,,ამხანაგი ჯანელიძე“ შემსრულებელი იყო - ვინ დარეკა ალასანიასთან იარაღის შესყიდვის გაუქმებაზე?


ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი აცხადებს, რომ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავება, საფრანგეთში ირაკლი ალასანიას ვიზიტს მოჰყვა.

საფრანგეთში იარაღის შესყიდვაზე გაფორმებული ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, რომელიც სავარაუდოდ, ალასანიას პოსტიდან გადაყენების მიზეზი, ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი აცხადებს, რომ პროკურატურის მყისიერი რეაქცია სწორედ ალასანიას დაუმორჩილებლობას მოყვა, რადგან თბილისიდან თავდაცვის მინისტრს კონკრეტული მოთხოვნით დაურეკეს, რომ ეს ხელშეკრულება არ უნდა გაფორმებულიყო.


„დაპატიმრებები მოხდა არა წინმსწრებად, არამედ მყისიერად. მას შემდეგ, რაც მიუხედავად აკრძალვისა, ხელმოწერა მაინც შედგა დოკუმენტზე, რომელიც საქართველოს უსაფრთხოებას ემსახურება. ახლა, როდესაც ალასანიას სჯიან იმიტომ, რომ მან გადადგა წინმსწრები ნაბიჯი, არ გაიზიარა ის აკრძალვა, რომელიც მან მიიღო ხელმოწერის ფაქტამდე, რამდენიმე საათით ადრე, უგულვებელჰყო ასეთი ბრძანება საკუთარი დედაქალაქიდან, ცხადია საფუძვლიანდ წარმოაჩენს მის პრეტენზიებს", - აცხადებს ექსპერტი.

ცისკარიშვილი ამბობს, რომ ალასანიას ასეთი მოთხოვნით მინდია ჯანელიძემ, ახალმა თავდაცვის მინისტრმა დაურეკა.

,,კითხეთ ჩვენს ახალ თავდაცვის მინისტრს, სატელეფონო საუბარი ხომ არ ჰქონია ამ თემაზე მის წინამორბედ მინისტრთან? ამხანაგი ჯანელიძე იყო შემსრულებელი, დიდი ალბათობით შემსრულებელი იქნებოდა ჩვენი პრემიერმინისტრიც. ვინ იყო დამკვეთი, მე ამაზე ინფორმაციას არ ვფლობ“, - განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა.

გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ განმარტებას მოითხოვს ოპოზიცია. "ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ პოლიტიკური დაპირისპირების გამო ქვეყნის უსაფრთხოება კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა დადგეს.

საფრანგეთსა და გერმანიაში ირაკლი ალასანია ვიზიტით ოქტომბრის ბოლოს იმყოფებოდა. თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები 28 ოქტომბერს, სწორედ იმ დროს დააკავეს, როცა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა საფრანგეთში ვიზიტი დაასრულა და გერმანიაში გაემგაზვრა.

http://www.newposts.ge/