"პირველი ქმარიც მცემდა..." - ქმრის მიერ ნაცემი ორსული მეუღლის სულისშემძვრელი აღსარება

ჩვენში გახშირებულ ოჯახური ძალადობის ფაქტებს მრავალ საშიშ ტენდენციასთან ერთად ის საშიშროებაც ახლავს, რომ ამ ფაქტებს ვეჩვევით და მათ მიმართ გულგრილი ვხდებით, - დედოფლისწყაროს ფერმაში ქმრისგან ნაცემი 7 თვის ფეხმძიმის ბედით დაინტერესება საზოგადოებამ იმდენად სწრაფად შეწყვიტა, რომ ხანმოკლე ხმაურით დაკმაყოფილდა და სიკვდილის პირას მისული ქალი აღარც მოუკითხავს.


ამასობაში უმოწყალოდ ნაცემი მარინა აბესაძე ამჟამად დედოფლისწყაროში ქალიშვილის მეუღლის არც ისე დალხინებულ ოჯახს აფარებს თავს, საიდანაც როგორც კი ფეხზე დადგება, შესაძლოა განვლილი ცხოვრების ლოგიკით კვლავ მოძალადის ხელში აღმოჩნდეს, - ის აქამდე ასე ცხოვრობდა, როგორ იცხოვროს ხვალ სხვანაირად, არ იცის…

- ქალბატონო მარინა, როგორც ექიმები ამბობენ, მეუღლემ ცემისას ხელი მოგამტვრიათ, თავში კი მრავალჯერ ჩაგარტყათ ბლაგვი საგანი… აქამდე როგორ მიხვედით…

- ისე მოვედი, რომ პირველი ქმარიც მცემდა... ეს მეორე ქმარი იყო… პირველს რომ გავყევი, მაშინ 15 წლის ვიყავი, ისიც ძალიან ცუდი კაცი იყო, ავი და ლოთი. ისიც მცემდა. მამაჩემმა რომ დაინახა, ჩემი ქმარი მომკლავდა, ადგა და თავისთან წამიყვანა. მაშინ 2 გოგო უკვე მყავდა,ერთი 1 წლის ,მეორე 5 წლისა. მერე პრობლემები შეგვექმნა და მამამ სახლი გაყიდა. მერე მეორედ გავთხოვდი, ეს ჩემი მეორე ქმარი ჩემმა ნაცნობმა გამაცნო. თურმე ესეც ლოთი ყოფილა, თანაც, ერთი ცოლი უკვე ჰყავდა გაშვებული და არ მითხრა…

- თქვენ რატომღა არ დაინტერესდით და არ გაიკითხეთ, ვინ იყო თქვენი მომავალი მეორე ქმარი?

- აბა, რა ვიცი, სახლი არ გვქონდა და სადმე ხომ უნდა მეცხოვრა. მითხრა, მოგივლი, შენს შვილებსაც მოვუვლიო… მაგრამ რომ გავთხოვდი და არბოშიკში მისი სახლი ვნახე, სულ ამეტირა, - ორსართულიანი სახლი ისე დაუნგრევია და გაუყიდია მაგას, მაგის დედას და მამას, რომ მრტო ნანგრევები იყო. რახან სახლ-კარი არ ჰქონდა, მითხრა, - მე სხვა შემოსავალი არ მაქვს და მოდი, ფერმებში ვიცხოვროთ, იქ სხვის ცხვრსა და ძროხას მოვუვლი და ერთ 300 ლარს მოგვცემენ, თან ყველი და რძეც გვექნებაო. მეც ჩემი შვილებით დავყვებოდი ფერმებში, ხნ შირაქში, ხან სამთაწყაროში, ხან ვაზიანში…

- ცოლად შერთვისთანავე გცემდათ?

- კი, თავიდანვე მცემდა, მაგრამ რა უნდა მექნა…

- ამას თქვენი შვილები უყურებდნენ?
- დიახ უყურებდნენ. ჩემი ქმარი იმათაც სცემდა, ბავშვი რომ რამეს ისე არ გააკეთებდა, როგორც მას უნდოდა, გააქანებდა და გაულაწუნებდა.

