასაც ვეღარ გავაკეთებ, რასაც აქამდე ვაკეთებდი...

ოთო ნემსაძე 2010 წელს "ჯეოსტარი" გახდა. მან საოცარი მონაცემები გამოავლინა და ადამიანებს თავიც შეაყვარა. ოთოს საჩუქრად მანქანა გადასცეს, რომელიც მალევე გაყიდა, იმ მიზნით, რომ თბილისში ბინა მაინც ეგირავებინა, მაგრამ გირავნობის ფასმა ისე აიწია, რომ ამ ჩანაფიქრის განხორციელება ვეღარ შეძლო. ოთო წარმოშობით გორიდან არის, მაგრამ მისი პროფესიული წინსვლისთვის დედაქალაში ცხოვრება და ყოფნა მნიშვნელოვანია, მაგრამ ცოტა ხნის წინ იმ კლუბიდანაც წამოვიდა, სადაც მუშაობდა. რაკი შემოსავლის გარეშე დარჩა, აქ ბინის დაქირავებაც ვეღარ შეძლო და მშობლიურ გორს დაუბრუნდა. ახლა როცა საჭიროა, დედაქალაქში იქიდან დადის. საოცრად არ უყვარს წუწუნი. ასეთ საკითხებზე ხმამაღლა არასდროს ლაპარაკობს. უბრალოდ, რაკი შევეხმიანე, უარი აღარ მითხრა და რამდენიმე კითხვაზე მიპასუხა. 

- ოთო, შემოსავალი არ გაძლევს იმის საშუალებას, რომ თბილისში ბინა მაინც დაიქირავო?

- ჩემი შემოსავალი არის ნული, ათასში ერთხელ თუ მექნება რაღაც კორპორატიული საღამო, სადაც ვიმღერებ. მინდა, რომ აქედან გავიქცე... უკრაინაშიც წავედი, ძალები მოვსინჯე, მაგრამ ახლა იქ "კალაშნიკოვით" თუ წავალ... 

- ახლა თბილისში გორიდან დადიხარ? 
- ფიზიკურად ძლიერი ვარ და თუ საჭირო გახდა, თბილისში ფეხითაც ჩამოვალ... არ მიყვარს ტირილს რომ დაიწყებენ ხოლმე, ჩემს მდგომარეობაზე არსად არაფერი მითქვამს და არც ვიტყვი... 

- იმაში რა გიშლის ხელს, რომ თბილისში კლუბებში მეტად დაიტვირთო; ვთქვათ, რამდენიმე კლუბში იმუშაო? 

- ამ სფეროში არ არსებობს სტაბილური სამუშაო, პორველ რიგში ელემენტარულად ბაზარი არ არსებობს. კლუბებსაც პერიოდები აქვს - 3-5 თვე გამუშავებენ, ხელშეკრულებას არავინ გიფორმებს, რომ იქიდან წამოსვლის შემდეგ რამე მოსთხოვო. ზოგჯერ გორიდან ჩამოვუყვანივართ და უთქვამთ, შენ აქ აღარ მღერიო. ეს უკვე შეურაცხყოფაა, მით უფრო კიდევ თუ იმასაც გეტყვიან, გზის ფულს გადაგიხდიო... მათხოვარი ხომ არ ვარ?! ასე რომ, ავდექი და წამოვედი... 

- თბილისში ქირით ცხოვრობდი?
- კი, და ქირის გადახდა ვეღარ გავაგრძელე, რადგანაც შემოსავალი არ მქონდა. ახლა რეპეტიციებზე, საქველმოქმედო კონცერტებზე გორიდნ ჩამოვდივარ. ისე, ცოტა ხანს ნათესავთანაც ვცხოვრობდი. 

P.S. მოკლედ, ასეთია ნიჭიერი ადამინების ბედი საქართველოში. დასკვნა თქვენთვის მომინდვია... 

P.P.S. იმავე პრობლების წინაშე დგას მსახიობი ზუზუ (ზაზა) ბეჟაშვილი.
ambebi.ge

ლალი ფაცია
სპეციალურად "ამებები.გე"-სთვის