"მანქანის შექმნა 100 000 დოლარი დაგვიჯდა" – ქუთაისელი მამა-შვილის შედევრი (ექსკლუზივი)



"ამ მანქანას 4 წელი ხელით ვაკოწიწებდით"

"საქართველოში მანქანის სერიული წარმოება შეუძლებელია და უახლოეს მომავალშიც ასე იქნება"

"თუ გასაყიდად გავიტანთ, მინიმუმ იმდენს მაინც დავადებთ ფასს რაც დაგვიჯდა"


ცოტა ხნის წინ ქუთაისელმა მამა-შვილმა,  მამუკა და გიორგი ქვარიანებმა და მათმა მეგობრებმა საკუთარი ხელით შექმნილი სპორტული ავტომობილის პრეზენტაცია გამართეს. მანქანა ერთი შეხედვისთანავე იპყრობს ყურადღებას და ქართულ რეალობაში ნამდვილად ახალი სიტყვაა. ჩვენ დავუკავშირდით გიორგი ქვარიანს და ინტერვიუ ჩამოვართვით:



გიორგი ქვარიანი:

- იდეა ბავშვობიდან გამიჩნდა. რაც კალმის დაჭერა ვისწავლე, სულ მანქანებს ვხატავდი. ოჯახი მოსკოვში ვცხოვრობდით და 2006 წელს გადმოვედით ქუთაისში საცხოვრებლად. მოსკოვში მრბოლელი ვიყავი და შესაძლოა, კარიერაც ამეწყო, მაგრამ საქართველოში აღარ იყო ამის საშუალება, ამიტომ მთლიანად მანქანის აწყობის იდეაზე გადავერთე. თანაც ისე მოხდა, რომ სწორ ადგილას მოვხვდი, სწორ დროს, იმ ხალხის წრეში, ვინც ჩემი იდეა გაიზიარა და გადავწყვიტეთ, ამ საქმეს შევჭიდებოდით. ასე დაიბადა პირველი ქართული სპორტული მანქანა, ე.წ. სპორტქარ-ი. თავდაპირველად ძალიან გვეიოლებოდა გაკეთება, მაგრამ ეს გადაიქცა ურთულეს პროცესად. ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ გვინდოდა, ყველაფერი ჩვენი დამზადებული ყოფილიყო, გარდა იმ ტექნიკური ნაწილებისა, რომელის ფიზიკურად შექმნა შეუძლებელი იყო (ძრავი, გადაცემათა კოლოფი და სხვ.) მაგ. ძრავი, "ბმვ"-ის გამოვიყენეთ.
- თუ საიდუმლო არაა რა დაჯდა მანქანის დამზადება?
- ეს იყო დროში გაწელილი ხარჯები, დაახლოებით ასი ათასი დოლარი დაგვიჯდა. 

-დიზაინი ვისი იდეა იყო?

-კონცეფცია ჩემი იყო, მაგრამ დიზაინსაც თანაავტორი ყავს, ერთად შევქმენით ეს მოდელი. 

-პრეზენტაციის შემდეგ თუ იყო ვინმეს მხრიდან დაინტერესება?

-იყო, მაგრამ ლაპარაკს არ გაცდენია ანუ სერიოზული დაინტერესება ჯერ არ ყოფილა. "ფულს ჩავდებ ამ მანქანის წარმოებაში" ან რაიმე მსგავსი არ ყოფილა.

- სად, რა პირობებში ხდებოდა მანქანის შექმნა?


- ფართი გვქონდა ნაქირავები. თავიდან, როცა დავიწყეთ, მხოლოდ შედუღების აპარატი გვქონდა და ინსტრუმენტების მცირე კრებული. ნელ-ნელა ვყიდულობდით ყველაფერს. ძალიან რთულია ასეთი საქმის კეთება, რადგან ქვეყანაში ფაქტობრივად არაა ბაზა, არაა შესაბამისი დანადგარები, ძალიან ჭირს კვალიფიციური სპეციალისტების მოძიებაც. ამანაც განაპირობა, რომ მანქანას 4 წელი ხელით ვაკოწიწებდით. ჩვენი უმთავრესი მიზანია, ეს სფერო განვითარდეს. პოპულარიზაციას შევუწყოთ ხელი და უცხოელი ინვესტორების ყურადღება მივიქციოთ.

