„მოდელირებული ქრონიკა“ მსოფლიოს ყველა დროის უდიდეს სიცრუედ გამოცხადდა

მსოფლიოს გავლენიან გაზეთებში „მოდელირებული ქრონიკის" შესახებ მსჯელობა არ წყდება.

„თაიმსი" სტატიას აქვეყნებს, სათაურით - „ბრიტანელი დიპლომატი საქართველოს ინტერვენციაზე მომზადებულ ცრუ რეპორტაჟში მის ჩართვას აპროტესტებს". სტატიის ავტორი ტონი ჰალპინი წერს, რომ ყალბი რეპორტაჟი გუშინ ნამდვილ საერთაშორისო ინციდენტში გადაიზარდა, როდესაც „ბრიტანეთის და საფრანგეთის ელჩებმა ამ ცრუ „ახალ ამბებში" მათი ჩართვის გამო განრისხებული განცხადებები გამოაქვეყნეს".


აქვე აღნიშნულია, რომ დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში დენის კიფმა ტელეკომპანია „მისი, როგორც ელჩის მიმართ უპატივცემულობაში" დაადანაშაულა და მოითხოვა, „იმედმა" ეთერში სწრაფად განმარტოს, რომ ეს კადრები ყალბი იყო და ის ჩემი თანხმობის გარეშე გადაიცა. მთელი ეს ეპიზოდი საქართველოში თავისუფალი მედიის რეპუტაციაზე ცუდად აისახა".

ავტორს ასევე მოჰყავს საქართველოში საფრანგეთის ელჩის, ერიკ ფურნიეს წერილი, სადაც ის „იმედის" მიერ მომზადებულ რეპორტაჟს „პროფესიონალური ჟურნალისტიკის სტანდარტებისგან ძალიან დაშორებულს" უწოდებს და აცხადებს, რომ არხი აბსოლუტურად უპასუხისმგებლოდ მოქმედებდა, როდესაც ოპოზიციის ლიდერებს ფიქტიური ინტერვენციის მხარდაჭერაში ადანაშაულებდა. აქვე მოყვანილია ევროკავშირის მონიტორინგის მისიის განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ გადაცემას საქართველოს და რუსეთის ჯარებს შორის კონფლიქტის პროვოცირება შეეძლო.

„უოლ სთრით ჟურნალი" კი აქვეყნებს სტატიას სათაურით - „საქართველოს ტელევიზიას ცრუ ინტერვენციის გამო აკრიტიკებენ", სადაც ნათქვამია, რომ 13 მარტს „იმედის" ეთერში გასული „იმიტირებული ქრონიკის" ნეგატიური შედეგები გააქტიურდა.

„პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და ქვეყანაში მედიის თავისუფლებაზე, რომელიც სერიოზული საერთაშორისო დაკვირვების ობიექტია, კრიტიკული შეფასებები გაჩნდა. საქართველოში საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ელჩებმა მათი თანხმობის გარეშე სიუჟეტში მონაწილეობა მკაცრად გააკრიტიკეს. გადაცემაში ასევე გამოყენებული იყო პრეზიდენტ ბარაქ ობამას კადრები არქივიდან, სადაც კადრზე დადებული ქართული თარგმანის მიხედვით, ის თითქოს რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო კამპანიის შეწყვეტისკენ მოუწოდებდა.

აშშ-ს ელჩმა ჯონ ბასმა, კვირას საქართველოს ტელევიზიის ეთერით გადაცემას „უკიდურესად შემაშფოთებელი", უპასუხისმგებლო და არაკონსტრუქციული უწოდა იმ ფონზე, როდესაც საქართველოს უსაფრთხოების წინაშე რეალური გამოწვევებია", - ნათქვამია სტატიაში.

აქვე აღნიშნულია, რომ ოპონენტებმა მიხეილ სააკაშვილი დაადანაშაულეს და განაცხადეს, რომ რეპორტაჟის ეთერში გაშვება მასთან იყო შეთანხმებული.

„საქართველოში მედიის თავისუფლება სერიოზული კრიტიკის საგანია მას შემდეგ, რაც 2007 წელს, იმ დროს სააკაშვილისადმი კრიტიკულად განწყობილი ტელეკომპანია „იმედი" ხელისუფლებამ დახურა და შემდეგ გახსნა უკვე შეცვლილი პრო-სამთავრობო ტონით. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის" გასული თვის ანგარიშში ნათქვამია, რომ „ხელისუფლება მუდმივად ეწევა სახელმწიფოს მხრიდან „ახალი ამბებით" მანიპულირებას, განსაკუთრებით სატელევიზიო მაუწყებლობით", - ნათქვამია სტატიაში.

