ახალი წლიდან სიგარეტი და ზოგიერთი ალკოჰოლური სასმელი გაძვირდება

მთავრობამ ამ პროდუქტებზე აქციზის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო

სიგარეტსა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზი იზრდება. სხვადასხვა კომპანიაში აღნიშნული პროდუქციის გაძვირება უკვე დააანონსეს. მომავალი წლიდან სიგარეტის ფასი 15-20 თეთრი მოიმატებს. გაძვირდება სპირტიანი სასმელიც, თუმცა, რამდენით, ჯერჯერობით არ კონკრეტდება. სიგარეტისა და ალკოჰოლური სასმელების გაძვირების შედეგად ბიუჯეტი 100 მილიონ ლარზე მეტს მიიღებს. კერძოდ, 1-ელი იანვრიდან დაგეგმილია აქციზის განაკვეთის ზრდა თამბაქოზე (ფილტრიანზე 15 თეთრით, ხოლო უფილტრო სიგარეტზე 5 თეთრით), ასევე გათვალისწინებულია 1-ელი ივლისიდან სიგარეტზე აქციზის გადასახადი ე.წ. შერეული სისტემის შემოღება, რაც ჯამში 70,0 მლნ ლარის დამატებით რესურსს მოიზიდავს.


გარდა ამისა, 1-ელი იანვრიდან დაგეგმილია ალაოს ლუდზე, ეთილის სპირტსა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის განაკვეთის გაორმაგება, რითაც დამატებით 40 მილიონი ლარი მობილიზდება. საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებებით, აქციზით დაიბეგრება უცხოეთიდან შემოსული სატელეფონო ზარები, რის ხარჯზეც მიღებული დამატებითი შემოსავალი 30 მილიონი ლარით განისაზღვრა.

სიგარეტის მწარმოებელ კომპანიებში ფიქრობენ, რომ სიგარეტის ფასი 15 თეთრით მოიმატებს, თუმცა ეს ქვეყანაში თამბაქოს მოხმარებას არ შეამცირებს - ასე აფასებენ თამბაქოს მწარმოებლები და იმპორტიორები ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომელიც თამბაქოს მოხმარების შემცირების მიზნით, აქციზზე ფასების ზრდას გულისხმობს.

ერთ-ერთი უმსხვილესი თამბაქოს მწარმოებელი კომპანია ”ჯი-თი-აის” წარმომადგენელი ფიქრობს, რომ აქციზის გაძვირება არარეგალური ბიზნესის საფრთხეს წარმოაჩენს, თუ ეს პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება. ამ ეტაპზე კი იგი მსგავს საფრთხეს ვერ ხედავს: ”ჯერჯერობით რთულია განსაზღვრო უარყოფითი გავლენა, რაც შეიძლება აქციზის გაძვირებას მოჰყვეს. დღეისთვის ეს თამბაქოს ბიზნესისთვის მაღალ რისკს არ შეიცავს. რა ტენდენციაც შეიძლება განვითარდეს, 1-ელი იანვრიდან გამოიკვეთება. თუმცა, გაძვირების ეტაპობრივად გაგრძელების შემთხვევაში, საფრთხე ნამდვილად იარსებებს. აქ გასათვალისწინებელია სიგარეტის ფასი რეგიონებში. მეზობელ ქვეყნებთან შედარებით დიდი საფასო სხვაობა არალეგალური ბიზნესის საფრთხეს გამოაჩენს, არ გამოვრიცხავ, ეს მოხდეს”.

აქციზის ეტაპობრივ მატებას ევროკავშირთან ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმებაც ითვალისწინებს. ”თამბაქოს კონტროლის ალიანსში” მიიჩნევენ, რომ აქციზის გაძვირება კარგი საშუალებაა, სიგარეტის მოხმარება შეიზღუდოს და ადამიანებმა საკუთარ ჯანმრთელობაზე იფიქრონ.

”სიგარეტის ფასი სადღაც 15-20 თეთრით მოიმატებს. ეს სამოტივაციო ფაქტია იმისთვის, რომ მწეველებმა თამბაქოს მოხმარება შეზღუდონ და ახალგაზრდებმა მასზე უარი თქვან. ახალ რეგულაციებში ჩადებულია, რომ გაძვირება ეტაპობრივად მოხდება, გარკვეული პერიოდულობით, რაც სხვა ქვეყნებში მიღებული პრაქტიკაა. დიდი ალბათობით, სიგარეტის გაძვირების ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება. მისასალმებელია, რომ საფინანსო ინსტიტუტები და საქართველოს მთავრობა ასეთ ნიხრებს დააწესებს. თუ იმპორტიორები არ შეუწყობენ ხელს, არარეგულარული ბიზნესის საფრთხე არ იქნება. ეს არ ქმნის რისკს, რომ სიგარეტის შემოტანა არალეგალურად მოხდეს. რამდენადაც ვიცი, რისკები პროგნოზირებულია და ამისთვის ყველა ზომაა მიღებული”, - აცხადებს გიორგი მაღრაძე, ”თამბაქოს კონტროლის ალიანსის” წარმომადგენელი.

ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ კომპანიებში აქციზის გაძვირებასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. კომპანია ”სარაჯიშვილის” ფინანსური დირექტორის თქმით, პირველ შეფასებას აქციზის ძალაში შესვლის პირველსავე პერიოდში გააკეთებენ, როგორც კი ტენდენცია გამოიკვეთება. ლუდის მწარმოებელ კომპანიებში პროდუქტის გაძვირებაზე საუბრობენ, თუმცა, ფასი რამდენით მოიმატებს, უცნობია. კომპანია ”ყაზბეგის” დამფუძნებელი გოგი თოფაძე ამბობს, რომ აქციზის გაძვირება ნაცადი ხერხია, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები მიმართავენ და იმ პროცესმა საზოგადოებაში ნეგატიური განწყობა არ უნდა შექმნას.

”აქციზის გაძვირება მსოფლიოში მიღებული ფორმაა, განსაკუთრებით კი, თამბაქოსა და ალკოჰოლურ სასმელებზე ვრცელდება. არ გამოვრიცხავ, საქართველოს შემთხვევაში, ეს დროებითი მოვლენაც იყოს, თუმცა, ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. რაც შეეხება პროდუქტის ფასს, ცხადია, მოიმატებს, მაგრამ ვერ გეტყვით, რა მაჩვენებლით განისაზღვრება”,-აცხადებს თოფაძე.

მარი ჩიტაია
წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”