სექსი მანქანაში: პატრულის ნუ შეგეშინდებათ, ქმარი არ დაგადგეთ...

სანამ მთავარ სათქმელზე გადავალ, ერთ კურიოზს გავიხსენებ, რომელიც სამეგრელოში ერთ ტელეჟურნალისტს გადახდა თავს. მას დოკუმენტური ფილმისთვის კადრების გადაღება სჭირდებოდა, როგორ გადმოდიან ენგურის გავლით, საცალფეხო ბილიკებით აფხაზეთიდან დევნილი ქართველები და რა ძნელი გზის გავლა უწევთ მათ, რუსი ოკუპანტების გადამკიდეთ. რადგან საქმე არ ეხებოდა ახალ ამბავს, ეს კადრი უნდა დადგმულიყო და ამისთვის კონტიგენტი აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლობასთან შეთანხმებით შეირჩა კიდეც. შეირჩა ადგილიც: ერთ-ერთი უკაცრიელი, რომელიც ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარეობდა და სადაც მდინარე ენგურის ტოტი ჩამოდიოდა.


გადაღება დაიწყო, მაგრამ შორი ხედის აღების დროს ოპერატორს კადრში ეჩხირებოდა მსუბუქი ავტომანქანა, რომელიც გადაღების ადგილიდან დაახლოებით 400 მეტრის დაშორებით იდგა. როგორც ოპერატორმა განმარტა, მანქანის კადრში არჩასმა ვერ ხერხდებოდა, რადგან ასეთ შემთხვევაში საერთო ხედის ეფექტი იკარგებოდა. სხვა ადგილის საძებრად დრო აღარ ჰყოფნიდათ და გადაწყდა, რომ მისულიყვნენ მანქანასთან და მძღოლისთვის სხვა ადგილზე გადასვლა ეთხოვათ. ამ მისიის შესრულება ლეგიტიმური ხელისუფლების ერთ-ერთ წარმომადგენელს დაევალა, რომელიც მანქანასთან მივიდა და დაბურულმინებიანი „ინომარკის“ საბარგულზე დააკაკუნა. როგორც მერე „მისიონერი“ ჰყვებოდა, მანქანასთან ახლოს მისვლისთანავე მიხვდა, რაც ხდებოდა, მაგრამ უკან მობრუნება არ გამოდიოდა: საქმე გასაკეთებელი იყო, დრო კი არ ითმენდა.

დაკაკუნების შემდეგ უკანა კარის ერთ-ერთი მინა ჩაიწია და იქედან თმააბურძგნული, მხრებმოშიშვლებული მამაკაცის შეშინებული სახე გამოჩნდა. როგორც კი თხოვნა მოისმინა, მამაკაცმა შვებით ამოისუნთქა და ჩაილაპარაკა: „უჰ, შენ რა გითხარი, მე ამის ქმარი მეგონა...“

ეს სიტუაცია დღეს და ახლა რომ გამეორებულიყო, ალბათ, მამაკაცი სიტყვებს შეცვლიდა და შვებით იმიტომ ამოისუნთაქვდა, რომ ქალის ქმარი კი არა, პატრული არ დაადგა თავს. ბოლოს და ბოლოს, თუ მაინცდამაინც გათხოვილ ქალებთან მანქანაში სექსი გსიამოვნებს და ამ დროს ქმარი დაგადგება თავზე, შენს მოხერხებულობაზეა დამოკიდებული - შეგიძლია გაექცე კიდეც, მაგრამ პატრულს აბა, სად გაექცევი? ასე რომ, თუ მანქანაში გათხოვილ ქალებთან სექსის მოყვარულ მამაკაცებს გამოკითხავთ, ალბათ, უმრავლესობა გიპასუხებთ, რომ საქმით დაკავებულს ურჩევნია, ქმარი დაადგეს თავზე, ვიდრე იგივე პატრულმა მოიმოქმედოს.

