მარიამ სანოგოს აფრიკელი მამა ქართველმა შეყვარებულმა აპოვნინა

ქართულ სამოდელო სფეროში ერთადერთი მულატი მოდელი მარიამ სანოგოა,რომელიც ეგზოტიკური გარეგნობის გამო ხშირად ექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში, მაგრამ როცა გამართულად, ყოველგვარი აქცენტის გარეშე ქართულად იწყებს ლაპარაკს, ირგვლივ მყოფთ ნამდვილად გაოცებულებს ტოვებს.
მოდელობის გარდა, მარიამი ჟურნალისტიკითაა დაინტერესებული, ილიას უნივერსიტეტში ხელოვნებისა და მეცნიერების ფაკულტეტზე სწავლობს, ასევე მიღებული აქვს მუსიკალური განათლება, უყვარს სიმღერა და ბედი მუსიკალურ კონკურსზეც სცადა.


- მიუხედავად იმისა, რომ მამაჩემი წარმოშობით აფრიკელია, კონკრეტულად კი ბურკინაფასოდან, მე ქართველი ვარ, რადგან 17 წელია, აქ ვცხოვრობ. დედამ და მამამ ერთმანეთი საფრანგეთში სწავლის დროს გაიცნეს, მეც იქ დავიბადე, მაგრამ წლინახევრის ვიყავი, როცა საქართველოში ჩამოვედით. გარკვეული დროის შემდეგ ჩემი მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ და მამა საფრანგეთში დაბრუნდა, მას შემდეგ საქართველოში არ ჩამოსულა. დედა პატარაობაშივე მიყვებოდა მის შესახებ, სად გაიცნო, როგორ დაიწყეს ურთიერთობა და ა.შ. მამა დედას ურეკავდა, ინტერესდებოდა ჩემი სწავლით, საქმიანობით, მოკლედ, ინფორმაციას ჩემ შესახებ დედასგან იღებდა. მე კი ფრანგული კარგად არ ვიცოდი და ვერ ვესაუბრებოდი. ისე, დედა სულ მეუბნებოდა, რომ დავლაპარაკებოდი... რეალურად მამასთან ურთიერთობა ამდენი ხნის შემდეგ ერთი წლის წინ ჩემი შეყვარებულის ძალისხმევით დავიწყე.
- რას გულისხმობ?- ჩემმა შეყვარებულმა მამაჩემი სოციალურ ქსელში მოძებნა და დამეხმარა, რომ მასთან ურთიერთობა დამეწყო. როგორც გითხარით, დედა ყოველთვის ცდილობდა, მე და მამას ურთიერთობა აგვეწყო, მაგრამ რეალურად ლაშამ მამაჩემი ''ფეისბუქზე'' იპოვა, ჯერ თვითონ დაიწყო მასთან საუბარი, მერე კი მეც ჩავერთე. ყველაზე დიდი წვლილი ამ საქმეში ლაშას მიუძღვის, სულ მიჩიჩინებდა, დაელაპარაკე, გაიცანიო და აი, დავუჯერე (იცინის).
- დღესდღეობით საფრანგეთთან არანაირი კავშირი არ გაქვს?- არა, თუმცა გაცვლითი პროგრამით საფრანგეთში სასწავლებლად ვიყავი წასული, ვსწავლობ ფრანგულს. საქართველოს მოქალაქე ვარ, მაგრამ მინდა, მომავალში ორმაგი, საქართველოსა და საფრანგეთის მოქალაქეობა ავიღო.
- მარიამ, საფრანგეთში ყოფნის დროსაც არ გინახავს მამა?- არა, რადგან მაშინ მამა აფრიკაში იყო, თუმცა ბიძა ვნახე. 
- აფრიკაში, თუნდაც მამას სამშობლოში მოგზაურობაზე არ გიფიქრია?- კი, როგორ არა, საინტერესო კონტინენტია და ასევე საინტერესო კულტურა აქვთ, მაგრამ მამასთან ჩასვლის რა გითხრათ, პრინციპში რატომაც არა... 
