როგორ ვუმკურნალოთ დახეთქილ ქუსლებს

ქუსლები მაშინ სკდება, როცა კანი მეტისმეტად შრება და ელასტიკურობას კარგავს. ნახეთქების გაჩენა შეიძლება გამოიწვიოს კანის არათანაბარმა გადაჭიმვამ - ზაფხულში ტენის გამო კანის ზედაპირული შრე იჭიმება, ხოლო ზამთარში სკდება. ქუსლები ხშირად აქვთ დახეთქილი იმ ადამიანებს, რომელთაც აწუხებთ კანის დაავადებები, ენდოკრინული დარღვევები. გარდა ამისა, ნახეთქები შეიძლება იყოს ავიტამინოზის, შაქრიანი დიაბეტისა და გასტრიტის ნიშანი.
ცივ სეზონზე მაპროვოცირებელ ფაქტორად შეიძლება იქცეს სინთეტიკური წინდებისა და მოუხერხებელი ფეხსაცმლის ტარება, ხოლო საზაფხულო ღია ფეხსაცმელში ფეხები საერთოდ დაუცველი რჩება. მათ განუწყვეტლივ "წკეპლავს" ქოშების ძირები. ამის შედეგად გაჩენილ მიკროჭრილობებში ხშირად იჭრება ინფექცია, კანი წითლდება და ანთება იწყება. სოკოვანი დაავადებით დაზიანებული კანი განსაკუთრებით მგრძნობიარეა გამღიზიანებლის მიმართ. სოკოვანი დაავადების ქრონიკული ფორმა ზამთარში შესაძლოა მცირე ხნით ჩაცხრეს, მაგრამ ზაფხულში, მოსალოდნელია, ისევ გამწვავდეს.
პრობლემა რთულად მოსაგვარებელია, მაგრამ მისი მოგვარება მაინც შეიძლება. ამისთვის საჭიროა სამკურნალო პროცედურების რეგულარული ჩატარება და დამატენიანებელი საშუალებების გამოყენება. უწინარეს ყოვლისა, უნდა გავარკვიოთ, რამ გამოიწვია ქუსლების დახეთქვა. ამ კითხვით კი უმჯობესია დერმატოლოგს მივმართოთ. თუ მიზეზი ა ვიტამინის დეფიციტია, მისი ნაკლებობა შეიძლება ნაწილობრივ აღვიდგინოთ ა ვიტამინის ზეთოვანი ხსნარით ან პრეპარატ აევიტით (თითო კაფსულა ყოველდღიურად ერთი თვის განმავლობაში). გამოჯანსაღებას ხელს უწყობს აგრეთვე ვეტორონი, რომელიც ა, ე და ც ვიტამინებს შეიცავს. დახეთქილი ქუსლების სამკურნალო ძირითადი საშუალებაა ვაზელინზე დამზადებული პრეპარატები. სუფთა ვაზელინი არბილებს კანს და ხელს უწყობს მის დატენიანებას. ძილის წინ ფეხები დაიბანეთ ბორის მჟავას ხსნარით შეზავებული ცხელი წყლით (1 ჩ. კ. ბორის მჟავა 1 ლ წყალზე), შეიმშრალეთ, ნახეთქებზე წაისვით ვაზელინი და დაიკარით ლეიკოპლასტირი. გაიჩერეთ დილამდე. პროცედურა მეორდება ყოველ საღამოს, სანამ ნახეთქები არ გაქრება. არსებობს ნახეთქების მკურნალობის ასეთი მეთოდიც: აიღეთ თანაბარი რაოდენობის ფუტკრის ცვილი, პარაფინი და სალიცილის მჟავა, ცეცხლზე შეათბეთ და ერთმანეთში აურიეთ. მიღებული ნარევი ბამბის ტამპონით დაიდეთ ქუსლზე, გააშრეთ და ზემოდან დაადეთ მეორე შრე. 2-3 შრე საკმარისია. გამშრალი აპკი კარგად გადაიხვიეთ დოლბანდით. 24 საათის შემდეგ გაიკეთეთ საპნიანი და სოდიანი წყლის აბაზანა, მოიცილეთ ცვილის აპკი და ქუსლი პემზით დაიმუშავეთ. პროცედურა ტარდება რამდენჯერმე.
ყველაზე უარესია, როდესაც ქუსლის ნახეთქებში ანთება იწყება. ნახეთქები შუპდება, წითლდება, გარშემო ჩირქგროვები უჩნდება. ასეთ დროს ექიმისა და საფუძვლიანი ანტიბაქტერიული მკურნალობის გარეშე ფონს ვერ გახვალთ. ღრმა ნახეთქების ინფიცირების თავიდან ასაცილებლად დახეთქილი ქუსლები ანტიბიოტიკის შემცველი მალამოთი დაიმუშავეთ - წაისვით და წრიული მოძრაობებით დაიზილეთ. საერთოდ, ქუსლების მკურნალობისას უპირატესობა მიანიჭეთ იმ კრემებს, რომლებიც დინდგელს ან ა და ფ ვიტამინებს შეიცავს. მკურნალობის გარეშე ქუსლის ნახეთქებში სოკო ჩაჯდება. ამის თავიდან ასაცილებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ სოკოს საწინააღმდეგო მალამო (კლოტრიმაზოლი, მიკოსეპტინი ან რომელიმე სხვა) - რეგულარულად ისვათ ნახეთქებზე. დახეთქილი ქუსლების სამკურნალოდ იყენებენ მცენარეულ საშუალებებსაც. სამკურნალო მცენარეებს აქვს დამარბილებელი და სამკურნალო მოქმედება და აჩქარებს ნახეთქის შეხორცებას.
იხილეთ აგრეთვე ვიტამინოვანი რეცეპტები და თაფლით მკურნალობა სტატიაში