სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით პროკურატურას დასავლეთისგან თანხმობა აქვს მიღებული

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით მთვარ პროკურატურას დასავლეთისგან თანხმობა მიღებული აქვს. ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი „ქრონიკა“ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს „მოწვეული კონსულტანტების ბიოგრაფიის გადახედვისას ყველას ერთი აზრი გაუჩნდა, ჩამოიყვანა თუ არა გიორგი ბადაშვილის უწყებამ კონსულტანტები ქვეყნის ექსპრეზიდენტის დასაპატიმრებლად? როგორც გაირკვა, ეს კითხვა სრულიად საფუძვლიანი იყო...
ამ დრომდე კონსულტანტები მხოლოდ მთავარ პროკურორსა და მის მოადგილეებს ხვდებიან, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს ეჭვს, რომ სისხლის სამართლის სპეციალეისტების ჩამოყვანის რეალური მიზანია ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეების შესწავლა და დახმარება, რომ რაც შეიძლება სწრაფად დაიდოს შედეგი. პროკურატურის კიდევ ერთი წყაროს ინფორმაციით, სპეციალისტების ჩამოყვანა სწორედ ერთადერთ მიზანს ემსახურება. „მას შემდეგ, რაც ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება მოხდა, პარლამენტში გაუქმდა მორატორიუმიც. გარდა ამისა, პროკურატურაში აქვთ ინფორმაცია, რომ დასავლეთის ლიდერებისგან „მწვანე შუქია“ ანთებული ექსპრეზიდენტის დაპატიმრებასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, არ შემიძლია დაგისახელოთ პერიოდი, როდის დაიჭერენ მიხეილ სააკაშვილს, ეს პროკურატურის ქვედა და საშუალო რგოლმაც არ იცის, იცის მხოლოდ გიორგი ბადაშვილმა“, - აცხადებს წყარო. კითხვაზე იქნება თუ არა საბოლოო შედეგი მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება, პასუხად ვიღებთ: „აუცუილებლად იქნება. დროის ამბავია. ახლაც არის საკმარისზე მეტი მტკიცებულება უწყებაში, რომლითაც შეიძლება, რომ ექსპრეზიდენტი დააკავონ იმ ქვეყნის სამართალდამცავებთან თანამშრომლობით, რომელშიც ის იმყოფება. სხვაზე რომ ამდენი მტკიცებულება ყოფილიყო, აქამდე დააკავებდნენ, რადგან საქმე სააკაშვილს ეხება ეს იქნება რეზონანსული, ამიტომ საჭიროა ყველა დეტალის გათვლა. ეს კონსულტანტებიც ამისთვის არიან ჩამოყვანილი, რომ არავის სალაპარაკო არ ჰქონდეს. ხალხს ეჩქარება, ჩვენ – არა. მთავარია შედეგი და არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, როდის იქნება“, - ამბობს წყარო, რომელიც „ქრონიკის“ ინფორმაციით, დავით კეზერაშვილის საქმეზე მუშაობდა.