- საზოგადოებაში შენი გარეგნობის გამო ინტერესს ალბათ ყოველთვის იწვევ, მით უმეტეს მაშინ, როცა ქართულად ლაპარაკობ.- კი, ასეა. ამ თვალსაზრისით ბავშვობაში ვერაფერს ვამჩნევდი, მაგრამ რომ წამოვიზარდე და, ასე ვთქვათ, ხალხში გასვლა დავიწყე, ვხედავდი, გაკვირვებულები რომ მიყურებდნენ. დღემდე ხან რუსულად, ხან ინგლისურად იწყებენ ჩემთან საუბარს, მაგრამ ქართულად რომ ვპასუხობ, მათი გაოცება ყოველგვარ ზღვარს სცილდება. 
- მოდი, შენი საქმიანობის შესახებ მოგვიყევი.- ილიას უნივერსიტეტში ხელოვნებისა და მეცნიერების ფაკულტეტზე ვსწავლობ. ჩვენი ფაკულტეტი ჯერჯერობით არაა განსაზღვრული რომელიმე კონკრეტული პროფესიისთვის, შემდეგ მოხდება პროფილებად დაყოფა, მაგრამ მე იმიტომ ჩავაბარე, რომ რამე ახალი აღმომეჩინა. მიუხედავად იმისა, რომ სულ სიახლის ძიებაში ვარ, ჟურნალისტობა მინდა.
- სამოდელო ბიზნესში როდიდან ჩაები, დღესდღეობით თითქმის ყველა წამყვანი დიზაინერის ჩვენებებზე გხედავთ.- 15 წლის ვიყავი, როცა პირველად თაკო ჩხეიძის სამოდელო სააგენტოში დავიწყე სიარული, დაახლოებით სამი თვის შემდეგ გაიმართა მოდის კვირეული, სადაც ჩემი გაყვანა გადაწყვიტეს. სიმართლე გითხრათ, გამიკვირდა და გამიხარდა. აქედან დაიწყო ჩემი სამოდელო კარიერა. როგორც ყველა საქმეს, მოდელობასაც ახლავს სირთულეები, მარტო ის არ არის, რომ გახვიდე პოდიუმზე, გაიარ-გამოიარო და დაასრულო. საკმაოდ დამღლელი საქმეა, მით უმეტეს, რომ ხშირად არასახარბიელო პირობებში გვიწევს მუშაობა.
- როგორ ფიქრობ, რამ განაპირობა შენი ასეთი წარმატება ქართული მოდის სფეროში?- მოდელობა ისეთი საქმეა, სადაც ბევრი რამ ვიზუალზეა დამოკიდებული, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში ჩემი კანის ფერის მქონე მოდელი არ არის, შეიძლება ითქვას, რომ კონკურენტის გარეშე ვარ (იცინის).
- რაც შეეხება პირად ცხოვრებას. ზემოთ შეყვარებული ახსენე, მეტი მოგვიყევი მის შესახებ.- ლაშა სამადალაშვილი ორწელიწად-ნახევრის წინ საერთო მეგობრების წრეში გავიცანი და ნელ-ნელა ერთმანეთი შეგვიყვარდა. პროფესიით ოპერატორია, ჩემთვის უახლოესი მეგობარი და ყველაზე დიდი გულშემატკივარია.
- ერთმანეთის ოჯახის წევრებს თუ იცნობთ?- კი, როგორ არა. დედას უხარია, რომ ასეთი კარგი ადამიანი მყავს გვერდით, ლაშას ოჯახს მეც კარგად ვიცნობ, კარგი ურთიერთობა მაქვს მის ყველა ნათესავთან. გამიხარდა, რომ კარგად მიმიღეს.
- როგორც ვიცით, ''X-ფაქტორშიც'' მონაწილეობ. შენი მუსიკალური განათლებისა და შოუს შესახებ გვიამბე...- მუსიკალური შვიდწლედი დავამთავრე, შემდეგ ნიჭიერთა ათწლედში საოპეროზე ვსწავლობდი, მაგრამ ეს იმდენ დროს მოითხოვდა, რომ თავის დანებება და სწავლისთვის მეტი ყურადღების დათმობა გადავწყვიტე. თუმცა მართლა ძალიან მიყვარს მუსიკა, სიმღერა. როდესაც ამ შოუს შესახებ გავიგე, მაშინვე დავფიქრდი მონაწილეობაზე... იმედია, ჩემს შესაძლებლობებს ბოლომდე გამოვავლენ. გადავედი შემდეგ ტურში და ახლა უკვე იმაზე ვფიქრობ, მაყურებლისა და ჟიურის წინაშე კონკურსის მეორე ეტაპზე როგორ წარვდგე.

ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''