მაგრამ ახლა მივადგეთ მთავარ სათქმელს და გავარკვიოთ, მართლაც უნდა ეშინოდეთ თუ არა პატრულის მათ, ვისთვისაც სექსი მანქანაში გატაცება ან, მიზეზთა და მიზეზთა გამო, ამ საქმით დაკავების ერთადერთი, თვალისგან მოფარებული საშუალებაა?

მიცვალებულთა სამ დღეზე მეტხანს სახლში დასვენების შემთხვევაში ჯარიმისა არ იყოს, ეს ამბავიც ბლეფია: კანონში არანაირი ცვლილება არ შესულა და არ განსაზღვრულა, რომ მანქანაში სექსი ადმინისტრაციული ან სხვა სახის გადაცდომაა. შესაბამისად, არც ისაა მართალი, რომ თუ თავზე პატრული დაგადგებათ, პირველ შემთხვევაში 400, მეორე შემთხვევაში 800 და მესამე შემთხვევაში 1500 ლარის გადახდა მოგიწევთ, როგორც ეს დღეს უმრავლესობას ჰგონია.

მანქანაში სექსის დასჯადობის საკითხი თავის დროზე საკმაოდ აქტიურად განიხილებოდა „თბლისის ფორუმზე“ და, როგორც ასეთ შემთხვევაში ხდება, ზოგი იუზერი ალთას იყო, ზოგიც ბალთას. ერთმა აი, რა დაწერა: „რა ჯარიმა, რის ჯარიმა, მანქანაში სექსით ვიყავი დაკავებული, პატრულმა რომ მომიკაკუნა და ერთადერთი, რაც შემომძახა, ეს იყო: „მალე დაამთავრეთ!“-ისიც იმიტომ, რომ გზისპირას ვიდექი, კორპუსებთან ახლოს...". სხვები უფრო შორს წავიდნენ და არც ფორუმისთვის დამახასიათებელი ენაკვიმატობა იყო იშვიათი: „თუ ერთმანეთს გახდილები კოცნიან და სექსი არა აქვთ, როგორ გაიგებენ, ექსპერტიზას ჩაატარებენ?“ - აინტერესებდა ერთს. „გავიგე, ახლა სახლშიც მხოლოდ საძინებელში შეიძლება თურმე, ზალაში სექსი 50 ლარით ჯარიმდებაო“, - ლაღობდა მეორე. „ისე, რომ ჯარიმდებოდეს, ხომ გასამმაგდებოდა საქართველოს ბიუჯეტი“, - გული სწყდებოდა მესამეს.

მოკლედ, მანქანაში სექსი დასჯადი ქმედება არ არის - არც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და არც სისხლის სამართლის კოდექსით იგი არ ისჯება. მაგრამ ერთი წესი მტკიცედ უნდა დაიცვათ: მოერიდეთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და მათთან უშუალო სიახლოვეს. ასეთ ადგილებად მხოლოდ პარკები, სკვერები და ბულვარები როდი ითვლება - მაგალითად, თბილისის ზღვის სანაპიროს ის ზოლი, სადაც ღამით უამრავ მანქანას ნახავთ „გადაყენებულ“ მდგომარეობაში და სადაც, შესაძლოა, სექსითაც იყვნენ დაკავებულნი, თავისუფლად შეიძლება ჩაითვალოს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილად და ასეთ შემთხვევაში თუ თავს პატრული დაგადგათ, არათუ ჯარიმის გარეშე ვერ გადარჩებით - შესაძლოა, ციხეშიც ამოჰყოთ თავი.

სხვა მხრივ კი, თავისუფალი ხართ - ბოლოს და ბოლოს, საქართველოში უკაცრიელ ადგილებს რა გამოლევს - მანქანაში სექსის მოყვარულებმა ხომ თვით მჭიდროზე მჭიდროდ დასახლებულ თბილისშიც კი, უამრავი ასეთი ადგილი იციან...