„ლე მონდე" ასევე აქვეყნებს სტატიას სათაურით - „ყალბი რუსული ინტერვენცია და გულის ნამდვილი შეტევები".

„გადაცემამ, რომელიც იმ სატელევიზიო არხზე გავიდა, რომელსაც პრეზიდენტის ახლობელი ხელმძღვანელობს, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ აღშფოთება გამოიწვია. ასეთი რეაქციების გამოწვევის შემდეგ, ტელეკომპანია „იმედმა“ მაყურებელს ბოდიში მოუხადა. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ამ რეპორტაჟის შესახებ მათ წინასწარ არაფერი იცოდნენ, მაგრამ პრეზიდენტმა სააკაშვილმა კვირას ამ გადაცემასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ფილმი „უსიამოვნო" იყო, თუმცა „ეს არის ის, რაც ჩვენს მტრებს (რუსებს) აქვთ ჩაფიქრებული", - ნათქვამია სტატიაში.

გაზეთი „თაიმი" კი „შოკისმომგვრელ სიცრუეთა ათეულს" აქვეყნებს, სადაც პირველ ადგილზე 13 მარტის „მოდელირებული ქრონიკა" აღმოჩნდა.

გამოცემის რედაქციის შენიშვნაში ნათქვამია, რომ გავლენიანმა ამერიკულმა გამოცემამ „შოკისმომგვრელ სიცრუეთა ათეულის" შედგენა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ტელეკომაპანია „იმედით" გასულ „ქრონიკას" საქართველოში პანიკა მოჰყვა.

„საქართველოს მოსახლეობამ მძიმე შოკი მას შემდეგ განიცადა, რაც პროსახელისუფლო არხმა „იმედმა" 2008 წლის აგვისტოს ომიდან 18 თვის შემდეგ მათ რუსული არმიის საქართველოში განმეორებით შემოჭრა აცნობა. ამ ექსცენტრიული ტყუილის პატივსაცემად „თაიმმა" ისტორიაში ყველაზე აღმაშფოთებელი და შეურაცხმყოფელი ტყუილების ათეული შეადგინა", - ნათქვამია რედაქციის შენიშვნაში.

„შოკისმომგვრელ სიცრუეთა ათეულში" „მოდელირებული ქრონიკა" ისეთ მოვლენებს უსწრებს, როგორებიც არის 1999 წელს ცენტრალური ორეგონის შტატის რადიოეთერით გავრცელებული ინფორმაცია კაშხალის დანგრევის შესახებ, რამაც თითქოს წარმოუდგენელი წყალდიდობა გამოიწვია. ასევე - 1938 წელს ორსონ უელსის რადიოადაპტაციასაც, რომლის მიხედვითაც, დედამიწაზე უცხოპლანეტელები გამოჩნდნენ.

ათეულში შევიდა, აგრეთვე, აშშ-ში 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ეშლი ტოდის ტყუილი, რომ მას აიძულებდნენ, ჯონ მაკკეინისთვის ხმა მიეცა. როცა პოლიციამ საქმის ძიება დაიწყო, გაირკვა, რომ ტოდი ფსიქიკურად ჯანმრთელი არ იყო.

ამავე ნუსხაში მოხვდნენ თვითმარქვია ანასტასია რომანოვები. რამდენიმე ქალი ამტკიცებდა, რომ რუსეთის უკანასკნელი იმპერატორის, ნიკოლოზ მეორის უმცროსი ქალიშვილია. ცრუ „ანასტასიებიდან" „თაიმი" ანა ანდერსონს გამოყოფს, რომელმაც თითქმის მიაღწია რომანოვების სახლის აღიარებას.

ათეულში მოხვდა ისტორია, რომელიც 2009 წელს კოლორადოში მოხდა. მთელი მსოფლიო „ეი-ბი-სის" ეთერით თვალს ადევნებდა 6 წლის ბიჭის ისტორიას, რომელიც თითქოს ჰელიუმით სავსე საჰარეო ბურთმა გაიტაცა. ბიჭი სინამდვილში სახლის სხვენში დამალული აღმოაჩინეს.

„შოკისმომგვრელ სიცრუეთა ათეულს" ასრულებს 1814 წელს ნაპოლეონ ბონაპარტის სიკვდილის შესახებ, ინგლისში კოლინ დე ბორგის მიერ გავრცელებული ცნობა. ამ ცნობას ინგლისში ზეიმი მოჰყვა, რადგან ბონაპარტის გარდაცვალება ომის დასრულებას ნიშნავდა. ინგლისელთა სიხარული მას შემდეგ დასრულდა, რაც გაირკვა, რომ ნაპოლეონ ბონაპარტი ცოცხალი იყო.