„ჩემი შვილის მკვლელის დედობას, ისევ ასეთი გამწარებული დედობა მირჩევნია“



29 წლის გივი აფციაური, ერთადერთი ვაჟი, დედამ დილით სახლიდან ლოცვით გააცილა. უფალს სთხოვა დაეცვა მისი შვილი ავისა და განსაცდელისგან... 2009 წლის 16 სექტემბერი იყო. ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოს მეხუთე განყოფილების თანამშრომლები პერიმეტრის გასაკონტროლებლად დავალებაზე გავიდნენ, რადგან ამ ტერიტორიაზე ადგილი ჰქონდა ძარცვის ფაქტებს. მძარცველები, რატი რეხვიაშილი და სერგო გედიანიძე, სათვალთვალთვალო კამერას ჰყავდა დაფიქსირებული. მათ პოლიციის თანამშრომლები სურათით ეძებდნენ. ამ დროს ქალის ყვირილი შემოესმათ. პირველი მასთან გივი აფციაური და გიორგი თაბორიძე მივიდნენ. რატი რეხვიაშვილს ერთ ხელში გატაცებული ოქროს ყელსაბამი ეჭირა, მეორეთი კი დანას იქნევდა...


სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით: გივი აფციაურს მიყენებული აქვს ჭრილობა გულ-მკერდის წინა ზედაპირზე, შემავალი გულმკერდის ღრუში, მარჯვენა ფილტვის შუა წილისა და გულის დაზიანებით, ჭრილობა მარჯვენა ბეჭის არეში, სახის მარჯვენა ნახევარში... სიკვდილის უშუალო მიზეზია მწვავე, ზოგადი სისხლნაკლებობა, განვითარებული გულისა და მარჯვენა ფილტვის ნაკვეთი ჭრილობების შედეგად.

გიორგი თაბორიძეს მიყენებული აქვს მრავლობითი ნაკვეთი ჭრილობები, შემავალი პლევრისა და მუცლის ღრუში, ფილტვის დიაფრაგმის და ღვიძლის წვრილი ნაწლავის დაზიანებით.

მესამე პოლიციელს – ბარამიძეს მიყენებული აქვს გულ-მკერდისა და მუცლის წინა კედლის მრავლობითი ნაკვეთი ჭრილობები, შემავალი მუცლის ღრუში, კუჭის გამჭოლი დაზიანებებით, მეორე და მესამე ნეკნთაშუა არტერიის დაზიანება მარცხნივ. პოლიციელებმა დამნაშავის დაკავება მაინც შეძლეს, გივი აფციაური საავადმყოფოში ამის შემდეგ, თავად მივიდა, მაგრამ მისი გადარჩენა უკვე შეუძლებელი იყო.

რეხვიაშვილისა და გედიანიძის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 2010 წლის 11 ივნისს დასრულდა. მათ, გარდა პოლიციის თანამშრომლების მკვლელობისა და მკლელობის მცდელობისა, რამდენიმე ძარცვაც ედებოდათ ბრალად, როგორც გაირკვა, იმ დღესაც, შეთანხმებისამებრ, მოქალაქეების გაძარცვისთვის იყვნენ გამოსულნი.

