,,ზოგს კვერცხი ხვდება, ზოგს - მანჩო გიორგობიანი...“ - რატომ არ აპირებს გიორგი გაბუნია დაოჯახებას

ყველაზე ენამწარე, პროვოკატორი, როგორც თავად, გიორგი გაბუნია უწოდებს საკუთარ თავს. მას საზოგადოების აზრი აინტერესებს, მაგრამ თავად წყვეტს, გაითვალისწინოს თუ არა ესა თუ ის მოსაზრება. იცის, რომ მის სარკაზმით გაჯერებულ გამონათქვამებს უარყოფითი გამოხმაურებებიც მოჰყვება, თუმცა დიდად არ ნაღვლობს. ეს ხომ მისი ''X ფაქტორული'' იმიჯის ნაწილია, თუმცა ყველაფერი არა - იმიჯი მაინც მის ხასიათს შეესაბამება.

_ეს იუმორი არ არის, უფრო სარკაზმია, სარკაზმი კი ყოველთვის ასეთია. არის ალბათ ზღვარი, რომელიც, ბევრისთვის, გადავლახე და ფიქრობენ, რომ იმ მომენტში იუმორი დასრულდა და დაიწყო სარკაზმი. ამ ხუმრობებში ყოველთვის არის სიმართლის ნაწილი, ასე უბრალოდ არაფერს ვამბობ. მე რომ ვყოფილიყავი მის ადგილას, აუცილებლად გავიცინებდი. შეიძლება, მეთქვა, მართალია-მეთქი, მომეშვა ქამარი და თავიდან მემღერა (იღიმის), თუმცა კონკურსანტმა ეს საერთოდ ვერ მიიღო ხუმრობად.

- და იყო მუქარა შენი მისამართით, ''მე-12''-ში ჩვენთან ჩამოვიდესო... ასეთი კომენტარების შემდეგ გაგიკვირდება, ქუჩაში ვინმემ კვერცხი ან პომიდორი რომ დაგიშინოს?

- ყველაფერი შეიძლება მოხდეს, არც პირველი ვიქნები და არც უკანასკნელი, ვისაც კვერცხი მოხვედრია. ზოგს კვერცხი ხვდება, ზოგს - მანჩო გიორგობიანი (იცინის).

- შენ როგორ გამოხატავ თავისუფლებას და როგორ განიტვირთები?

- მიყვარს სრული სიმარტოვე. ძალიან თვითკმარი ადამიანი ვარ, ყველაზე მეტ სიამოვნებას ამით ვიღებ.

- რადგან თვითკმარი ხარ, ამიტომაც არ იქნები ალბათ დაოჯახებული.

- სიმართლე გითხრა, ჩემთვის ოჯახი, როგორც ფენომენი, მიუღებელია და არც მინდა, რომ ვიღაცასთან, მით უმეტეს, ჩემი ნებით, გადავწყვიტო ცხოვრების ბოლომდე გატარება. მეორე ადამიანთან ვალდებულებებით გადაბმა არ მინდა.

- და არასდროს აპირებ დაოჯახებას?

- არა, ზოგადად არ ვგეგმავ დაოჯახებას.

- შენს თვითკმარობას ვერც ერთი გოგონა ვერ დაარღვევს?

- ჩვენ ოჯახზე ვლაპარაკობდით... თორემ ისე, რასაკვირველია, ურთიერთობები მაქვს, მაგრამ მხოლოდ ისეთ დონეზე, რომელიც შეიძლება, ნებისმიერ მომენტში დავასრულო. ჩემს პირად ურთიერთობებში ხანგრძლივვადიანი ვალდებულებები ნულს უტოლდება.