საფეხბურთო მაისურში გამოწყობილმა ქრისტემ მსოფლიო სკანდალი გამოიწვია


ბრაზილიის ეპარქია იტალიური მხარისგან 7 მლნ ევროს მოითხოვს კომპენსაციის სახით. ყველაფერი კი მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის სტარტთან დაკავშირებით იტალიელი ჟურნალისტებისა და რეკლამის შემქმნელების ''კრეატიულობამ'' გამოიწვია. 

საფეხბურთო ჩემპიონატის დაწყებისთვის მიძღვნილ ვიდეორგოლში ჩანს ცნობილი ქრისტეს ქანდაკება, ოღონდაც, იტალიის ცისფერ მაისურში გამოწყობილი. ამავე მაისურებით თამაშობენ ახალგაზრდა ბრაზილიელები ფეხბურთს. ბოლოს კი ჩნდება წარწერა: ''ბრაზილია გელოდება!'' 


ეს ''ორიგინალური'' რეკლამა ბრაზილიურმა მხარემ მკრეხელობად აღიქვა. ''მათ სასტიკად შეურაცხყვეს მორწმუნეები'', - აღნიშნავენ რიო-დე-ჟანეიროს არქიეპარქიაში და სასამართლოს სთხოვენ, იტალიურ მხარეს ჯარიმის სახით 5-დან 7 მლნ ევრომდე დაეკისროს. ბრაზილიის სპორტული ორგანიზაციების მესვეურნიც მოითხოვენ, რომ რეკლამა დაუყოვნებლივ მოხსნან ეთერიდან.