”ვაიმე, შვილო, შენს დედას, ამეტირა სულში. ახლა ვნახე, რომ ლიფტთან ჯოხი ჰქონდა მიყუდებული.”

კარზე ზარის ხმა გავიგონე. ჩემი შვილის ასაკის , სადღაც 18-20 წლის, ახალგაზრდა იდგა. ,თავდახრილმა, მორიდებით მკითხა:
_ გამარჯობა, მაპატიეთ, რომ ასეთ საკითხზე გაწუხებთ, ხომ არ გექნებათ 40 ზომა ფეხსაცმელი ჩემთვის?
უცნაური თხოვნა იყო. ცოტა დავიბენი და ვუთხარი, რომ ჩემს სახლში მხოლოდ 44 ზომა აქვთ მამაკაცებს.

_ არა უშავს, იყოს 44, _ თქვა ხმადაბლა, ძლივს გავიგონე. შევთავაზე სახლში შემოსვლა, რაზეც უარი მითხრა. არ მინდა ასე ძალიან შეგაწუხოთო. მივტრიალდი და კარადაში ფეხსაცმელს დავუწყე ძებნა. ერთ-ერთი ჩემს შვილს ეპატარავებოდა და ისედაც არ იცმევდა. ვიფიქრე, მოდი ტანსაცმელსაც მოვძებნი - მეთქი და ხელს ორი მაისური, ერთი შარვალი და ორი პერანგიც გამოვაყოლე. კართან რომ მივედი, ისევ თავჩაქინდრული იდგა.
_ იცით, მინდა ამ ორი მაისურიდან ერთი შეარჩიოთ, რომელი ფერი უფრო გიხდებათ, ამ ორი პერანგიდანაც ერთ-ერთი თქვენია. აი, შარვალი მგონი მოგერგებათ, ფეხსაცმელი კი 43 ზომაა ალბათ, ჩემს შვილს უჭერს.
_ არ შეწუხდეთ, ქალბატონო, მე მხოლოდ ფეხსაცმელი მინდოდა. არ მინდა, ესეც საკმარისია
_ არა, მეწყინება, როგორც ჩემს შვილს ისე გთხოვ, ამოარჩიე.
_ რადგან არ იშლით, თქვენ რომელიც არ გენანებათ ის ფერი იყოს, ჩემთვის სულერთია .
მომერიდა ამორჩევა და სავსე პარკი გავუწოდე.
_ აი, გამომართვით, მშვიდობაში.
გამომართვა. მერე პარკი ძირს დადო და ხელის ცეცებით ეძებდა ჩემს ხელს, რომ მტევანზე ეკოცნა. გავშეშდი. ახლაღა მივხვდი, რომ ბრმა იყო.
ვაიმე, შვილო, შენს დედას, ამეტირა სულში. ახლა ვნახე, რომ ლიფტთან ჯოხი ჰქონდა მიყუდებული.
წავიდა. ფანჯრიდან ვხედავდი, როგორ მიდიოდა ჯოხის ცეცებით და პარკით, სადაც იდო ფეხსაცმელი, რომელიც
სულერთი იყო რა ზომის იქნებოდა.


ბელა ალანია