„ალია“: მიხეილ სააკაშვილმა და გიგა ბოკერიამ გიგი უგულავა სცემეს

გაზეთი  „ალია"  სტატიას სათაურით - „ნაციონალების" ლიდერები უგულავას ფიზიკურად გაუსწორდნენ?" აქვეყნებს.  გამოცემის ინფორმაციით, ფიზიკური დაპირისპირება გიგი უგულავასა და ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შორისაც მოხდა. გამოცემის ინფორმაციით, თბილისის ყოფილ მერს მიხეილ სააკაშვილი ფულის „მოტეხვაში" ადანაშაულებდა, რასაც უგულავასა და გიგა ბოკერიას შორის დაპირისპირებაც მოჰყვა.

 „ალიას" კულუარული ინფორმაციით, 3 ივნისს გიორგი ღონიაშვილის დაჭერის დღეს, გიგა ბოკერიამ აგინა და მერე ხელიც გაარტყა გიგი უგულავას და პარტიის სხვა ლიდერებმაც არ დაინდეს თბილისის ყოფილი მერი.


„გიორგი ღონიაშვილის დაჭერის ამბავი რომ გახმაურდა, „ნაციონალთა" ყველა ლიდერი ცენტრალურ ოფისში შეკრებილა. გიგი უგულავა და წამყვანი ლიდერები გიგა ბოკერიამ დაიბარა კაბინეტში და თბილისის ექსმერს სწორედ იქ გაურჩია საქმე... გიგა ბოკერიას ამგვარი წინდაუხედაობისთვის უსაყვედურებია უგულავასთვის, უთქვამს, რომ მხოლოდ საკუთარი თავის გადასარჩენად იბრძვის და პარტიის ბედი სულ ცალ ფეხზე ჰკიდია. უგულავას ბოკერიასთვის სიტყვა უხეშად შეუბრუნებია და საკუთარი ქვისლის გამართლებას შესდგომია. სქემის გაშიფვრა და საქმის ჩავარდნა დავით კეზერაშვილისა და ზურაბ ადეიშვილისთვის დაუბრალებია, რადგან ამ სქემის ავტორები სწორედ ისინი ყოფილან. პარტიის ორ ლიდერს შორის სიტყვიერი დაპირისპირება გინებამდე მისულა. შემდეგ, გიგა ბოკერიას უგულავასთვის დედა შეუგინებია და სახეში ხელი გაურტყამს. უგულავას მისკენ გაუწევია, მაგრამ სხვებს დაუჭერიათ და ამ გაწევ-გამოწევაში ერთი ალიყური გივი თარგამაძესაც მიუღია. უგულავას არავინ გამოჰქომაგებია, რადგან ყველა ლიდერი მას ადანაშაულებდა ამ 760 000 დოლარის დაკარგვაში, ფულის გათეთრების სქემის გაშიფვრაში და ყველა ბოკერიას ვარაუდს იზიარებდა, რომ სამართალდამცავები ღონიაშვილისა და კეზერაშვილის კავშირით, „ალიას" პუბლიკაციის შემდეგ დაინტერესდნენ, ღონიაშვილს კუდზე დააჯდნენ და გამოიჭირეს კიდეც.

ბოკერია უგულავას დამუქრებია, არჩევნების შემდეგ შენი ფეხი აღარ იქნება პარტიაში, თუ ამ ჩაოხრებულ საქმეს არ გამოასწორებო. გიგი უგულავასთვის მიხეილ სააკაშვილთან სკაიპით ლაპარაკს მოუთავებია ხელი. მიშას სულ დედ-მამა უგინებია უგულავასთვის და შეშლილი სახით მის ლანძღვასა და ყვირილს, ცხადია, ბოკერიას კაბინეტში თავმოყრილი ყველა ლიდერი უყურებდა და უსმენდა. სააკაშვილიც სწორედ იმაში ადანაშაულებდა უგულავას, რაშიც ბოკერიამ დასდო ბრალი", - წერს გამოცემა.

„ნაციონალური მოძრაობის" პრესცენტრის უფროსი, გიორგი პატარაია ამბობს, რომ პარტიის ოფისში ლიდერებს შორის დაპირისპირება არ მომხდარა. „არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა პარტიის შიგნით და არც არავის არავინ უცემია. გიგი უგულავა ამჟამად ვანში იმყოფება და საარჩევნო კამპანიას აგრძელებს. რაც მითხარით უსაფუძვლო ჭორია", - განუცხადა პატარაიამ გამოცემას.