მიუხედავად არაერთი თვითმხილველისა, განსასჯელები თავს დამნაშავედ არ ცნობდნენ, პროცესზე დუმილის უფლება გამოიყენეს. თუმცა მათი დუმილი ბევრად უფრო ცინიკური იყო, ვიდრე ალბათ აღიარებითი ჩვენება იქნებოდა. ერთ-ერთ პროცესს გარდაცვლილი გივი აფციაურის დედა დაესწრო. კითხვაზე, ჰქონდათ თუ არა მათ სინანულის განცდა, ქალბატონი ნუნუ გელაშვილი ასე გვპასუხობს: ,,ჩვენი მისვლა, როგორც დაზარალებულის, აუცილებელი იყო. ჩემი მეუღლე არ წამოვიდა, მათ ვერ შევხედავო, მე მოვერიე ჩემს თავს და მივედი, მაინტერესებდა ვინ იყო ასეთი გარეწარი. მათ თვალებში ვერ ამოიკითხავდი, რომ ისინი ინანიებდნენ, გაღიმებულები იყვნენ... როცა ადამიანს სინანულის განცდა აქვს, თავს მაინც ჩახრის, რამდენჯერაც შევხედე მათ, თავაწეულები იყვნენ... შეიძლება ამაყობდნენ კიდეც, ასეთი ბუნების ადამიანები სხვანაირად აზროვნებენ. რომ გამოვედი ჩემს მეუღლეს ვუთხარი, იცი რა გარეწრები არინ მეთქი? რას ელოდი? რომ ვიცოდი იმიტომ არ წამოვედი, შენი შვილის თვალებს ელოდიო?

ჩემ შვილს უზომო პასუხისმგებლობის გრძნობა ჰქონდა, უკეთილშობილესი იყო, არ მეგულება ადამიანი, რომელიც იცნობდა მას და (არა იმიტომ, რომ დღეს აღარ არის) შეეძლოს მასზე უარყოფითის თქმა. ძალიან დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა რომ არ ჰქონოდა, შეიძლება ეს არც მომხდარიყო..’’

ქალბატონი ნუნუ იხსენებს, რომ გივის ბავშვობის ოცნება იყო პოლკოვნიკის წოდება ჰქონოდა. თუმცა ეს ოცნება არ აუსრულდა, იგი 29 წლის ასაკში დაიღუპა. ჯერ კიდევ თავის გვარს ვერ გამოთქვამდა სწორად, მამის პირადობის მოწმობა რომ გადააკეთებინა დედას, თავისი სურათი ჩააკვრევინა, გულის ჯიბით დაატარებდა და იძახდა: მილიციის პოლკოვნიკი - გივი აფციული ვარო. სკოლის დამთავრების შემდეგ პოლიციის აკადემიაში ჩაბარება გადაწყვიტა, მაგრამ მშობლების სასტიკი წინააღმდეგობით, ის სასოფლოში ჩაირიცხა, თუმცა პარალელურად მაინც ჩაუბარებია იურიდიულზე. მუშაობაც პოლიციაში დაიწყო, დიღმის პოლიციის  საიარაღო განყოფილებაში.  

ნუნუ გელაშვილი: ,,ვეხვეწებოდით დაენებებინა თავი პოლიციისთვის, მაგრამ ჩემი შვილი ძალიან ამაყი იყო, ყოველდღე თქვენ ხომ არ გამოგართმევთ ფულს, სანამ უკეთესი სამსახური არ გამომიჩნდება თავს ვერ დავანებებო ამბობდა. მას ცოცხალსაც ვერ მივუსწარი... სახლიდან ყოველთვის ვაცილებდი, იმ დღეს სარეცხს ვფენდი რომ გავიდა, ეს როგორ დამემართა რომ ვერ გავაცილე მეთქი გავიფიქრე და აივნიდან გადავხედე. ზოლიანი, ტილოს პერანგი ეცვა... მანქანაში ჩაჯდა... ღმერთო, მშვიდობით ატარე, ააცილე ავსა და ბოროტს მეთქი ვთქვი. მხოლოდ ამას ვევედრებოდი ყოველთვის ღმერთს, არ ვნატრობდი არასდროს ღმერთო კარგად მიმყოფე, ჯანმრთელად ან რაიმე მატერიალურს... მხოლოდ ასე ვლოცლობდი... ჩვენ 4 საათზე გავიგეთ ეს... ჩემმა მეუღლემ ტელევიზიით ნახა, მაგრამ ჩემთვის არ უთქვამს, ხელი უტკენია და საავადმყოფოში უნდა წავიდეთო მითხრა...

