''ცეკვავენ ვარსკვლავების'' პოლიტიკური არჩევანი!? - იმსახურებს თუ არა პროექტის ფავორიტობას იასენია

''ცეკვავენ ვარსკვლავების'' მეოთხე სეზონი, ერთი შეხედვით, სკანდალების გარეშე მიმდინარეობს. მონაწილეები, რომლებიც შოუს ტოვებენ, პროექტზე მხოლოდ კარგს ლაპარაკობენ.
თუმცა კულუარებში უკვე საუბრობენ, რომ გამარჯვებული აფხაზი მომღერალი იასენია გახდება. ძნელია, მათ არ დაეთანხმო. ჟიურის წევრები მას ყოველთვის მაღალ ქულებს უწერენ, მიუხედავად იმისა, რომ მაგალითად, ლევან ჩიჩუას, რომელიც ყველა ტურში იასენიაზე სტაბილურად ცეკვავს, ამ ბოლო დროს აშკარად აკლებენ ქულებს. 


კულუარებში იმაზეც ლაპარაკობენ, რომ რადგან იასენია აფხაზია, პროექტში ამიტომაც გაამარჯვებინებენ, ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა ხომ ისევ მომგებიან თემად რჩება ჩვენს ტელესივრცეში. როგორც ჩანს, ქართული ტელეპროექტების პროდიუსერები ფიქრობენ, რომ თუკი აფხაზი გოგონა გაიმარჯვებს, ამით აფხაზების გულს მოვიგებთ.

სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ იასენია ბოლო რამდენიმე ტურია, მართლაც კარგად ცეკვავს, მაგრამ არც ისე კარგად, რომ დანარჩენ მონაწილეებზე ბევრად მაღალი ქულები მიიღოს. ჟიურისგან ლევან ჩიჩუა, იგივე თიელი, ყოველთვის კარგ სიტყვიერ შეფასებებს იღებს, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, მაინც დაბალ ქულებს უწერენ.

ბოლო ტურში ლევანმა და მზიამ ესპანური ცეკვა ''ფლამენკო'' შეასრულეს. გოჩა ჩერტკოევის შეფასება მოკლე იყო. კარგად იცეკვეთ, მაგრამ უკეთესადაც შეიძლებოდაო. ჟიურის წევრმა ინგა გრიგოლიამაც თქვა, გული გამისკდება, ეს ბიჭი ფინალში რომ არ ვნახოო, მაგრამ მაინც დაბალი ქულა დაუწერა… 

თიელისა და მზია ორველაშვილის ქულების გამოცხადებამდე ნინი ნებიერიძემ ჟიურის წევრებს მიმართა, ათიანები დაუწერეთ, თიელმა რაც გააკეთა, ასეთ რიტმიკას მოცეკვავეებიც ვერ აკეთებენო. თუმცა ჟიურის წევრებმა მისი მიმართვა არ გაითვალისწინეს და თიელს არცთუ მაღალი ქულები არგუნეს.

მორიგი ტური ნინი ნებიერიძემ და ოთო ფოლადაშვილმა დატოვეს. ნინი ვრცელ ინტერვიუზე უარს აცხადებს, მაგრამ როგორც ჩვენთან საუბარში თქვა ლევან ჩიჩუას გულშემატკივრად რჩება. 

სალომე დადიანი
სპეციალურად საიტისთვის