- ამის ყურება როგორ შეგეძლოთ?

- არ ვუყურებდი, მაგრამ სიტყვას რომ შევუბრუნებდი, მეც მცემდა. ბავშვები მეუბნებოდნენ, დედა, აქედან წავიდეთო და ტიროდნენ, მაგრამ ვფიქრობდი, რომ ჩემი ქმარი გამოსწორდებოდა.

- ალბათ ამის გამო გათხოვდა თქვენი უფროსი ქალიშვილი 15 წლის ასაკში, ალბათ იფიქრა, თავს ვუშველიო…

- დიახ. მისი ქმარი 29 წლის არის, ისიც მწყემსია. ახლ მის ოჯახში ვართ თავშეფარებული.

- ეს ბოლო კონფლიქტი რა საბაბით

დაიწყო?

- რა და, ვისთანაც ვმუშაობდით, იმ კაცმა ცხვრები გაყიდა. ჩემმა ქმარმა მითხრა, - ახლა აქ რომ "თათარი" კაცია, იმასთან გადავიდეთ სამუშაოდო. მე დავეთანხმე, მაგრამ 2 რკინის საწოლი გვქონდა და ისინი ვერ გადავიტანეთ. იქვე ქართველი ცოლ-ქმრის ფერმაც იყო და მათ გვითხრეს, - თუ საწოლები ვერ გადაიტანეთ, ამაღამ ჩვენთან გაათიეთო. ჩვენც გავათიეთ. იმ კაცმა ჩემს ქმარს დაალევინა. რომ დათვრა ჩემი ქმარი, მთელი ღამე ჩხუბობდა. დილის 5 საათი იქნებოდა, წამოხტა, დაავლო სკამს ხელი და თავში ჩამარტყა. მე ხელი დავიფარე თავზე და ახლა იმ ხელზე დამარტყა ის სკამი. ამ დროს გავიგონე, ძვალი როგორ გატყდა. ამიტომ მეორე ხელიც ავიფარე და ახლა იმაზე დამარტყა. ამასობაში ჩემი შვილიც იქ იწვა, გაიღვიძა და ჩემს ქმარს მივარდა, - დედას ნუ ურტყამო. იმას დაუღრიალა და ხელი კრა. ჩემი შვილი დაეცა, ის კი ისევ მირტყამდა. მერე დამიყვირა, - აეთრიე და ახლა სახეში ჩამცხო წიხლი. მთელი სახიდან სისხლი წამომივიდა.

- ამ დროს ის ცოლ-ქმარი რას აკეთებდა, ვისაც თქვენთან ერთად ფერმაში ერთ ოთახში ეძინა?

-არაფერს, გვიყურებდნენ და ჩუმად იყვნენ.

- სასწრაფო ვინ გამოიძახა?

- ჩემმა ქმარმა, მაგრამ მითხრა, - ვითომ კიბიდან დაგორდი, ხმა არ გაიღო, მე რომ გცემეო…

- თქვენც ასე თქვით, არა?

- დიახ. მაგრამ ექიმი ყველაფერს მიხვდა.

- ახლა რას აპირებთ?

- არ ვიცი. ხელი ისევ მოტეხილი მაქვს, ტვინში გაჟონვა მაქვს და ვერ ვდგები. დღეს მარტო მაკარონი ვჭამეთ, მე, ჩემმა შვილმა და დედაჩემმა, - ისიც ჩვენთან ერთად არის ჩემი სიძის სახლში თავშეფარებული, იმიტომ რომ პურიც არ გვქონდა, ჩემს სიძეს სამუშაო არ აქვს. ასე თუ გაგრძელდა, შიმშილით მოვკვდებით. არც ის ვიცი, რომ ვიმშობიარებ, სად წავიდე, არ ვიცი…

პ.ს. ჩვენ მოვუწოდებთ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს შეძლებისდაგვარად დაეხმაროს ძალადობის მსხვერპლს. დახმარების სურვილის შემთხვევაში დაზარალებულს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ტელეფონზე 558909541

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)

http://www.kvirispalitra.ge/