რა ხდება „ნაცმოძრაობის“ კულუარებში

ალიას“ ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე წევრი, უცხოეთში თავის შეფარვის მიზნით საქართველოდან წასვლას აპირებს. ქვეყნის დატოვების მსურველთა შორის გიგა ბოკერიაც არის. 

„თავად მიხეილ სააკაშვილს, მას შემდეგ, რაც მასზე პროკურატურამ სამართლებრივი დევნა დაიწყო, ერთხელაც კი არ დაურეკავს პარტიის რომელიმე ლიდერთან გასამხნევებლად. ადრე მიშა ყველა კრიტიკულ მომენტში ხან ბოკერიას ურეკავდა,
ხან სხვას, სკაიპითაც ხშირად ერთვებოდა და ამხნევებდა თანაგუნდელებს, აიმედებდა, ნუ გეშინიათ, მაგრად იდექით, ჩემს დაჭერას ვერ გაბედავენ და მალე ხელისუფლებაში დავბრუნდებითო. თუმცა, ახლა თანაპარტიელები აღარ ახსოვს, არავის არ შეხმიანებია და არც მათ სატელეფონო ზარებს პასუხობს. ამან, ცხადია, პანიკა გამოიწვია „ნაციონალებში“. პარტიის ლიდერები განსაკუთრებით მას შემდეგ დაიზაფრნენ, რაც ინფორმაცია გავრცელდა, რომ სააკაშვილი ჰოლანდიაში, მძიმე დეპრესიაში იყო და ფსიქოთერაპევტის გაძლიერებული მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. წყარო აცხადებს, რომ ეს ინფორმაცია გიგა ბოკერიასგან გავრცელდა, რომელმაც მიშასთან დაკავშირება ვერ შეძლო, მაგრამ საკუთარი არხებით მოახერხა მისი დუმილის მიზეზისა და მდგომარეობის შესახებ შეეტყოო. თითქოს ეს არ ეყოფოდათ „ნაციონალებს“, მალე უფრო უარესიც შეიტყვეს. სავარაუდოდ, გიგა ბოკერია „ნაცების“ გადასარჩენად ბრძოლას აღარ აპირებს. „ნაციონალთა“ ოფისიდან გამოჟონილი ინფორმაციის თანახმად, ბოკერია ამერიკის ელჩს, რიჩარდ ნორლანდს შეხვედრია და მისთვის და მისი ოჯახისთვის ამერიკაში პოლიტიკური თავშესაფრის მიღების თაობაზე უსაუბრია. ბოკერია ნამდვილად შეხვდა ნორლანდს, მაგრამ პარტიის ყველა ლიდერს ეგონა, რომ ეს შეხვედრა მიხეილ სააკაშვილის ბედსა და „ნაცმოძრაობის“ მომავალს შეეხებოდა... „ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ოფისებიდან გამოჟონილი ინფორმაციით, პარტიის წევრების დიდმა ნაწილმა დატოვა „ნაციონალების“ რიგები. რამდენიმე რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა და მათმა მოადგილეებმა დატოვეს პოსტები... წყაროს ინფორმაციით, ამ ორ დღეში, რაც სააკაშვილზე საქმე აღიძრა, საქართველო დატოვეს ვანო მერაბიშვილის ყოფილმა მოადგილეებმა – შალვა ჯანაშვილმა და გია ლორთქიფანიძემ, დეპუტატებმა კობა ნაყოფიამ, ძმებმა დავით და გელა ბეჟუაშვილებმა. ასევე, ლევან ვარშალომიძემ და გენშტაბის ყოფილმა უფროსმა, ზაზა გოგავამ. მათ ოჯახებით დაუტოვებიათ საქართველო. თუ წყაროს ინფორმაცია სიმართლეა, უცხოეთში გაქცევას აპირებენ თბილისის საკრებულოს წევრი მამუკა ახვლედიანი, ყოფილი მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა, დეპუტატები როლანდ ახალაია და კახა ბუცხრიკიძე. ეს დღეები არსად გამოჩენია გივი თარგამაძე, რომელიც „ფეისბუქში“ მაინც „პოსტავდა“ ხოლმე „შედევრებს“. თურმე უკრაინიდან საქართველოში ჩამოსვლას აღარ აპირებენ იუსტიციის მინისტრისა და მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილეები გიორგი ვაშაძე და დავით საყვარელიძე“, - წერს „ალია“.

წყარო: ალია