- რამდენადაა შესაძლებელი საქართველოში მანქანის (არ მხოლოდ თქვენი მანქანის) სერიული წარმოება?

ამ ეტაპზე საქართველოში მანქანის სერიული წარმოება შეუძლებელია და უახლოეს მომავალშიც ასე იქნება, ვინაიდან ამას სჭირდება როგორც ძალიან დიდი ფული, ასევე უამრავი ლიცენზია, გამოცდები, ტესტირებები და რაც მთავარია კვალიფიციური მუშა-ხელი. ეს ძალიან რთული, მრავალწლიანი პროცესია. ჯერ მხოლოდ ერთი კონკრეტული მოდელის შექმნას უნდა წლები, შემდეგ ამ მოდელის დახვეწას, გამოცდას, ტესტირებას. ეს ასე ხდება ყველგან. იმედია, ჩვენი მანქანა ხელს შეუწყობს ამ დარგის სამომავლოდ განვითარებას, თუმცა დღევანდელი პერსპექტივიდან გამომდინარე, 10-15 წელი მაინც უნდა საქართველოში სერიული წარმოების დანერგვას. 

- ეს მოდელი არ არსებობს და რეგისტრაციის დროს არ გქონდათ პრობლემა?

- ქუთაისში გვყავდა ტესტირების ცენტრში, გამოიცადა, თუ რამდენად შეეძლო ავტომანქანას გზაზე გამართული სიარული, კიდევ სხვა ტესტებიც ჩაუტარდა, მოგვცეს დროებითი ნომრები და დაგვრთეს ამ მანქანით მოძრაობის უფლება. 5000 კილომეტრის მერე კიდევ ერთი ტესტირება ჩაუტარდება, ამის მერე, უკვე ჩვეულებრივ შეგვეძლება მანქანის გამოყენება.

- უსაფრთხოების ნორმები რამდენადაა დაცული?

-უსაფრთხოების ნორმები სათანადოდაა დაცული. მანქანას აქვს უსაფრთხოების ღვედები და სპეციალური დამცავი მექანიზმები. არ აქვს გასაბერი ბალიშები, თუმცა ბალიშები ძალიან ბევრ სპორტულ მანქანას არ აქვს ანუ ამ ტიპის მანქანებში ეს აუცილებელი ნორმა არაა, თორემ ჩვენც უსათუოდ გავაკეთებდით. თუ ვინმეს ყიდვა ენდომება, მანქანას ყველაფერი მწყობრში აქვს, სტანდარტების შესაბამისად.

- დაახლოებით რა ფასად გეგმავთ გაყიდვას?

- ჩემთვის ძალიან რთულია ამის შეფასება. მე რომ ვთქვა, ძალიან მაგარი მანქანაა-მეთქი, ხალხი იფიქრებს, რომ სუბიექტური ვარ. ეს ხალხზეა დამოკიდებული, თუმცა თუ გასაყიდად გავიტანთ, მინიმუმ იმდენს მაინც დავადებთ ფასს, რაც დაგვიჯდა, ანუ ასი ათას დოლარს და მერე ვნახოთ, შეიძლება მოიმატოს ფასმა და შესაძლოა, ამ ფასადაც არ გაიყიდოს.

- ხალხს რა რეაქცია აქვს, როდესაც მანქანას ხედავენ?

- ქუთაისიდან თბილიში რომ მოვდიოდით, შემხვედრი მანქანებიდან ყველა გვესალმებოდა, ცერა თითს წევდნენ მაღლა მოწონების ნიშნად. ორჯერ პატრულმა გაგვაჩერა, გვაინტერესებს, როგორიაო და სურათები გადაიღეს, თუმცა არის ხალხი, რომელსაც არ მოეწონა, ზოგისგან ისეთი უარყოფითი რეაქცია კი იყო, ვიფიქრე კიდეც, რამე ხომ არ დავაშავე-მეთქი.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)



kvirispalitra.ge