"ასოცირების ხელშეკრულებას მიშას ფაქსიმილია დაარტყით" - "ნაციონალები" პრემიერსა და პრეზიდენტს აქილიკებენ


უფლებამოსილებაშეჩერებული მერი გიგი უგულავა მოქმედ პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს დასცინის. უგულავა "ფეისბუქის" პირად გვერდზე მარგველაშვილსა და ღარიბაშვილს ურჩევს, ასოცირების ხელშეკრულებას სააკაშვილის ფაქსიმილია დაარტყან და კინკლაობას ამით დაუსვან წერტილი.

"უკვე ორი კვირაა მთავრობა და პრეზიდენტი ჩაბმულია დავაში თუ ვინ მოაწერს ხელს ასოცირების ხელშეკრულებას. დაობენ აპარატები, ექსპერტები და არასამთავრობოები. იმას აღარ ვიტყვი, რომ ეს სირცხვილია. ამას ალბათ ყველა ხვდება. ამიტომ, პირდაპირ საქმეზე, მაქვს წინადადება: დაარტყით მიშას ფაქსიმილია", - წერს უგულავა.


იმავე თემას ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთი ლიდერი ეკა ხერხეულიძე.

"სრულიად სამარცხვინო უსაქციელობა დაემართა ხელისუფლებას.დღემდე ვერ გაურკვევიათ ვინ მოაწერს ხელს ასოცირების ხელშეკრულებას და ეს დაემართათ მხოლოდ ერთი მთავარი მიზეზის გამო -მონაპოვარი,რომლის წინაშეც დგას დღეს ჩვენი ქვეყანა, არცერთი მათგანის დამსახურება არ არის.
ამ მოკინკლავე ბიჭებს ვერცკი წარმოუდგენიათ რამხელა შრომაა ჩადებული იმ ამოცანის გადასაჭრელად , რომლის შედეგიც მემკვიდრეობით ერგოთ ლანგარზე", - წერს ხერხეულიძე სოციალურ ქსელში.

თემა უკომენტაროდ არ დაუტოვებია საპარლამენტო უმცირესობის წევრ გოგა ხაჩიძეს. ხაჩიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე რამდენიმე პოსტს აქვეყნებს.

"მოცემულობა ასეთია:
გვყავს საქართველოს მოსახლეობის მიერ პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი და ბიძინა ივანიშვილის მიერ დანიშნული პრემიერ-მინისტრი.
საქართველოს კონსტიტუციის 69-ე მუხლის პირველი და მესამე პუნქტების, 73-ე მუხლის პირველი - ა ქვეპუნქტის მიხედვით საერთაშორისო ხელშეკრულებებ ხელს აწერს საქართველოს პრეზიდენტი და წარმოადგენს ქვეყანას საერთაშორისო ურთიერთობებში.

დანარჩენი თქვენ დაასკვენით".

"მივმართავ ევროკავშირის ხელმძღვანელობას!

იმის გამო, რომ ჩვენს ქვეყანაში, ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერასთან დაკავშირებით, არასტანდარტული სიტუაცია შეიქმნა;
იმის გამო, რომ გვყავს უსაზღვროდ ამბიციური პრემიერ-მინისტრი ჰაკიმ ფაშა და ასევე უსაზღვროდ "რანიმი" პრეზიდენტი - მარგველაშვილი, გთხოვთ დაუშვათ გამონაკლისი და ხელმოწერის ნაცვლად ხელ-ფეხმოწერის, ან ორი ხელით ხელმოწერის უფლება მოგვცეთ.
იმედს ვიტოვებთ, აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად თქვენთვის უპრეცენდენტო მოქნილობას გამოიჩენთ, შანს მისცემთ ჩვენი ქვეყნის მმართველებს რაღაცნაირად გადაინაწილონ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ მიღწეული წარმატება და დაიკმაყოფილონ განსხვავებული ამბიციები.

გმადლობთ".

"ცოტა ხნის წინ, 

ღარიბაშვილმა (ჰაკიმ ფაშა) განაცხადა, რომ ასოცირების ხელშეკრულება ხელს მოაწერს "საქართველო".
დღეს, იგივე ღარიბაშვილმა (ჰაკიმ ფაშა) განაცხადა, რომ ხელშეკრულებას ის მოაწერს ხელს.
გაიცანით, ეს "საქართველოა"".

როგორც რამდენიმე დღის წინ სასტუმრო "რედისონში" გამართულ შეხვედრაზე პრემიერმა განაცხადა, ძალიან ბევრი მითქმა-მოთქმა მოჰყვა იმას, თუ ვინ უნდა მოაწეროს ხელი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას.

"ჩვენ ვიმსჯელეთ ამ საკითხზე და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ასოცირების ხელშეკრულებას ხელს მოაწერს პრემიერ-მინისტრი, ანუ მე", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კითხვაზე, იყო თუ არა მსჯელობა ამ საკითხზე პრეზიდენტთან, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტთან მსჯელობა არ ყოფილა, ამ საკითხზე მთავრობამ და გუნდმა იმსჯელეს.

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით კი, მისთვის მთავარია ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა და არა ის, თუ ვინ იქნება ხელმომწერი.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, ასოცირების ხელშეკრულების პირობათა დანერგვაში ჩართულია აღმასრულებელი ხელისუფლებაც, მნიშვნელოვანწილად პარლამენტიც, იმიტომ რომ ბევრი კანონია მისაღები. აქედან გამომდინარე, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ უპრიანი იქნება ხელშეკრულებას ხელი მოაწეროს სახელმწიფოს მეთაურმა, ანუ პრეზიდენტმა.


წყარო/ http://www.ambebi.ge/