ჩემი შვილი ცოცხალი ვეღარ ვნახე...ძალიან დიდი ტკივილია... ნასვამი რომ მოვიდოდა, თვალებში გვიყურებდა ნაწყენი ხომ არ ვიყავით. პატარა ბავშვის სიალალე ჰქონდა, უერთგულესი მეგობარი და ძალიან ტკბილი შვილი იყო, სულ მადლიერების გრძნობა ჰქონდა. დედა, შენ რომ არ იყო რა გვეშველებოდა, ჩემი ხელფასი რამდენს გასწვდებოდაო ამბობდა. როგორ მენატრება...ძალიან მენატრება... მაგრამ იცით, ჩემი შვილის მკვლელის დედობას, ისევ ასეთი გამწარებული დედობა მირჩევნია. არ ვინატრებ ცოცხალი მყავდეს და ისეთი შვილი მყავდეს, როგორიც მისი მკვლელია, ისევ ასეთ შვილს გავზრდიდი.

2008 წელს, რუსული აგრესიის დროს ცხინვალის რეგიონში იყო. რომ ვურეკავდი მეუბნებოდა, ახლა ხის ძირში ვზივართ, კარგად ვართ, შენ არ ინერვიულოო. მერე ბიჭებმა მითხრეს, როცა საშიშროება იყო, ზედ გვეფარებოდა ყველას, მე ოჯახი არ მყავს და თუ მოვკვდები არაფერია, თქვენ ცოლები და შვილები გყავთო. ასეთი თავგანწირვით იყო ყველას მიმართ. მისი მეგობრები, თანამშრომლები, რატომღაც ყოველთვის ჩემი შვილის გარშემო იკრიბებოდნენ. ეს არ არის დედის სიტყვები მის შვილზე, ეს ნამდვილად ასე იყო.

- ალბათ მისი გარდაცვალების შემდეგ უფრო თვალნათელია, როგორ უყვარდათ ის, რას ნიშნავდა მეგობრებისთვის, თანამშრომლებისთვის, ქვეყნისთვის...

- მე ამას ყოველთვის ვგრძნობდი, ყოველთვის ვიცოდი. მეგობრები მის გარეშე არ იკრიბებოდნენ. გივის მეგობარი მოვიდა ჩემს სანახავად, მომიყვა: ერთხელ დავურეკე და არ გამოვიდა, ძალიან დაღლილი ვარ და არ გეწყინოსო, მეორედ რომ დავურეკე, მოვატყუე პრობლემები მაქვს, დამაკავეს და მომხედე მეთქი, წამებში იქ გაჩნდაო, ოღონდ უსაყვედურია, რატომ მომატყუე, იცი როგორი დაღლილი ვარო?

ჩვენთან გივის გარდაცვალების შემდეგ ხშირად მოდიან მისი მეგობრები, თანამშრომლები. სამინისტროს მხრიდანაც დიდ ყურადღებას ვგრძნობთ. მერიისგანაც კი გვქონდა დახმარება, რომელსაც აბსოლუტურად არ ველოდით. ჩემს მეუღლეს ანგარიში გაახსნევინეს და თანხა ჩაურიცხეს. ყველაფერი მათ გააკეთეს, დაკრძალვაც, ტაძარში გადასვენებაც, ჩვენ ამის ორგანიზების თავიც არ გქონდა. მატერიალურადაც ერთი თეთრი არ გაგვიღია, ამაზე მტკივა გული... ტანსაცმელიც კი არ წაუღია სახლიდან, ჩაცმული, გამზადებული მომიყვანეს სახლში საღამოს.

- ხომ არ გნებავთ რამის დამატება?

- რა დავამატო? ის, რომ ძალიან მენატრება? მეტს ვერაფერს დავამატებ...

პ.ს. სასამართლომ რატი რეხვიაშვილს დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობისა და ძარცვის ბრალდებით, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ 30 წლის ვადით, ხოლო სერგო გედიანიძეს, ძარცვის ბრალდებით, დანაშაულთა ერთობლიობით 19 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. 


[სოფო ედიბერიძე]  http://presa.ge/