მარინა ბერიძე: "კაცს თუ პაწაპუწა მოაკელი, ვიღაც იმ პაწაპუწას გაუკეთებს, მერე მიდი და იხტუნავე"

65 წლის მარინა ბერიძე ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში ამბობს, რომ სიმშვიდის ეტაპი დაეწყო. როგორც თავად ამბობს, ბრაზიანი აღარაა და ბევრ რამეს სხვა თვალით უყურებს. Ambebi.ge გთავაზობთ ფრაგმენტს ინტერვიუდან.

***

"სარკე": უკან რომ იხედებით, თქვენ მიერ დაშვებულ შეცდომებს ხედავთ?
მარინა ბერიძე: რასაკვირველია, თან ძალიან ბევრს, მაგრამ მათი გამოსწორება ძალიან ძნელია. რაც იყო, იყო, ალბათ იმ ეტაპზე სხვანაირად არ შეიძლებოდა. პირად ცხოვრებაშიც უამრავი შეცდომა მაქვს დაშვებული, რადგან სამსახურს გადავყევი. ოჯახისთვის უფრო მეტი შემეძლო. კაცი ხომ ასეთია, თუ რაღაც პაწაპუწა მოაკელი, ვიღაც გამოჩნდება, რომელიც იმ პაწაპუწას გაუკეთებს, მერე მიდი და იხტუნავე, რამდენიც გინდა.


მოკლედ, ცხოვრებაში უამრავი პრიორიტეტია. არადა მეგონა, ის საქმე, რასაც ვაკეთებდი, მთავარი იყო ჩემთვის. აი, აქ დავუშვი ყველაზე დიდი შეცდომა. ბევრი სხვა რამეა უფრო მთავარი, ამიტომ ზუსტად ერთნაირი დარტყმა მივიღე პირადშიც და კარიერაშიც.

"სარკე": გაქვთ ყოფილ ქმართან ურთიერთობა?
მარინა ბერიძე: არა! ეს ჩემთვის მტკივნეული თემაა.

"სარკე": როგორ დაიბრუნეთ ცხოვრების ხალისი და სტიმული?
მარინა ბერიძე: უბრალოდ ხალისიანი ადამიანი ვარ და ცხოვრება მიყვარს. ბინა შევიცვალე და, აი, ამ ხედს, რომელსაც ახლა უყურებთ,

ძალიან დიდხანს ვეჩვეოდი, არ მომწონდა, ფარდებს ვაფარებდი, მაგრამ შენს თავს უნდა მოერიო. ტრანკვილიზატორებზე არ უნდა იჯდე, ძილის წამლები არ უნდა სვა, გათიშული არ უნდა იყო. რეალობას პირდაპირ თვალებში უნდა უყურო. ცხოვრებაში ბევრი რამ არის საინტერესო, ამიტომ მოვჭერი ის რთული წლები და მათში აღარ ვიქექები. არასდროს მიყვარდა უკან გახედვა. ყოველთვის მაინტერესებს, რა იქნება ხვალ და ამანაც მიშველა.

"სარკე": ვიცოდი, რომ სამი შვილიშვილი გყავდათ და უკვე მეოთხეც შეგძენიათ.
მარინა ბერიძე: ერთი გოგოსგან მყავს ოთხი შვილიშვილი - სამი გოგო და ერთი ბიჭი. ანიტა ახლახან გახდა 40 დღის. როგორც ბავშვები ამბობენ, სასაცილო ბებია ვარ. სხვათა შორის, მეგობრული გახლავართ მათთან, შინაგანად მკაცრი ვარ და მეშინია, ეს ბავშვებზე არ გადავიდეს, ამიტომ მათთან სახალისო ურთიერთობა მაქვს. შვილი დედამ უნდა გაზარდოს და მკაცრიც ის უნდა იყოს. შუათანა შვილიშვილი მეუბნება, მარი, წარბები ჩამოსწიე, შენი სულ არ მეშინიაო.

ეკა ლემონჯავა, ჟურნალი "სარკე"