რით დაემუქრა მაკა ასათიანის ქმარი "მაესტროს" ჟურნალისტებს


პრესის მიმოხილვა| "პრაიმ ტაიმი", რით დაემუქრა კოტე გოგელია თათბირზე თანამშრომლებს (სტატიის მცირე ვერსია) "მაესტროზე" სკანდალი გრძელდება. თეა სიჭინავასა და ვახო სანაიას შემდეგ არხი სამმა ჟურნალისტმა დატოვა. "სუბიექუტრი აზრის" წამყვანებს, თეონა გეგელიასა და დიანა ტრაპაიძეს შემცვლელები არხმა უმოკლეს დროში მოუძებნა, რაც შეეხება საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტს, მაკა ცინცაძეს, მისი ადგილი კვლავ ვაკანტურია, ყოფილი თანამშრომლები დეტალებზე არ საუბრობენ. აცხადებენ, რომ არ სურთ "ნაგავში ქექვა", ერთადერთი, რასაც აცხადებენ, არის ის, რომ ჟურნალისტები უვიცი და უცოდინარი მფლობელებისგან დაცვას საჭიროებენ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში "მაესტროს"ყოფილი ჟურნალისტები დაცვას კოტე გოგელიასგან ითხოვენ. ცნობილი გახდა, რომ გოგელიამ "გაფართოებული"თათბირი ტელევიზიაში წინა კვირაში ჩაატარა და ჟურნალისტების საბოლოო გადაწყვეტილებაც სწორედ ამ თათბირმა დააჩქარა.
"პრაიმტაიმის"ინფორმაციით, ტელევიზიაში ჟურნალისტებს ორი თვის ხელფასი არ აქვთ აღებული, მიუხედავად ფინანსური პრობლემებისა, გოგელიამ მათ "გამოფხიზლება"ურჩია და სამსხაურების გარეშე დატოვებით დაემუქრა... თათბირიდან გამოსული თანამშრომლები დაბნეულები იყვნენ, რადგან უკმაყოფილების გამოსახატავად თავად იყვნენ მომზადებულები, სანაცვლოდ კი ხელმძღვანელობის რისხვა დაიმსახურეს, უმრავლესობამ ჩათვალა, რომ კოტე გოგელიას ტონი და სიტყვები არასწორად იყო შერჩეული. ზუსტად ამ თათბირის შემდეგ დაწერეს განცხადებები ერთმანეთის მიყოლებით ჯერ თეონა გეგელიამ და მოგვიანებით დიანა ტრაპაიძემ. თეონას განცხადებით, არცერთ მათგანს არ სურდა ტელევიზიის დატოვება, თუმცა აიძულეს... თეონა გეგელია, "მაესტროს"ყოფილი თანამშრომელი: - წამოსვლა გვაიძულეს. ხან გადაცემის ფორმატს ცვლიდნენ ისე, როგორც თავად უნდოდათ; ხან ამბობდნენ, რომ კვირაში ერთხელ უნდა გასულიყო გადაცემა ეთერში; ხან ამბობდნენ, რომ ყოველდღიური უნდა გამხდარიყო; ხან ამბობდნენ, თუ გვინდა, მოგცემთ ხელფასს და თუ გვინდა, არ მოგცემთო. იყო აბსოლუტურად ველური დამოკიდებულება. ამიტომ წამოვედით, თავად არხის ხელმძღვანელობას რომ არ ეთქვა, ჩვენ აზრზე არ ვართ, რატომ წავიდნენო, ფეისბუკზე რაც დავწერე, იმასაც არ დავწერდი. ძალიან გულდაწყვეტილი ვარ, ისედაც ძალიან განვიცდი ამ ამბავს. თამარ გონგაძე გაზეთი "პრაიმტაიმი"