ცოლ-ქმრის კამათს ჭავჭავაძეზე 2 ახალგაზრდის სიცოცხლე შეეწირა - საბედისწერო დღე კონტროლიორებისათვის

რამდენიმე დღის წინ, ჭავჭავაძის გამზირზე, BMW–ს მარკის ავტომობილი ავტობუსის გაჩერებაზე მდგარ ორ კონტროლიორს დაეჯახა. მათგან ერთი-ერთი, 26 წლის ილია ქვარცხავა, ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი, 32 წლის ია დვალიშვილი, უმძიმეს მდგომარეობაში რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, საჭესთან ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ელენე შარვაშიძე იჯდა. მანქანაში ასევე იმყოფებოდა მისი მეუღლეც, რომელიც ასევე ნასვამი იყო... ცოლ-ქმარმა მანქანაში რაღაცაზე იკამათეს, ქმარმა ქალს საჭეზე ხელი აუკრა, ამ უკანასკნელმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გაჩერებაზე შევარდა... 



ილია ქვარცხავას მეუღლე და ერთი წლის შვილი დარჩა, ნიკოლოზი... უმუშევრობის გამო, 

ახალგაზრდებს ოჯახში მცირე უსიამოვნებაც ჰქონდათ, ამიტომაც ილია თავგამოდებული ეძებდა სამსახურს... შარშან მოახერხა და კონტროლიორად დაიწყო მუშაობა... 

მამუკა გორგოძე, მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოადგილე: 

- სასწრაფო დახმარების მანქანა რამდენიმე წუთში მოვიდა, მაგრამ ილია იმდენად მძიმე მდგომარეობაში იყო, მხოლოდ 2 წუთი ჰყავდათ სუნთქვის აპარატზე შეერთებული... მანქანამ მთელი ძალით დაეჯახა და გადაურა. გაჩერების ჯიხური მთლიანად დამსხვრეული იყო, ხელახლა დადგეს. 

- მძღოლი ნასვამი იყო?..
- თავდაპირველად ასე გავრცელდა, მაგრამ შემდეგ ექსპერტიზის დასკვნაში ჩაწერეს, რომ ნასვამი იყო მხოლოდ მეუღლე... როგორც ამბობენ, მეუღლემ ხელი აურტყა საჭეზე, რის შედეგადაც ქალმა საჭე ვერ დაიმორჩილა. მეუღლეს ეტყობოდა კიდეც, ნასვამი რომ იყო...