ზაფხულის დადგომასა და ტემპერატურის მატებასთან ერთად აქტუალური ხდება თბილისში ტრანსპორტით გადაადგილების პრობლემა. იზრდება მგზავრების პრეტენზიები ყვითელი სამარშრუტო ტაქსების მიმართ.მომხმარებლები გადატვირთულ ტრანსორტსა და იქ არსებულ გაუსაძლის სიცხეზე საუბრობენ.
„ყოველდღე მიწევს 135 სამარშრუტო ხაზით მგზავრობა, რაც ნერვების ფასად მიჯდება.თითქმის არასოდეს, არცერთ მძღოლს არ აქვს ჩართული კონდიციონერი, თუ ჩხუბით აიკლებშეიძლება ჩაგირთოს, ოღონდ ცხელი ჰაერი. დამცინავი და შეურაცხმყოფელია ეს ყველაფერი.აღარაფერს ვამბობ მგზავრთა დიდ რაოდენობაზე, რომელიც წლებია ვერ მოგვარდა.მძღოლები თავს იმით იმართლებენ, რომ გეგმა აქვთ შესასრულებელი და მგზავრები რომფეხზე არ დააყენონ წაგებაში იქნებიან. რამდენიმე მძღოლმა საუბარში ისიც განაცხადა, რომ700-800 ლარის ფიქსირებული ხელფასი რომ ჰქონდეთ, ასეთი მდგომარეობა არ იქნება“,- ამბობს „კომერსანტის“ ერთ-ერთი მომხმარებელი.
აქამდე „თბილისის მიკროავტობუსებში“ აცხადებდნენ, რომ კონდენციონერის მოხმარებისთვის კონკრეტული თარიღი არ არსებობს და ის საჭიროებისამებრ უნდა ჩართოს მძღოლმა, თუმცა, როგორც ჩანს, კომპანიამ თარიღის დაწესების აუცილებლობა იგრძნო და მძღოლებს კონდენციონერის ჩართვის ვალდებულება დააკისრა.
კომპანიაში აცხადებენ, რომ ხვალიდან, 15 ივლისიდან, მძღოლები ვალდებულები არიან კონდენციონერი ჩართონ. რაც შეეხება ზედმეტ ხარჯებს, რომელიც გაგრილების რეჟიმის მოხმარებასთანაა დაკავშირებული, კომპანიაში განმარტავენ, რომ მძღოლებს ზაფხულობითგადასახადი უმცირდებათ, რათა დაზოგილი თანხით საწვავის გაზრდილი ხარჯი დაფარონ. კონდენციონერის გამართულად მუშაობის ვალდებულებაც მძღოლს ეკისრება, კომპანია კი ვალდებულების სრულყოფილად შესრულებისთვის მათ კონტროლს უწევს.
„თბილისის მიკროავტობუსებში“ აცხადებენ, რომ შემოწმება პერმანენტულად მიმდინარეობს, როგორც ცხელი ხაზიდან შესული ინფორმაციის საფუძველზე, ისე გეგმიურად. დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში კი თავდაპირველად მძღოლს გაფრთხილება ეძლევა, შემდეგ კი ჯარიმა ეკისრება.
ცხელი ხაზის გაუმართავად მუშაობაზე ამახვილებს ყურადღებას მაშო ბოჭორიშვილი, რომელსაც მგზავრობა ყოველდღიურად დაახლოებით 09:00 საათზე უწევს. ბოჭორიშვილის თქმით, ძირითადად 200 და 2 ნომერ სამარშრუტო ტაქსს იყენებს. ყვითელ მიკროავტობუსში ადგილების არარსებობის გამო ხშირად ტრანსპორტში ასვლას ვერ ახერხებს, ასვლის შემთხვევაში კი დასადგომ ადგილსაც ძნელად პოულობს. მაშო ბოჭორიშვილის თქმით, უკვე დიდი ხანია ცხელ ხაზზე დაკავშირებას ვერ ახერხებს, რომ თავისი პრეტეზიები დააფიქსიროს.
„მაშინ, როდესაც პირველად შეიქმნა ცხელი ხაზი, რამდენჯერმე დავრეკე და დავაფიქსირე ჩემი პოზიცია, ბოლო თვეებია კი უშედეგოდ ვრეკავ. ზარი უბრალოდ არ გადის. აუცილებელია, დილის და საღამოს საათებში, როდესაც ასე გადატვირთულია ტრანსპორტი, დაამატონ მანქანები“,- ამბობს ბოჭორიშვილი.
ცხელ ხაზზე პრობლემებს არ ადასტურებენ „თბილისის მიკროავტობუსებში“. მათი განცხადებით, ხაზი (2 200 340; 2 970 970) ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით სამუშაო საათებში მუშაობს და იმ შემთხვევაში თუ აბონენტი დაკავშირებას ვერ ახერხებს, შესაძლებელია კომპანიას წერილობით მიმართოს(ქ. თბილისი, წინამძღვრიშვილის ქ. #160, 4 სართული).
რაც შეეხება მიკროავტობუსების ნაკლებობას, კომპანიაში აცხადებენ, რომ მსგავსი პრობლემა არ შეინიშნება, რადგანაც კომპანიას დამატებით 200 სარეზერვო მიკროავტობუსი ჰყავს.
„ნაწილობრივ გადატვირთულობას კი პიკის საათებში ქალაქში შექმნილი საცობები იწვევს“,- აცხადებენ კომპანიაში და განმარტავენ, რომ მიკროავტობუსები 21 ადამიანისთვის არის გათვლილი და მაქსიმუმ 5 ადამიანის ფეხზე დგომაა დაშვებული.