„თავისუფალი დემოკრატები“ ხობის საკრებულოს წევრმა დატოვა [Video]

„თავისუფალი დემოკრატები“ ხობის საკრებულოს წევრმა დატოვა [Video]
07.11.2014
ხობის საკრებულოს წევრმა „თავისუფალი დემოკრატებიდან“ ლაშა გვასალიამ, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებში ზუგდიდის და ფოთის საარჩევნო შტაბებს ხელმძღვანელობდა,  პარტია დატოვა. ამის შესახებ მან საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. გვასალიამ პარტიასთან ერთად ხობის საკრებულოში მოქმედი ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატებიც“ დატოვა. მისი თქმით, იგი აპირებს გაწევრიანდეს პარტიაში „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“.




ლაშა გვასალიას განმარტებით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი მისი მხრიდან გახდა „თავისუფალი დემოკრატების“ ბოლო დროინდელი განცხადებები, რომლებიც მისი თქმით, ძალიან დაემსგავსა „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებებს.

კონკრეტულად მან დღეს ბრიფინგზე ახსენა ევროატლანტიკური კურსის შეცვლასთან დაკავშირებული განცხადებები. გვასალიამ აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებაში“ არ განიხილება რუსეთისკენ სწრაფვა.

„მე ვრჩები „ქართული ოცნების“ პრემიერის და ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის გუნდში. მე ვიყავი ზუგდიდის საარჩევნო შტაბის უფროსი, ფოთის საარჩევნო შტაბის უფროსი. ჩვენ ერთად მოვიპოვეთ გამარჯვება“, - განაცხადა მან.

ლაშა გვასალია არ ფლობს ინფორმაციას, რას გეგმავენ მისი უკვე ყოფილი თანაგუნდელები. ხობის საკრებულოში მოქმედ ფრაქცია „თავისუფალ დემოკრატებში“ ამჯერად სამი წევრი რჩება.



http://www.livepress.ge/ka/site/news/10394/