"ჯერჯერობით მხოლოდ მეგობრები ვართ"- რა აკავშირებს "გრუშას" თამუნა მუსერიძესთან

რუსთაველის თეატრის მსახიობი სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძე სულ ცოტა ხნის წინ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ „კაი ბიჭი“ პოლიტიკოსის როლში გამოჩნდა. საზოგადოებას ის სერიალ „გოგონა გარეუბნიდანაც“ მსგავსი როლით ახსოვს. მსახიობი ჟურნალ „თბილისელებს“ პირადი ცხოვრების შესახებ ესაუბრა და აღნიშნა, რომ მიუხედავად ოჯახის დანგრევისა, ის მეუღლის მადლობელია, რომ ამ ქვეყანაზე მათი შვილი ელენე მოავლინა.

„ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა და ძალიან ბედნიერები ვიყავით. დავქორწინდით – „მევიყვანე“ ცოლი (იცინის). მანამდე ერთი წელი ვიყავით ერთად. შემდეგ შეგვეძინა ელენე, რამდენიმე წელი ერთად გავატარეთ და, სამწუხაროდ, დავშორდით. „სამწუხაროში” ოჯახის დანგრევას ვგულისხმობ, რაც ყოველთვის მტკივნეულია. როცა შვილი გყავს, ურთიერთობების ერთი ხელის მოსმით დანგრევა რთულია, თუმცა, ბედნიერი ვარ, რომ მყავს ეს ქალბატონი. უანგელოზესზე უანგელოზესი... მთავარანგელოზი მყავს (იცინის). უბედნიერესი ადამიანი ვარ, ის რომ მყავს. ამის გაგება ცოტა რთულია, მით უმეტეს, იმისთვის, ვინც მშობელი არაა. ლიზასი მადლობელი ვარ, რომ ასეთი ადამიანი მომივლინა. რთულია იმის თქმა, როგორი მამა ვარ. ჩემი გადასახედიდან, ისეთი ვერ ვარ, როგორიც მინდა, ვიყო. სითბოს გამოხატვა ყველა მშობელს უნდა შეეძლოს, მაგრამ მე უფრო მეტის გაკეთება მინდა მისთვის, ვიდრე ვაკეთებ.“- ანიშნა მსახიობმა.

სანდრო მიკუჩაძის თქმით ამჟამად მის პირად ცხოვრებაში სიმშვიდეა. მსახიობმა მისი და თამუნა მუსერიძის ურთიერთობის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტელეწამყვანთან მას მხოლოდ მეგობრობა აკავშირებს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ მეგობარი შეუყვარდეს:

„მე და თამუნა მეგობრები ვართ, ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. არც იმას გამოვრიცხავ, რომ მეგობარი შემიყვარდეს. ბავშვობის მეგობრებს უყვარდებათ ერთმანეთი და ძმაკაცების დები მოჰყავთ ცოლად, ამიტომ, არც მე გამოვრიცხავ არაფერს. ჯერჯერობით მხოლოდ მეგობრები ვართ. თამუნა მეგობრის ქორწილში გავიცანი, მანამდე მხოლოდ შორიდან, მისი პროფესიიდან გამომდინარე ვიცნობდი. მას შემდეგ ძალიან თბილი და მეგობრული ურთიერთობა გვაქვს.“



მომზადებულია ჟურნალ "თბილისელების" მიხედვით