თამთა გოდუაძის ყოფილი ქმრის ინტერვიუ-„არ ვიცი, რას თვლის პირად ტრაგედიად, ძალით არავის დაუჭერია თამთა“

საბერძნეთის შოუ-ბიზნესის წევრის და ქართული „იქს ფაქტორის“  ჟიურის ერთ-ერთი წევრის, თამთა გოდუაძის ყოფილ ქმართან, ბიზნესმენ  შმაგი ხაჭვანთან  ინტერვიუს საიტი „მარაო.გე“ აქვეყნებს. გთავაზობთ საინტერესო ამონარიდს:
შმაგი ხაჭვანი: „მე და თამთა გოდუაძემ პატარა ასაკში შევქმენით ოჯახი, ის 14 წლის იყო, მე კი 16-ის. ჩვეულებრივად გავიცანით ერთმანეთი. დაახლოებით 6 თვე ვიყავით შეყვარებულები და მერე გავიპარეთ. 6 წელი ვიყავით ერთად. როცა გავიზარდეთ, მივხვდით, რომ ის სიყვარული არ ყოფილა სიყვარული, რასაც ოჯახი ჰქვია და დავშორდით. მან თავისი გზით გააგრძელა ცხოვრება, მე ჩემი გზით. იმაზე მწყდებოდა გული, რომ შვილთან არ მქონდა მამაშვილური ურთიერთობა, ტელეფონით და სხვადასხვა საშუალებით ვკონტაქტობდით. ზაფხულობით, როცა თბილისში ჩამოდის, 2–3 კვირით ჩემთან არის. წელს დაამთავრა სკოლა, ჯერ გამოცდებს აბარებს და ამ ზაფხულსაც ველოდები.

უკვე ისეთ დონეზე ვიყავით, ურთიერთობის გადარჩენას აზრი არ ჰქონდა. ადამიანთან ყოფნა და ურთიერთობა როცა არ გინდა, უნდა დაამთავრო. ვერც ბავშვმა უშველა ამ ურთიერთობას.
– თამთა ამბობს, რომ საბერძნეთში პირად დრამას გაექცა...

– არ ვიცი, რას თვლის პირად ტრაგედიად, ძალით არავის დაუჭერია თამთა. მისთვის არაფერი დამიძალებია და არასდროს მითქვამს, ან ეს გააკეთე და ან ის გააკეთე-მეთქი. არც ხელით შევხებივარ და არც შეურაცხყოფა მიმიყენებია. ადამიანური ოჯახი გვქონდა.
– უკვე რამდენიმე თვეა, თამთა თბილისშია. არ შეხვედრიხართ მას?

– მაგის ნახვა პრობლემა არც აქ არის და არც საბერძნეთში, მაგრამ სურვილი არ მაქვს. თუ შემხვდა, როგორც ჩემი შვილის დედას, ადამიანურად დაველაპარაკები. მე ჩემი ოჯახი, ჩემი ბარდღუნია მყავს და უბედნიერესი ადამიანი ვარ. ვცდილობ და-ძმას არ დავაკარგინო ერთმანეთი და დაძმურად იცხოვრონ. შვილის გარდა, არაფერი მაკავშირებს თამთასთან და ალბათ, არც არაფერი მოხდება ისეთი, რაც დაგვაკავშირებს. ძალიან მაგარი ოჯახი მყავს, პატარა ვაჟი საბა ხაჭვანი და მეუღლე ხატია სიყმაშვილი, რომელიც ძალიან მიყვარს. იმით ვარ ბედნიერი, რომ ჩემს შვილებს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა აქვთ და უყვართ ერთმანეთი. ღმერთმა არაფერი დააჭირვოს თამთას, მაგრამ თუ ოდესმე დავჭირდები, როგორც ჩემი შვილის დედას, გვერდით დავუდგები.“


შმაგიმ და თამთამ ოჯახი მცირე ასაკში შექმნეს. მაშინ თამთა 14 წლის იყო, შმაგი-16 წლის.  6 წლის შემდეგ დაშორდნენ. თამთას და შმაგის საერთო ქალიშვილი, 18 წლის ანი ხაჭვანი ჰყავთ.